ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თინათინ ხიდაშელმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო


თავდაცვის მინისტრი ვიზიტის პირველ დღეს სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში გამართულ საჯარო შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის პირველი დღე ვაშინგტონში გამართული საჯარო შეხვედრით დაასრულა. სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში მოწყობილი დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობა, ვარშავის სამიტის მოლოდინი და ნატო-ს შემდგომი გაფართოების საკითხები იყო.

შეხვედრა ჰეზერ კონლიმ გახსნა. ის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის პროგრამების დირექტორია. თინათინ ხიდაშელმა ხალხმრავალ აუდიტორიას საქართველოში დანერგილი რეფორმები გააცნო. კერძოდ, ისაუბრა სამართლებრივ სფეროში და ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე. სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში იმსჯელეს შავი ზღვის უსაფრთხოებისადმი გაზრდილ ინტერესზე, ამერიკა-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე, რუსეთთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და რამდენიმე სხვა მიმდინარე აქტუალურ თემაზე.

ამერიკის დედაქალაქში თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს ხუთშაბათის ჩათვლით გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების ოფიციალური წრეების წარმომადგენლებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს ხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან, სენატორებთან და ადგილობრივი აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG