ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თელ-ავივში პოლონეთის საელჩო ვანდალიზმის ობიექტი გახდა


მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებამ ჰოლოკოსტში „ებრაელთა თანამონაწილეობის“ შესახებ ვარშავის წინააღმდეგ ისრაელის მწვავე კრიტიკა გამოიწვია, თელ-ავივში მდებარე პოლონეთის საელჩო ვანდალიზმის ობიექტი გახდა. ვანდალებმა საელჩოს შენობას ნაცისტური სიმბოლოები დაახატეს და შეურაცხმყოფელი ფრაზები დააწერეს.

ისრაელის უკმაყოფილებას პოლონეთის ახალი კანონი იწვევს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს მათთვის, ვინც ჰოლოკოსტში პოლონეთის თანამონაწილეობაზე ისაუბრებს.

დებატები შაბათს, მიუნხენის კონფერენციაზეც გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხა დააკავებდნენ თუ არა მას, თუ ის დაწერდა, როგორ დააბეზღეს ნაცისტებთან მისი ოჯახი პოლონეთში.

„რა თქმა უნდა ეს არ იქნება დასჯადი. დანაშაულად არ მიიჩნევა იმის თქმა, რომ არსებობდნენ პოლონელი თანამონაწილეები, ისევე როგორც ებრაელი, უკრაინელი თანამონაწილეები და არა მარტო გერმანელები“. -თქვა მან. ისრაელმა მალევე დაგმო პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება.

„ჩვენ ერთად ვდგავართ, ხელჩაკიდებული ამ ბრძოლაში. ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცედ ჩვენი ძმების და დების მოსაგონებლად... დღეს, როგორც არასდროს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავანათლოთ მსოფლიო, მათ შორის ზოგიერთი ლიდერი, გამოვლილ ბნელ დღეებზე“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა.

საპასუხოდ მორავიეცკის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონელი ლიდერი ჰოლოკოსტს არ უარყოფს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიტლერის და ნაცისტური ოკუპაციის პირობებში,დაახლოებით 6 მილიონი პოლონელი მოკლეს, რომელთა შორის ნახევარი ებრაელი იყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ის კვირას, მის პოლონელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ „შედარება პოლონელებსა და ებრაელებს შორის ჰოლოკოსტის დროს უსაფუძვლოა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG