ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხიდაშელი: ვარშავის სამიტის დეკლარაციის ენა ერთობლივად იქნება შეჯერებული


თინათინ ხიდაშელი, ვაშინგტონი, 19 აგვისტო, 2015
თინათინ ხიდაშელი, ვაშინგტონი, 19 აგვისტო, 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ში პირველ ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ოთხშაბათს, სამუშაო დღე მინისტრმა რამდენიმე კვლევით ორგანიზაციაში გაატარა, მათ შორის იმყოფებოდა მაკეინის ინსტიტუტში, მოინახულა ჰალიფაქსის ფორუმი, გამართა შეხვედრა გერმანიის მარშალის ფონდში და წაიკითხა საჯარო მოხსენება ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში. მოხსენების თემა ვიზიტის მიზნები და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში მიმდინარე ურთიერთობები იყო.

მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მინისტრმა ხიდაშელმა სამაუწყებლო კომპანია “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის ჟურნალისტ ნანა საჯაიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

ნატოს ცენტრი სასწავლო დანიშნულების იქნება, რომელიც მომავალში რეგიონულ ფუნქციას შეიძენს.
თინათინ ხიდაშელი

მინისტრმა ისაუბრა საქართველოში, ნატოს დაგეგმილი ცენტრის შესახებ და განაცხადა, რომ ცენტრი სასწავლო დანიშნულების იქნება, რომელიც მომავალში რეგიონულ ფუნქციას შეიძენს, და ლოჯისტიკის, ისევე როგორც კვალიფიკაციის მხრივ გაუთანაბრდება ნატოს სასწავლო ცენტრებს, მაგალითად გერმანიაში, სადაც ქართველი მებრძოლები ავღანეთში დისლოცირებამდე ემზადებიან.

ქართველმა ლიდერმა ხაზი გაუსვა რომ აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში მას ფუნდამენტურად არ განუხილავს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” საფრთხე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები აშშ-სა და საქართველოს შორის უკვე გაცვლილია და რომ დღეს ოფიციალური თბილისი კოალიციური პარტნიორობის რეჟიმში მოქმედებს ამ საფრთხის წინააღმდეგ, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები უფრო საერთაშორისო და ნაკლებად ორმხრივ ფორმატში ხორციელდება.

რაც შეეხება საქართველოსთვის 20 მილიონიანი დახმარების პაკეტის გადაცემას, მინისტრმა თქვა, რომ ეს არის პრეზიდენტ ობამას მიერ გამოცემული “ევროპელი პარტნიორების დარწმუნების ინიციატივის" ნაწილი ( დამტკიცდა 2014 წელს-ამერიკის ხმა), რომლის პრიორიტეტები, საქართველოს დახმარებასთან მიმართებაში, დამტკიცებულია, თუმცა რა მიმართულებებზე დაიხარჯება ფული-ჯერ უცნობი-თქვა მან.

კითხვაზე, უნდა იბრძოდნენ თუ არა ქართველები უკრაინაში მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა იბრძვის იქ ან იცავს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლისთვისაც ცხოვრობს, და რომ მისი გადასაწყვეტი არ არის ვინ სად უნდა იმსაუხროს ან იბრძოლოს, ეს ზრდასრულმა ადამიანებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუმცა მას აქვს მარტივი პასუხი და აცხადებს, რომ ყველა ქართველი სამხედრო, რომელიც უკრაინაში დაიღუპება, დაიკრძალება სამხედრო პატივით საქართველოში-თუ ამაზე თანხმობას გამოაცხადებს გარდაცვლილის ოჯახი.

ვიზიტის ერთერთი მთავარი დანიშნულება ნატოში გაწევრიანების გზაზე მისაღები დახმარება იყო. ამ მიმართულებით მინისტრმა თავისი ვიზიტი ასე შეაჯამა: “ვაშინგტონში ბევრი ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ვარშავის [სამიტი] იყოს წარმატებული, როგორც ნატოს წევრების, ისე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობისთვის. პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებული იქნება დეკლარაციისთვის. კიდევ ერთხელ, რა სახელი დაერქმევა, რა ფორმას შეიძენს და რა სათაური ექნება ამ პროცესს იქნება შეჯერებული დიალოგის და მოლაპარაკების საკითხი."

XS
SM
MD
LG