ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიის საკითხზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის პროექტის მიღება შეძლო. ის გულისხმობს, სხვებთან ერთად, სიის გაწერას იმ ადამიანების კონკრეტული სახელებითა და გვარებით, ვისაც კავშირი აქვს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებასთან კონფლიქტის ზონებში და მკვლელობებთან. რეზოლუციის თანახმად, მათ მიმართ უნდა ამოქმედდეს სანქციები. კონკრეტულად რა ტიპის საინქციებს მოიცავს დოკუმენტი, ამის თაობაზე ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არაა, თუმცა პრინციპული მზაობა ამ საკითხზე მუშაობის თაობაზე დღეს დაფიქსირდა.

რეზოლუციის პროექტი „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. მისი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეზოლუციას პარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს. მანამდე კი ამერიკის ხმასთან ახალგორში მაცხოვრებელმა თამარ მეარაყიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია ყოფნა ტყვეობაში მაშინ, როდესაც დამნაშავე არ ხარ. „ჩემი დაბადების დღე მოდიოდა ძალიან მალე ჩემი დაპატიმრებიდან. მირეკავდნენ მეგობრები, მეკითხებოდნენ, როდის ჩამოხვალ, რომ შევხვდეთ და აღვნიშნოთო. მე გეგმებს ვაწყობდი, საკუთარ თავს არჩევანის წინაშე ვაყენებდი: დაბადების დღემდე წავსულიყავი, თუ მას შემდეგ... ახლა ვხვდები, როგორი გულუბრყვილო იყო ჩემი ჭოჭმანი. ვხვდები, რომ შეიძლება ერთი წელი გავიდეს და მაინც ვერ შევხვდე ჩემ დაბადების დღეს თბილისში და აქ მომიწიოს ისევ ყოფნა“.

ახალგორელ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს ხვალ ფაქტობრივი შინაპატიმრობის მეშვიდე თვე უსრულდება. დე–ფაქტო ადმინისტრაციამ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ჩამოართვა საბუთები და ყველა მასალა პროკურატურას გადასცა გამოძიებისთვის. ეს შვიდი თვის წინ მოხდა. მას შემდგომ კი ის მხოლოდ ერთხელ დაკითხეს, როგორც თავად ამბობს, მისივე დაჟენებული მოთხოვნით, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წასულა.

რა ინტერესი აქვს დე–ფაქტო ადმინისტრაციას, როდესაც თამარის მიმართ ამგვარ, უფლებაშემლახავ დამოკიდებულებას ავლენს? თამარს გადაადგილების უფლება უკანონოდ შეზღუდული აქვს. ის მთელ დროს სახლში ატარებს და ინტერნეტით სარგებლობს. ამგვარი შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში ის იმდენს მაინც ახერხებს, რომ ახალგორის, ცხინვალის ამბები ასახოს სოციალურ ქსელში. ის საუბრობს იმის შესახებ, რა მდგომარეობაშია ქუჩები, რატომ არ აღადგენენ შენობებს, ან რა თანხებს ხარჯავს ადმინისტრაცია საჯარო მოხელეებზე და როგორ იქცევიან ისინი. მისი პოსტები არაა ტკბილი, თუმცა დე–ფაქტო რეჟიმს მაინც ახალგორში გამოკეტილი თამარა ურჩევნია, ვიდრე მისი თავისუფლად გადაადგილება ახალგორსა და თბილისს შორის.

