ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორელი ვაჟა მარგველაშვილის პირველი ვერცხლი ტოკიოდან!


ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა
ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა

გორელმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა საქართველოს ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა! 27 წლის ძიუდოისტს 66 კგ წონით კატეგორიაში, კარიერაში საუკეთესო დღე ჰქონდა.

სტარტზევე ვაჟამ უხერხულ მეტოქეს, რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ იაკუბ შამილოვს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში ებრაელი ბარუხ შმაილოვი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში მსოფლიო ჩემპიონ კორეელ ბაულ ანის ბოლო წამებზე ასევე ვაზარით აჯობა.

ფინალი: მარგველაშვილი-აბე
ფინალი: მარგველაშვილი-აბე

ფინალში ქართველს, ამ წონის უდავო ფავორიტი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 23 წლის იაპონელი ჰიფუმი აბე ელოდა, რომელმაც ოლიმპიადაზე უმაღლესი კლასი აჩვენა. მარველაშვილი ბევრს ეცადა, თუმცა აბე კლასით ქართველსაც აღემატებოდა, იაპონელმა თავიდანვე ვაზარი აიღო, შემდეგ თავდაცვაზე გადავიდა და ფინალი გამარჯვებამდე მიიყვანა.

"აქამდე მედალი არ გვქონია და აქედან გამომდინარე ვართ გახარებულები, თუმცა თან გულდაწყვეტილებიც ვართ, რადგან ოქროს მედლისთვის ვიბრძოდით"
ლაშა გუჯეჯიანი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი


მარგველაშვილმა უმნიშვნელოვანესი მედალი მოიპოვა, როგორც ძიუდოსთვის, ასევე ქართული დელეგაციისთვის და ოლიმპიური გუნდისთვის.

აქამდე მედალი არ გვქონია და აქედან გამომდინარე ვართ გახარებულები, თუმცა თან გულდაწყვეტილებიც ვართ, რადგან ოქროს მედლისთვის ვიბრძოდით, მაგრამ აბე ძალიან ძლიერი კონკურენტი იყო" აღნიშნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯინმა.

ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი ჰიფუმი აბე
ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი ჰიფუმი აბე

ეს იყო სასწაული დღე აბეს ოჯახისთვის, რადგან ჰიფუმი აბემდე ცოტა ხნით ადრე, ოლიმპიური ჩემპიონი, 52 კგ წონით კატეგორიაში მისი და უტა აბეc გახდა.

ასეთი რამ ოლიმპიური თამაშების 125 წლის ისტორიაში პირველად მოხდა. უტა ფინალური მატჩის მიმდინარეობისას ჰიფუმის აქტიურად გულშემატკივრობდა. საბოლოოდ, ტოკიოს ბუდოკანის დარბაზში იაპონიის ჰიმნი ორჯერ დაუკრეს და მთავარ კვარცხლბეკზე, და-ძმა უტა და ჰიფუმი აბე ავიდნენ.

ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი უტა აბე
ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი უტა აბე

ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლი ქართველი სპორტსმენების მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული 126-ე მედალია, აქედან 20 მედალი სწორედ ძიუდოისტების ანგარიშზეა. შოთა ჩოჩიშვილმა 1972 წელს, მიუნხენში, ოქრო და 1976 წელს, მონრელაში, ბრინჯაო მოიპოვა; იგივე შედეგი გაიმეორა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც ოქრო 2012 წელს ლონდონში, ბრინჯაო კი 2016 წელს რიოში მოიპოვა. ლაშა ტოკიოში ხვალ გამოვა.

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონები ასევე არიან: შოთა ხაბარელი, დავით ხახალეიშვილი, ზურაბ ზვიადაური და ირაკლი ცირეკიძე. ოლიმპიურ ვერცხლს ფლობენ: თემურ ხუბულური, რამაზ ხარშილაძე, ნესტორ ხერგიანი და ვარლამ ლიპარტელიანი, ტოკიოში ისიც იასპარეზებს.

ბრინჯაოს მედლები კი ფარნაოზ ჩიკვილაძემ, ანზორ კიკნაძემ, გივი ონაშვილმა, გიორგი თენაძემ, სოსო ლიპარტელიანმა, ამირან ტოტიკაშვილმა და გიორგი ვაზაგაშვილმა მოიპოვეს.

ნინო სალუქვაძე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შევიდა
ნინო სალუქვაძე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შევიდა

მანამდე, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი შევიდა. 52 წლის ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, მართალია კვალიფიკაცია ვერ დაძლია, თუმცა პირველი ქალი გახდა, რომელმაც ზედიზედ მეცხრე ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.

დღეს წარუმატებელი გამოდგა ძიუდოში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანის დებიუტი, მან თავიდან ჰაიტელ ანესტორს ადვილად მოუგო, თუმცა შემდეგ მომავალ ფინალისტთან, ფრანგ ვარსკვლავთან ამანდა ბუშართან უშანსოდ წააგო, ტრავმა მიიღო და ტატამი ატირებულმა დატოვა.

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ოლიმპიადას გამოეთიშა
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ოლიმპიადას გამოეთიშა

ძალიან სუსტად გამოვიდა 61 კგ წონით კატეგორიაში ძალოსანი შოთა მიშველიძე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. შოთამ რამდენიმე ცდა გააფუჭა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა. 67 კგ წონით კატეგორიაში, ჩვენმა მეორე ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ B ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა მედლის მოსაპოვებლად, არც ეს შედეგი აღმოჩნდა საკმარისი.

შოთა მიშველიძემ იმედები ვერ გაამართლა
შოთა მიშველიძემ იმედები ვერ გაამართლა

26 ივლისს, ტოკიოში გამოსვლას ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იწყებს, იგი 73 კგ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი ფავორიტია. 57 კგ წონაში კი ქართველი ძიუდოისტი ქალის ეთერ ლიპარტელიანის ოლიმპიური დებიუტი შედგება.

მეორე რაუნდის მატჩს ჩაატარებს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მეტოქეც იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება. კრივის 1/16 ფინალში კი ორი ქართველი გამოვა: საჰილ ალაჰვერდოვი და გიორგი ხარაბაძე.

ძალოსანი გოგა ჩხეიძე
ძალოსანი გოგა ჩხეიძე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG