ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არაწრფივად ვითარდება. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთს იმედი გაუჩნდა, რომ რუსეთი მისი საერთო სივრცის ნაწილი გახდებოდა, ეს მოსაზრება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად მალევე მიეცა დავიწყებას. ამერიკის პრეზიდენტების ცვლილებასთან ერთად, თითოეული მათგანი ცდილობდა მოსკოვთან ახალი მიდგომის შემუშავებას. ობამას ადმინისტრაციამ „გადატვირთვით“ დაიწყო, თუმცა მერვე წლის თავზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცივი ომის დროინდელ ნიშნულზე დავიდა. ამერიკის ახალ პრეზიდენტს საგარეო ზეწოლისა და რუსეთთან მისი საარჩევნო გუნდის კავშირების გამოძიების ფონზე, რუსეთთან ურთიერთობების „განახლება“ ჯერ არ უცდია. დღეს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ვაშინგტონში ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია შეიმუშაონ. თუმცა, ამერიკის დედაქალაქში ამ საკითხის განხილვისას მხარეები ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან.

„ობამას ადმინისტრაციის დრო ჩვენ ვნახეთ, რომ თანამშრომლობა არანაირ მიზანს არ ემსახურებოდა... რუსეთმა თავად გადაწყვიტა, რომ ჩვენ მათი მტერი ვართ. [პუტინი] არის ლიდერი, რომელსაც სჭირდება, რომ დასავლეთი მას ემტერებოდეს. შესაძლოა რუსეთს აქვს გარკვეული საფუძვლები, რომლებიც მის შეშფოთებას იწვევს, თუმცა ლეგიტიმური გზით მათი მოგვარების ნაცვლად ის მეზობელ ქვეყნებში იჭრება“, - აცხადებს ეველინ ფარკასი, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.

როგორ უნდა უპასუხოს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ იმ გამოწვევებს, რომელიც პუტინთან განმკლავებას უკავშირდება? მაკკეინის ინსტიტუტში დებატები გაიმართა, რომლის ერთი მხარეს, მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი მკლევარი, დევიდ კრემერი და ობამას ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ეველინ ფარკასი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკის შემუშავებას ემხრობოდნენ, ხოლო მეორე მხარეს კისინჯერის ასოციაციის დირექტორი ტომ გრამი და კენანის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მეთ როჟანსკი საუბრობდნენ რუსეთთან საერთო ენის გამონახვის საჭიროებაზე.

„ისევე როგორც ცივი ომის დროს, დღეს ჩვენ გვჭირდება შეკავების პოლიტიკა. რუსეთი ავტორიტარული კლეპტოკრატიული სახელმწიფოა... ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ რომ სანამ რუსეთი არ სცემს პატივს საერთაშორისო პრინციპებს, იქამდე ჩვენ შეკავების პოლიტიკას გავატარებთ“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა.

ფარკასს ეთანხმება დევიდ კრემერი, მისი თქმით რუსეთის საგარეო პოლიტიკა, პუტინის ხელისუფლების პირობებში საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა. თუ მისი წინამორბედი ბორის ელცინი ხანშიშესული, კომპარტიის ყოფილი ჩინოვნიკი იყო, რომელიც იშვიათად ახერხებდა ფხიზელი გამოჩენილიყო ტელეეკრანებზე და შესაძლოა ჰქონდა სურვილი თუმცა არ გააჩნდა საკმარისი რესურსი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, მისი მემკვიდრე ვლადიმირ პუტინი, ამაში წარმატებული აღმოჩნდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი ერთ-ერთ პირველი ნაბიჯი ჩეჩნეთის მოვლენების შედეგად საკუთარი პოპულარობის გაზრდა, შემდეგ ტელევიზიებზე კონტროლის მოპოვება და მთავარი ოპონენტების მოშორება იყო. ნავთობის ფასების ზრდამ, და შედეგად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ 90-იან წლებთან შედარებით მას პოპულარობა მოუტანა. ხელისუფლების კონსოლიდაციის პროცესში, ვლადიმირ პუტინი მთავრობის ოპონენტებსა და აქტივისტებს ძალადობრივი მეთოდებით უმკლავდებოდა, იქნება ეს მათი დაშინება, დაპატიმრება, მოწამვლა თუ მკვლელობა. ისეთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები როგორიცაა, "საერთაშორისო ამნისტია" განაგრძობენ მოწოდებას, რომ შეწყდეს მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების შევიწროება. თუმცა, მიუხედავად განმეორებითი მოწოდებებისა, „უცხო ქვეყნის აგენტის“, „ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ კანონების გამოყენებით თუ სხვა მეთოდებთან ერთად, რუსეთი ახერხებს ოპოზიციური აზრის ჩახშობას.

პუტინის რეჟიმის პირობებში, რუსეთი უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება. მოსკოვი საგარეო არენაზე აგრძელებს ძალის დემონსტრირებას, უკანასკნელი 3 წლის მანძილზე, რუსეთი უკრაინაში (2014 წელს) და სირიაში (2015 წელს) შეიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუს სეპარატისტებს და სირიაში ბაშარ ალ ასადის ძალებს უჭერს მხარს. ბოლო წლების მანძილზე, მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რაიონის სამხედრო ინტეგრაცია განახორციელა და განაგრძობს ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს. ეს თავგადასავლები პუტინის რეიტინგს ეხმარება. თუმცა როგორც, დევიდ კრემერი ამბობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ავანტიურას ადამიანების სიცოცხლე ეწირება და საბოლოოდ, საერთაშორისო წესრიგის თავდაყირა დაყენებას ისახავს მიზნად.

„რუსეთი არის უკრაინაში, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, ასევე მოლდოვის ტერიტორია, და არის წარმოდგენილი სირიაში. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს აბსტრაქცია არაა. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ვდგავართ იმ ხალხთან, რომელსაც სურს თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და ამისთვის იღუპებიან... ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს დე ფაქტო ვეტო ამ ხალხის და ქვეყნების სურვილზე, ეს საერთაშორისო წესრიგს თავდაყირა დააყენებს“, - დევიდ კრეიმერი.

თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, მეთ როჟანსკი, ვუდრო ვილსონის ცენტრიდან, მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის ქონდა და ექნება უფრო მეტი ინტერეს მის უშუალო სამეზობლოსთან. „რუსეთთან მუშაობა პარტნიორობას არ გულისხმობს, ის ჩვენი განსხვავებების მართვას ითვალისწინებს. რუსეთთან თანამშრომლობა არ ეფუძნება საერთო ღირებულებებს, არამედ რეალიზმს“, - ამბობს ის.

მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, მოსკოვი არ წყვეტს აგრესიულ ქმედებებს, აგრძელებს საერთაშორისო არენაზე მხარდამჭერთა კულტივაციას, ცდილობს ისარგებლოს ვაკუუმით ავღანეთში თუ სირიაში და ამერიკის გვერდის ავლით, მოიპოვოს უპირატესობა მოლაპარაკებების მაგიდებზე. მისი ნაბიჯები მის შიდა თუ გარე პროპაგანდის მიზნებს ემსახურება. საგარეო არენაზე პუტინს სურს, რუსეთს „სუპერძალის“ სტატუსი დაუბრუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თუ განვითარების ინდიკატორები მას მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის აქცევს. სწორედ ამიტომ, კისინჯერის ასოციაცის ხელმძღვანელი ტომ გრამი ფიქრობს, რუსეთის ამერიკისთვის გამოწვევას არ წარმოადგენს.