ამის შესახებ თავად თამარმაც მშვენივრად იცის, თუმცა ცდილობს იმედის ძაფები მოძებნოს და მოეჭიდოს. მის მდგომარეობაში ეს იოლი ნამდვილად არაა. მაგალითად, როდესაც ცდილობს პროკურატურას დაუკავშირდეს იმისთვის, რომ გაიგოს, რა ეტაპზეა მის მიმართ წამოწყებული საქმე, უამრავი ბარიერი ექმნება. კონტაქტზე არავინ გამოდის. პასუხის გამცემი არავინაა. ყველაზე ოპტიმალური გზა პროკურატურაში დაზღვეული წერილის გაგზავნაა, რადგან ზუსტად იცი, რომ წერილს ფოსტა ჩააბარებს და შემდეგ ვერავინ გეტყვის, რომ ის არ მიუღია და არ წაუკითხავს, მაგრამ არც ეს გზაა გარანტირებული. თამარას დაზღვეულ წერილებს დე–ფაქტო პროკურატურა ახლა უკვე, უბრალოდ, აღარ იბარებს. „როდესაც ჩემს პრობლემებზე საჯაროდ ვსაუბრობ ეს იმითაა კარგი, რომ შემდგომ მათზე კომენტირება მედიასთან მაინც უწევს პროკურატურას ან ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებენ ხოლმე. ეს მეხმარება იმაში, რომ რაღაც ინფორმაცია მაინც მივიღო ჩემს საქმეზე“.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდგომ ქართული მხარის მხრიდან კონტროლირებადი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ხასიათის ტვირთების, ასევე სურსათის გადატანა ცხინვალის მიმართულებით ახალგორის გამშვები პუნქტიდან შეიზღუდა. თამარ მეარაყიშვილი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტვირთების გადატანა შეწყდა, ადასტურებს და იმასაც დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, ახალგორში, ისევე როგორც ცხინვალში, სურსათის დეფიციტი არ იგრძნობა.

უბრალოდ, ქართული პროდუქცია რუსულმა ჩაანაცვლა და ფასებიც, შესაბამისად, გაიზარდა: „ტვირთებს ქართული საგუშაგო აღარ უშვებს. ვისგან აქვს მითითება, არ ვიცი. პოლიციის გარდა იქ სუს– ი დგას. არ ვიცი ეს ვისი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ასეა. მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულზე არაა საუბარი, რაც პირდაპირ ცხინვალში მიდიოდა. საუბარია ადგილობრივ მაღაზიებზე, რაც თბილისიდან მარაგდებოდა. ნახევარ–ფაბრიკატები, ხორცისა და რძის ნაწარმი, ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელი, მინერალური სასმელი, რაც კი თბილისშია, ყველაფერი შემოდიოდა და ადგილობრივ მაღაზიებში იყიდებოდა. ახლა ქართული ჩანაცვლდა რუსული პროდუქციით, რომელიც საკმაოდ ძვირია და გარდა ამისა, ვერ ენდობი. მწარმოებული არაა მითითებული და სადაა დამზადებული არც ეს აწერია.“

დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს. ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა როდესაც მას თამარ მეარაყიშვილისა და ამ ორი ადამიანის მდგომარეობის შედარების შესახებ ვკითხეთ, ამერიკის ხმასთან განაცხადა, მათ მიმართ რეჟიმი გაცილებით მკაცრად იქცეოდა. მათ არ შეეძლოთ სახლიდან გამოსვლა მთელი ამ პერიოდის მანძილზე, რადგან სახლის კართან პოლიცია დარაჯობდა და გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. სახლიდან გამოსვლა თამარ მეარაყიშვილსაც არ შეუძლია, განსხვავება ისაა, რომ მისი სახლის კართან უნიფორმაში გამოწყობილი პოლიციელი არ დგას, მას ავტომანქანიდან უთვალთვალებენ, უმეტესწილად.

ამჟამად იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი გაათავისუფლეს. ისინი გადმოვიდგენენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა რა ინფორმაცია გაანდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ სპეციალურ ორგანოებს, ვისაც შეხვდნენ, უცნობია. უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ მშრალი ინფორმაციის გაცემით შემოიფარგლა ამ თვალსაზრისით. ითქვა, რომ ქუტაშვილი და პავლიაშვილი ტატუნაშვილის დაკავებისა და გარდაცვალების დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი კი კვლავ არ დაძრულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG