ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

EU სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.

"ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კლაარი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, სამმხრივ მოლაპარაკებებს დიდი პოტენციალი აქვს.

"საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა გზითა და ფორმით გამოხატა ინტერესი, რომ ჩართულიყო ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის შესასწავლად, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება", - ამბობს კლაარი და განმარტავს, რომ სჯერა, საქართველოს შესაძლებლობის, შეუწყოს [მეზობლებს] ხელი ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება.

"ასევე მჯერა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს კლაარი.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იმ რისკებსა და გავლენებზეც საუბრობს, რომელიც საქართველოს მეზობელ სომხეთსა აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის გამო ექმნება.

"ყარაბაღის კონფლიქტს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს საქართველოზე. ის ფაქტი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება, ურთიერთობების ნორმალიზება, კომუნიკაციებისთვის მზაობა და თავისუფალი ვაჭრობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ არ არსებობს, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ქვეყანა ეკონომიკურ შესაძლებლობებს კარგავს. ამ კონფლიქტის გამო, სამივე ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის საქართველოც", - განმარტავს დიპლომატი.

კლაარის თქმით, საქართველოს, აზერბიჯანსა და სომხეთს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მშვიდობა რეგიონში მომგებიანი იქნება ყველასთვის: "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარება, საზღვრების გახსნა, კომუნიკაციების აღდგენა და სავაჭრო ურთიერთობების თავიდან დამყარება მომგებიანი იქნება სამივე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ასე რომ [ყარაბაღის] კონფლიქტის არსებობა ნეგატიურად აისახება საქართველოზე, ხოლო მისი მოგვარება საქართველოსთვის პოზიტიურ გავლენას მოახდენს", - განმარტავს ევროპელი დიპლომატი.

ტოივო კლაართან ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას "ამერიკის ხმა" უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ვებ და სოციალური მედიის პლატფორმებზე.

XS
SM
MD
LG