„მაშინ როდესაც, ჩინეთი და ინდოეთი არის მომავლის გამოწვევა ჩვენთვის, რატომ უნდა ვიფიქროთ რუსეთის შეკავებაზე, რომელიც მის სამეზობლოში უფრო დიდ რისკზეა წამსვლელი... რუსეთი არის გამოწვევა ამერიკისთვის, მაგრამ საჭიროა კონტექსტი განვიხილოთ. ჩინეთი უფრო დიდი გამოწვევაა მომავლისთვის, და ისიც არ ეთანხმება პრინციპებს და ჩვენს ღირებულებებს. რუსეთი არაა ქვეყანა რომელსაც ნათელი მომავალი აქვს, ეს არის ქვეყანა ბევრი პრობლემით“, - ამბობს გრამი. ის ფიქრობს, ამერიკა შეკავების პოლიტიკით მიზანს ვერ მიაღწევს. „უკრაინის მოვლენების შემდეგ, ობამას ადმინისტრაციის მკვეთრმა ნაბიჯებმა, რუსეთის ქმედებები ვერ შეცვალა, რა შედეგი მივიღეთ? რუსეთმა ყირიმი დაიკავა, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა, შემდეგ სირიაში ასადის სასარგებლოდ შეცვალა ბრძოლის ველზე სიტუაცია“, - თქვა მან.

საშინაო მოხმარებისთვის პუტინს საგარეო მტრის ხატი, შიდა პოპულარობის მოპოვებაში ეხმარება. განგრძობით წარმოჩენა დასავლეთის და ამერიკის, როგორც ქვეყნის მტრის, მას საკუთარი ავტორიტარული გადაწყვეტილებების გამართლებაში აძლევს ხელს, მათ შორის იმ კორუფციის დაფარვაშიც, რომელშიც პუტინი და მისი წრე არიან ჩართული. მიუხედავად, იმისა, რომ გამოკვლევებით პუტინის რეიტინგი მაღალია, და ლევადას ცენტრის გამოკითხვებით 83%-ს პრეზიდენტი მოწონს, დევიდ კრემერი ამბობს, რომ გამომდინარე შეზღუდული სიტყვის თავისუფლებისგან და ავტორიტარული პოლიტიკური გარემოდან, კვლევები ვერ ასახავენ რეალურ მდგომარეობას. „თუ დაგირეკავენ და გკითხავენ, პუტინი მოგწონს? რას ეტყვი „ვერ ვიტან ამ ტიპს?“, - ამბობს კრემერი.

რუსეთისადმი ამერიკის სტრატეგიის განხილვისას, საქართველო-რუსეთის ომი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. შეკავების მომხრეები ფიქრობენ, რომ ამერიკის სუსტმა პასუხმა და ომის შემდეგ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკის დაწყებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა განაპირობა, ჩათვალა, რა მოსკოვმა რომ პოლიტიკური ფასი აქაც დაბალი იქნებოდა. „როდესაც [გადატვირთვის პოლიტიკას] ვაფასებთ, მე ვფიქრობ ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა, რუსეთის მიერ [საქართველოს ტერიტორიის] მიმდინარე ოკუპაცია. ეს არ გულისხმობს, რომ „გადატვირთვის პოლიტიკაზე“ უარი უნდა გვეთქვა. თუმცა, მოლაპარკებებისას საქართველოს საკითხი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და ნაწილი ჩვენი მიდგომისა, რომ ჩვენ არ გვახარებდა და არ ვიღებდით ოკუპაციას“, - ამბობს ფარკასი ამერიკის ხმასთან საუბრისას.

მეორენი კი თვლიან, რომ ამერიკის აქტიურმა მხარდაჭერამ საქართველოსადმი, რუსეთის აგრესიული ნაბიჯი განაპირობა.

„საქართველოსთან ჩვენ ახლოს ვთანამშრომლობდით მთავრობასთან და ვეხმარებოდით სააკაშვილს მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთთან ურთიერთობებშიც მას გავუწიეთ გარკვეული დახმარება. და ნათელია, რომ ეს პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ უარი ვთქვით რუსეთთან მუშაობაზე. და ასევე მეორეს მხრივ, საქართველო მივატოვეთ. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ვერ მივაღწიეთ წარმატებას და სწორედ ამიტომ, შედეგად გვაქვს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, - განაცხადა ტომ გრამმა.

და მაშინ, როდესაც ვაშინგტონში ვერ თანხმდებიან, რამდენად მკაცრი უნდა იყოს მათი პასუხი მოსკოვისადმი, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა ამერიკის პოლიტიკური სისტემის დისკრედიტაცია ცადა, კრემლი განაგრძობს, ერთგვაროვანი პოლიტიკის გატარებას რეგიონში და მის მიღმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG