ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიოპია ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა


მშვიდობიანი მოსახლეობა ეთიოპიის ჩრდილოეთ რეგიონიდან, სადაც მთავრობა ადგილობრივ აჯანყებულ ლიდერს ებრძვის, თავს სუდანს აფარებს. ლტოლვილები საუბრობენ, მთავრობის მიერ დაბომბვის, ქუჩებში სროლის და მაჩეტეს გამოყენებით ადამიანების მკვლელობის შემთხვევებზე.

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, ტიგრის რეგიონში ახალი ლიდერი დანიშნა. მანამდე, ფედერალურმა ხელისუფლებამ, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რეგიონის ლიდერს, დებრეციონ გებრემიქაელს და პოლიტიკური პარტიის „თიგრის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წარმომადგენლებს, სამართლებრივი დევნისგან დაცვის იმუნიტეტი შეუწყვიტა.

ტიგრის რეგიონის ლიდერებს, ფედერალური მთავრობა ბრალს ღალატსა და ტერორიზმში სდებს.

რეგიონის ადგილობრივი მთავრობა ალყაშია მოქცეული მას შემდეგ, რაც ეთიოპიის ფედერალურ ძალებსა და სახალხო განმათავისუფლებელ მოძრაობას შორის შეტაკებები მოხდა. ბრძოლის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „საერთაშორისო ამნისტია“ მომხდარს „მასობრივ ხოცვად“ აფასებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) უკვე საუბრობს შესაძლო ჰუმანიტარულ კრიზისზე, რადგან განვითარებული მოვლენების ფონზე, 11 ათასამდე ეთიოპიელი ძალადობას მეზობელ სუდანში გაექცა.

რეგიონში დაძაბულობა 9 სექტემბრიდან გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ტიგრის რეგიონმა ადგილობრივი არჩევნები გამართა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლიდერმა პანდემიის გამო არჩევნების გადადება გადაწყვიტა.

ტიგრი, ეთიოპიის ცხრა რეგიონული შტატიდან, ერთ-ერთია და ის ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG