ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალქვეშა აპარატი "კატასტროფული შეკუმშვით" განადგურდა და ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა


დიდი სიღრმისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატი, რომლის ბორტზეც ხუთი ადამიანი საუკუნის წინ ჩაძირული „ტიტანიკის“ ნაშთებისკენ ეშვებოდა, „კატასტროფული შეკუმშვის“ შედეგად ნაწილებად დაიმსხვრა და აპარატში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ხუთდღიანი მრავალეროვნული საძიებო-სამაშველო სამუშაოები ასეთი განცხადებით დაასრულა.

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოუგერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხუთშაბათ დილით, კანადური ხომალდიდან ჩაშვებულმა წყალქვეშა რობოტმა ზღვის ფსკერზე, ჩაძირული „ტიტანიკის“ ქიმიდან დაახლოებით 488 მეტრის მოშორებით, წყლის ზედაპირიდან 4 კილომეტრ სიღრმეში, წყალქვეშა აპარატ „ტიტანის“ ნამსხვრევები აღმოაჩინა.

„ტიტანი“, რომელიც ამერიკულ კომპანია OceanGate Expeditions ეკუთვნოდა, კვირა დილის შემდეგ დაკარგული იყო. წყალქვეშა აპარატთან კავშირი, ზედაპირიდან ხომალდის ჩაშვების შემდეგ 1 საათსა და 45 წუთში შეწყდა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩაძირული გემისკენ დაშვება 2 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

სანაპირო დაცვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ 6.7 მეტრიანი „ტიტანის“ ხუთი დიდი ნაწილი, მათ შორის აპარატის კიჩოს კონუსი და კორპუსის ორი სექცია, მისი მსხვრევის ადგილიდან მარცხნივ აღმოჩნდა. ადამიანების ნეშტების დანახვის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ითქვა.

სანაპირო დაცვის პრეს-კონფერენციამდე, OceanGate-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ტიტანზე“ მყოფი ხუთი ადამიანიდან, მათ შორის კომპანიის დამფუძნებლის და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, სტოქტონ რაშის ჩათვლით, რომელიც აპარატს მართავდა, ვერავინ გადარჩა.

აპარატში კაპიტანთან ერთად, ოთხი ტურისტი იმყოფებოდა. 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანში დაბადებული ბიზნესმენი შაჰზადა დევუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულემანი - ორივე ბრიტანეთის მოქალაქე - და ფრანგი ოკეანოგრაფი და „ტიტანიკის“ ცნობილი ექსპერტი, 77 წლის პოლ-ჰენრი ნაჟოლე, რომელიც „ტიტანიკთან“ არაერთხელ დაშვებულა.

ხუთშაბათს, ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა და წყალქვეშა აპარატების შემქმნელმა ჯეიმს კამერონმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ წყალქვეშა აპარატ „ტიტანის“ თაობაზე მან განგაში ადრევე არ ატეხა, რადგან მისი კორპუსის დიზაინი სარისკოდ მიაჩნდა. როდესაც მან გაიგო, რომ OceanGate ღრმა წყლის აპარატის კორპუსს ამზადებდა ნახშირბად-ბოჭკოვანი კომპოზიტური მასალით და ტიტანით, კამერონი სკეპტიკურად განეწყო, თუმცა კრიტიკისგან თავი შეიკავა.

„ვფიქრობდი, რომ ეს საშინელი იდეა იყო. ვისურვებდი ამაზე ხმა ამომეღო, მაგრამ ჩავთვალე, რომ ვიღაც ჩემზე ჭკვიანი იყო, რადგან იმ ტექნოლოგიით ექსპერიმენტები არასოდეს ჩამიტარებია, თუმცა ეს თავისთავად ცუდად გამოიყურებოდა,“ უთხრა კამერონმა სააგენტო „როიტერს“.

XS
SM
MD
LG