ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნოვაია გაზეტას" ბოლო მედია ლიცენზია ჩამოართვეს


„ნოვაია გაზეტას“, რუსეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი რამდენიმე დამოუკიდებელი მედიიდან ერთ-ერთს, ხუთშაბათს თავისი უკანასკნელი მედია ლიცენზია ჩამოართვეს.

მოსკოვის საოლქო სასამართლოს მიერ „ნოვაია გაზეტას“ გაზეთის და მისი თანმხლები ჟურნალის „ნო“ („მაგრამ“) - რომელიც სამ თვეზე ნაკლები ხნის წინ დაარსდა - აკრძალვიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „ნოვაია გაზეტას“ ონლაინ გამოცემა აკრძალა.

მედიის ზედამხედველმა „როსკომნადზორმა“ „ნოვაია გაზეტას“ ინტერნეტ გამოცემას ბრალი „უცხოეთის აგენტებისთვის“ დაწესებული შეზღუდვების მრავალგზის დარღვევაში დასდო. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი, გაზეთის გარდა, კრემლთან უთანხმოებაში მყოფ ბევრ სხვა ორგანიზაციას მიენიჭა.

გაზეთის მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა, რომელსაც კრიტიკული ჟურნალისტიკის დაცვისთვის ნობელის პრემია მიენიჭა, გადაწყვეტილების გამო თავისი გულისწყრომა სასამართლოში გამოთქვა.

„რასაც თქვენ აკეთებთ, ეს მკვლელობაა. ასობით ადამიანს სამუშაოს, მკითხველს, -მარტში 27 მილიონი იყო - ინფორმაციის მიღების უფლებას ართმევთ,“ თქვა მურატოვმა.

მოგვიანებით, სასამართლოს გარეთ მურატოვმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატაში გაასაჩივრებს.

მურატოვმა ვერდიქტს „საინფორმაციო გენოციდი“ უწოდა და თქვა, რომ ეს გამომძიებელ ჟურნალისტიკას ბევრად გააძნელებს, რადგან ჟურნალისტებს აღარ შეეძლებათ ხელისუფლებას კითხვები დაუსვან.

მურატოვმა თავისი ნობელის მედალი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაყიდა. 3 სექტემბერს ის თავისი ფინანსური მხარდამჭერის და მეგობრის, მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვის პროცესიას გაუძღვა.

XS
SM
MD
LG