ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 ნოემბერი ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულების დაუსჯელობის აღმოფხვრის დღეა


მეხიკოში ჟურნალისტების მკვლელობას აპროტესტებენ. მექსიკა,15 ივნისი, 2017 წ.
მეხიკოში ჟურნალისტების მკვლელობას აპროტესტებენ. მექსიკა,15 ივნისი, 2017 წ.

2 ნოემბერს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. გაეროს მიერ ამ მიზნით დაწესებულ საერთაშორისო დღეზე, წელს კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ჟურნალისტური საქმიანობის მნიშვნელობას, მათთვის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, რადგან ჟურნალისტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ადამიანის უფლებების დაცვაში, დემოკრატიული, პლურალისტული და ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. მათი საქმიანობიდან გამომდინარე, მედიაში დასაქმებულები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხშირად იდევნებიან და ხდებიან ძალადობის, მუქარის, შევიწროების მსხვერპლი.

"თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია კრიტიკულ როლს ასრულებს დემოკრატიის დაწინაურების და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქების საქმეში, იმის მიუხედავად, სამწუხაროა ეს ამბები, თუ საიმედო. ჟურნალისტები პრესის დამოუკიდებლობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ, უზრუნველყოფენ რა მოსახლეობას ფაქტებით, ითხოვენ რა მთავრობისგან ანგარიშვალდებულებას" - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში, რომელიც 2 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ნედ პრაისის თქმით, ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან მტრულ განწყობებს და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. "ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებებს, რათა მთელი მსოფლიოს მამაცი ჟურნალისტებისთვის სამართალმა იზეიმოს".

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, 1992 წლიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მსოფლიოში 1 500-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის მუშაკი მოკლეს. ამ შემთხვევების უმეტესი ნაწილი დღემდე გამოძიებული არ არის.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გასული დეკემბრის მონაცემების მიხედვით, 294 ჟურნალისტი იხდის სასჯელს მსოფლიოს სხვადასხვა ციხეში. ჟურნალისტებზე ძალადობის მასშტაბი თანდათან იზრდება. ქალი ჟურნალისტები კი გაცილებით ხშირად ხდებიან ონლაინ-ძალადობის სამიზნე, ვიდრე - კაცები. "იუნესკოს" ანგარიშის მიხედვით, სამსახურის გამო, ქალი ჟურნალისტების 73% ონლაინ-ძალადობის მსხვერპლია.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ერთგული რჩება მთელ მსოფლიოში ღია და თავისუფალი პრესის პრინციპის აუცილებლობის მიმართ. "მოვუწოდებთ დანარჩენ მთავრობებსაც, შემოგვიერთდნენ ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაგმობაში და პრესის თავისუფლებაზე თავდამსხმელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაში" - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG