ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტიტანიკთან" დაკარგული წყალქვეშა ნავის ძებნა გრძელდება


ჩაძირული "ტიტანიკის" სანახავად, ტურისტულ ექსპედიციაზე მყოფი წყალქვეშა ნავის ძებნა გრძელდება. ის კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანაპიროდან გავიდა, აცხადებს კერძო კომპანია, რომელიც ტურების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.

მოკლე განცხადებაში OceanGate Expeditions ამბობს, რომ "მობილიზებულია ყველა საშუალება", რათა წყალქვეშა ნავზე მყოფები გადაარჩინონ. განცხადება კომპანიამ 19 ივნისს გააკეთა. კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით, მედიის თხოვნას შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა ამ დრომდე არ პასუხობს. ამერიკულ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანადის ნაპირთან მიმდინარე საძიებო ოპერაციებში ამერიკული მხარეც არის ჩართული.

კომპანია OceanGate Expeditions-ს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება წყალქვეშა ნავზე. თუმცა, მათი ვებგვერდის თანახმად, ექსპედიციაზე, რომელიც მსურველებს "ტიტანიკის" ნარჩენების დათვალიერებას სთავაზობს, ნავზე ხუთამდე ტურისტი თავსდება.

ბრიტანელი მილიარდერის ჰემიშ ჰარდინგის ოჯახმა თქვა, რომ ის ბორტზე იმყოფება. მისმა შვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ჰარდინგი წყალქვეშა ნავზე იყო და მკითხველებს მისთვის ლოცვა სთხოვა, მაგრამ მოგვიანებით მან საკუთარი დაწერილი განცხადება წაშალა. თავად ჰარდინგმაც დაწერა წინა დღით "ფეისბუქზე", რომ წყალქვეშა ექსპედიციაში მიდიოდა და მას შემდეგ არაფერი გამოუქვეყნებია.

"ღრმად მადლიერნი ვართ იმ ფართო დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ ბევრი სამთავრობო სააგენტოსგან და ღრმა წყლების კომპანიებისგან, წყალქვეშა ნავთან კონტაქტის განახლების მცდელობაში", - აცხადებს კომპანია OceanGate Expeditions. მათ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს წელს მისი მე-5 ტური იყო.

ექსპედიციის საფასური თითო ადამიანზე 250 000 დოლარია. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ტური სენტ-ჯონსიდან იწყება, რომელიც ნიუფაუნდლენდში მდებარეობს. მგზავრები გემით გაჰყავთ ატლანტის ოკეანეში, ნაპირიდან დაახლოებით 640 კილომეტრის დაშორებით. შემდეგ ისინი წყალქვეშა ნავით "ტიტანი" ჩადიან ჩაძირულ "ტიტანიკთან", რასაც დაახლოებით 2 საათი ესაჭიროება. "ტიტანიკის" ნარჩენები ოკეანის ფსკერზე, 3.2 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს. ხომალდის ნარჩენების დათვალიერების შემდეგ, ტურისტები უკან ბრუნდებიან.

იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდესი ბრიტანული სამგზავრო ხომალდი სახელად „ტიტანიკი“, 1912 წლის 15 აპრილს, აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. ხომალდმა კატასტროფა პირველივე ტრანსატლანტიკურ კრუისზე განიცადა, როცა ის დიდი ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. მასზე მყოფი 1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG