ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმსი: რუსეთმა 2008 წელს თავი დაიძვრინა


2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წელი გავიდა. აგვისტოს ომი საერთაშორისო არენაზე რუსული რევანშიზმის უახლეს საწყის წერტილად ითვლება. ვაშინგტონში 2008 წლის ომის შეფასებისას ამბობენ, რომ ის რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის წინაპირობა იყო.

„ვფიქრობ [2008 წლის ომი] უკრაინაში შეჭრის წინაპირობა და დასავლეთისთვის რუსეთის ამბიციის სიგნალი იყო, რომლითაც ის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დამთავრებას ცდილობს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთის მეზობლად მდებარე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს იყო ტრანსატლანტიკური ერთიანობის გამოცდა და ჩვენ ის ვერ ჩავაბარეთ“, ამბობს მარკ სიმაკოვსკი თავდაცვის დეპარტამენტის რუსეთის პოლიტიკის მიმართულების ყოფილი დირექტორი.

სიმაკოვსკი ასევე დასძენს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების მიზნით, „გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს ომიდან დაახლოებით 6 თვეში დაიწყო... რუსეთის ჯარი დღესაც საქართველოშია, რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახლა უკრაინაშიც გადავიდა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა დღესაც მერყეობს იმაზე შეინარჩუნოს თუ არა ერთობლივი სანქციები რუსეთზე. ბევრი თვალსაზრისით რაღაცეები ვისწავლეთ, მაგრამ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი“.

აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 14 პოლიციელის და 117 სამხედრო მოსამსახურე პირის სიცოცხლე შეეწირა. დაახლოებით, 150,000 ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. მათი ნაწილი დღემდე დევნილად რჩება.

2008 წელს საქართველოში შეჭრიდან ექვსი წლის შემდეგ - 2014 წლის გაზაფხულზე, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. ერთი წლის შემდეგ კი სირიის სამოქალაქო ომში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერად ჩაერთო.

„რუსეთმა მოახერხა თავის დაძვრენა [2008 წელს]. თუმცა ახლა ისინი დიდ ფასს იხდიან მათი პოლიტიკისთვის რეგიონში. მათ შექმნეს წარმოდგენა ევროპაში და სხვაგან, რომ არაა აუცილებელი მოახდინო მათი პროვოცირება, ან იყო სააკაშვილი. თუ მათ არ მოსწონთ რასაც აკეთებ, მზად არიან სასტიკი ძალა გამოიყენონ... დღეს უმეტესობა ფიქრობს, რომ არ უნდა ენდო რუსეთის მხრიდან რაიმეს უარყოფას -იქნება ეს მათ მიერ საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთა, ვინმეს მოწამვლა, თუ იარაღის შეზღუდვის შეთანხმების დარღვევა. ისინი ყოველთვის ამბობენ ‘ეს სრული ფაბრიკაციაა და ალბათ, თქვენ თვითონ ხართ ამის უკან’. ეს გამოცდილება გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქმევა დღეს 2008 წელს რუსეთის ქცევა, 10 წლის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი რამ გვესმის“, ამბობს დიმიტრი საიმსი, ეროვნული ინტერესის ცენტრის (ყოფილი ნიქსონის ცენტრი) პრეზიდენტი.

რუსეთმა აგვისტოს ომში პირველად გამოიყენა საინფორმაციო და კიბერ თავდასხმა. ეს ტაქტიკა დღეს რუსეთის სამხედრო დოქტრინის, ე.წ. „გერასიმოვის დოქტრინის" ცენტრალური ნაწილია.

თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ხელმღძვანელი თბილისში 2006-2008 წლებში, რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ 2008 წელს რუსეთის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება იყო.

„ვფიქრობ, ეს ადგილი ქონდა ფაქტორების ერთობლიობას. იყო კოსოვოს თვითგამოცხადება, რაზეც რუსებმა თქვეს, რომ პასუხს გასცემდნენ. იყო ნატოს სამიტი, რომელმაც რუსეთს უთხრა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა და შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიას მიიღებდა. მაგრამ იმ დროისთვის საქართველო [ნატოს] წევრი არ იყო და რუსეთს ესმოდა, რომ თუ საქართველოს ნატოში შესვლის არდაშვება სურდა, კრიზისის პროვოკაციისთვის მცირე დრო რჩებოდა. ზედმეტად დიდხანს თუ მოიცდიდა და თუ საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმას მიიღებდა და ალიანსში შევიდოდა, მაშინ საქართველოსთან კონფლიქტის დაწყებას და მის გადალახვას მთელი ალიანსის ჩაურევლად ვერანაირად მოახერხებდა“, ამბობს ჰამილტონი.

მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის უწყვეტი მოწოდებებისა, აგვისტოს ომის შემდგომ მოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის შუამავლობით მოეწერა, რუსეთი დღემდე არ ასრულებს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი არნო დანჟინი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ევროკავშირი უფრო აქტიურად უნდა ითხოვდეს შეთანხმების პირობების შესრულებას.

„ერთის მხრივ, სარკოზიმ კონფლიქტში ჩართვა გადაწვიტა რადგან ეს იყო გეოპოლიტიკური მოვლენა, რომელიც საფთხეს უქმნიდა ევროპის სტაბილურობას და ვერ დავუშვებდით, რომ ესკალაცია მომხდარიყო. ეს ყოფილ იუგოსლავიაში ვიხილეთ, რომელმაც ევროპა ტრავმირებული დატოვა... ხშირად ვნანობ რომ ევროკავშირი არ უთმობს ყურადღებას იმას, რომ 2008 წლის შეთანხმება არ სრულდება. ეს პრობლემაა. ჩვენ უნდა ვითხოვდეთ შეთანხმების პირობების შესრულებას, თუმცა მე მესმის რამდენად რთულია ეს“, ამბობს დანჟინი.

საქართველო-რუსეთის ომიდან 10 წლის თავზე და მოსკოვის სამხედრო აგრესიულობის ზრდის ფონზე, ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ჯერ ისევ არ არსებობს მკაფიო ერთიანობა იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს დასავლეთი რუსულ აგრესიას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG