ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკრიპალების საქმეში ბრალი შესაძლოა მესამე პირს წაუყენონ


სამშაბათს ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა 2018 წელს, ინგლისის ქალაქ სალისბერიში ყოფილ რუს ჯაშუშზე ნერვული აგენტით თავდასხმის საქმეში ბრალი მესამე რუსს წაუყენონ.

სამართალდამცავებმა მესამე ეჭვმიტანილად სერგეი ფედოტოვი დაასახელეს, რომელიც დენის სერგეევის სახელითაცაა ცნობილი და განაცხადეს, რომ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის, “გრუ”-ს წევრი იყო.

პოლიციის განვხადებით ბრალდებები შეიძლება შეიცავდეს მკვლელობის შეთქმულებას, მკვლელობის მცდელობას, ქიმიური იარაღის ქონას და სხეულისთვის მძიმე ზიანის გამოწვევას.

პროკურორებმა სამხედრო დაზვერვის წევრ სხვა ორ ეჭვმიტანილს უკვე წარუდგინეს ბრალი თავდასხმისთვის, რომელშიც ნერვულ აგენტ “ნოვიჩოკის” სამიზნე სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია იყვნენ. ორივე მათგანი გადარჩა, თუმცა ნერვულ აგენტთან შეხების შედეგად ბრიტანელი ქალი გარდაიცვალა, ხოლო პოლიციელი კრიტიკულად დაავადდა.

რუსეთმა თავდასხმასთან კავშირი უარყო.

დღესვე, სტრასბურგში, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს, ყოფილ აგენტ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში პასუხისმგებელი რუსეთია.

ლიტვინენკო ლონდონის სასტუმროში ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა. სასმელი პოლონიუმ 210-ით, იშვიათი რადიოაქტიური იზოტოპით იყო მოწამლული.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სასამართლოს გადაწყვეტილება უარყო და მას უსაფუძვლო უწოდა.

XS
SM
MD
LG