ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მესამე დღეა ეძებენ მომცრო წყალქვეშა ნავს, რომელზეც 5 ადამიანი იყო


უკვე მესამე დღეა გრძელდება სამაშველო სამუშაოები მცირე ზომის წყალქვეშა აპარატის საპოვნელად, რომელმაც ტურისტები ატლანტის ოკეანეში ჩაძირული "ტიტანიკის" ნარჩენების სანახავად ჩაიყვანა. კანადასთან ერთად, სამაშველო სამუშაოებში შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები მონაწილეობენ.

გემი Polar Prince კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანაპიროდან კვირას გავიდა. ნაპირიდან დაახლოებით 640 კილომეტრის დაშორებით, მომცრო წყალქვეშა ნავით "ტიტანი", კაპიტანი და ექსპედიციის 4 მონაწილე ჩაძირულ "ტიტანიკთან" 3.2 კილომეტრის სიღრმეზე უნდა ჩასულიყვნენ.

ამერიკის სანაპირო დაცვამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ გემმა კონტაქტი წყალქვეშა ნავთან კვირას, ჩაყვინთვიდან დაახლოებით 45 წუთში დაკარგა. ნავს წყალქვეშ შეუძლია 96 საათი დარჩეს, თუმცა ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია, ამოვიდნენ ისინი წყლის ზედაპირზე და შემდეგ დაკარგეს კონტაქტი, თუ ჯერ კიდევ წყალქვეშ არიან.

ტურების ოპერატორი კომპანია OceanGate Expeditions ექსპედიციის მონაწილეთა ვინაობას არ ამხელს, თუმცა სოციალური ქსელებიდან და სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ წყალქვეშა ნავზე იმყოფებიან: ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი; პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავორდი თავის შვილ სულემანთან ერთად; 77 წლის ფრანგი მოგზაური და მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგოლეტი და სტოქტონ რაში - თავად ექსპედიციის ოპერატორი კომპანიის დამფუძნებელი და უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდესი ბრიტანული სამგზავრო ხომალდი სახელად „ტიტანიკი“, 1912 წლის 15 აპრილს, აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. ხომალდმა კატასტროფა პირველივე ტრანსატლანტიკურ კრუისზე განიცადა, როცა ის დიდი ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. მასზე მყოფი 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG