ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თამარ მეარაყიშვილი შიმშილობის დაწყებას აპირებს


თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ახალგორიდან
თამარ მეარაყიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ახალგორიდან

თამარ მეარაყიშვილისთვის, ახალგორელი აქტივისტისთვის, უკანონო პატიმრობის მეექვსე წელი დაიწყო. ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გატაცებისას, 2017 წლის ივნისში ჩამოართვა და მას შემდეგ არ დაუბრუნებია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უამრავი სასამართლო პროცესი, დაკითხვა, გამოძიება გაიმართა. დე-ფაქტო სასამართლომ მას დანაშაული ვერც ერთ პროცესზე ვერ დაუმტკიცა. უფრო მეტიც, არაერთხელ დადგა თამარისთვის გამამართლებელი განაჩენი ცხინვალში, თუმცა შემდეგ, „უხილავი ხელი“ საქმეს კვლავ პროკურატურაში აბრუნებდა და გამოძიება ხელახლა იწყებოდა.

„ამერიკის ხმასთან“ თამარ მეარაყიშვილი თავისი გეგმის თაობაზე საუბრობს. ოქტომბრის დასაწყისში, ის ცხინვალში შიმშილობის გამოცხადებას აპირებს იმ მოთხოვნით, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციის პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდეს, რათა ამჯერად მისგან მოისმინოს, თუ რას ითხოვს ცხინვალი.

ალან გაგლოევი, დე-ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტი, რომელმაც პოსტი ანატოლი ბიბილოვის შემდგომ, 2022 წლის მაისში, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შედეგად დაიკავა, თამარ მეარაყიშვილისადმი თანადგომას გამოხატავდა. ახალგორელებთან შეხვედრის დროს, წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში, მან ღიად და ქართულ ენაზე მიმართა თამარს და დაუდასტურა, რომ მისი უდანაშაულობის სჯეროდა. იქვე, ისიც თქვა, რომ უნდა დასჯილიყვნენ ადამიანები, ვინც თამარის მიმართ საქმეს უკანონოდ აწარმოებდნენ. თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ გაგლოევი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი აღარაა. ის არა მხოლოდ თამარისთვის გაუჩინარდა, არამედ ყველასთვის, ვისაც მხარდაჭერასა და უფლებების დაცვას საჯაროდ ჰპირდებოდა.

„იმედი მქონდა, რომ შეიცვლებოდა ხელისუფლება, ვინც მსჯიდა აზრის თავისუფლად გამოხატვის გამო, კრიტიკისთვის იმის თაობაზე, რაც დადასტურებულადაა კანონდარღვევა და სამართლიანად შეხედავდა ჩემს საქმეს. ალან გაგლოევმა, ახლანდელმა პრეზიდენტმა, წინასაარჩევნო კამპანიისას ქართულად მომმართა და მითხრა, თუ დამნაშავე ხარ, რატომ დადიხარ თავისუფლად და თუ არ ხარ დამნაშავე, რატომ არიან თავისუფლებაზე ის თანამდებობის პირები, ვინც ბრალს გდებენო? როდესაც გახდა პეზიდენტი, მოველოდი, რომ ჩემი საქმისთვისაც ოდესმე მოიცლიდა. ასე არ მოხდა. მე არ დამიმტკიცდა დამნაშავეობა ოსურ, ამათთვის ლეგიტიმურ სასამართლოში. დანაშაულს, რასაც მედავებიან, ხანდაზმულობის ვადა აქვს ორი წელი. უკვე ორჯერ ორი კი არა, სადაცაა ორჯერ სამი წელი გავა, მაგრამ მაინც ხელიდან ხელში გადადის ეს საქმეები. მოველოდი, რომ დამთავრდებოდა ყველაფერი, ახალი ხელისუფლების პირობებში. ახლა კი მომივიდა უწყება, რითაც ირკვევა, რომ ხელახალ წრეზე მიდის ყველაფერი,“- გვეუბნება თამარ მეარაყიშვილი.

ის მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივიზმისთვის ისჯება. ამხელს და ღიად წერს, რომ რეგიონში არაა სასმელი წყალი, რომ გადაადგილების უფლება არ აქვთ ადამიანებს. „მე არ მიმიწვდება ხელი სამართლიან სასამართლოზე. არაერთმა საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ აღიარა ჩემი საქმე, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, რომელიც მიზნად ისახავდა აქტიური მოქალაქის გაჩუმებას და დასჯას. ოქტომბერში შიმშილის აქციის დაწყებას ვაპირებ, მხოლოდ სახლში არ გავაკეთებ ამას. შეიძლება, ცხინვალში თეატრალურ მოედანზე, ან მთავრობის სახლის წინ დავჯდე“,- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თამარ მერაყიშვილი.

თამარის მოთხოვნაა ახალ პრეზიდენტთან შეხვედრა. სჯერა, რომ თუ მოინდომებს, ის შეძლებს მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების შეჩერებას. „მინდა, კონკრეტულად მითხრან, რას ითხოვენ ჩემგან, საქმეების დახურვის სანაცვლოდ. ბიბილოვი ითხოვდა დუმილს, ყველაფერი მე მითხარი და გამოვასწორებ, არ მინდა შენი მედიით აქტიურობაო. პირდაპირ მითხრა ეს, თავის კაბინეტში გასული წლის 28 დეკემბერს. ბონუსად, საქმეების დახურვასაც მპირდებოდა და კარგ ხელფასიან სამსახურსაც, მოპარვის შესაძლებლობით. მე, ცოცხალი თავით, ასეთ წინადადდებას არ დავთანხმდები და მზად ვარ სიცოცხლის ბოლოდე ვიარო პროკურატურასა და სასამართლოს შორის. მე არ ვარ დამნაშავე, არ არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცების გამო ყველაფერს მიიღებს“,- ასეთია თამარის მსოფლმხედველობა.

იურიდიულ დახმარებას თამარს სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს. მისი ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივ დონეზე კორუფციულ ფაქტებზე და პრაქტიკებზე საუბრობს, ამიტომ აშაკარაა, რომ აგრესია დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან, ამის გამო დაიწყო. შედგა ფაბრიკაციული საქმე მასზე. გადაადგილების თავისუფლების განგრძობადი შეზღუდვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ საუბრობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ მეარაყიშვილის მიმართ.

„თამარის დევნა, უკავშირდება მის ეთნიკურ იდენტობას, თუმცა მის აქტივისტურ და ჟურნალისტურ საქმიანობასაც, ასევე. სხვადასხვა პერიპეტიებით მიმდინარეობდა დევნა მის მიმართ. იყო როგორც დარბილების, ან, პირიქით, გამკაცრების გამოცდილება დე-ფაქტო ადმინსტრაციის მხრიდან, თუმცა არც ერთხელ, ამ საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილება ცხინვალს არ მიუღია. თამარი უფლებების განგრძობადი დარღვევის მსხვერპლია დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან“,- გვეუბნება თამთა მიქელაძე და აქვე იმასაც დასძენს, რომ არც ქართული მხარე იჩენდა დიდ ენთუზიაზმს თამარის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„ვერ ვიტყოდი, რომ ქართული მხარე არის აქტიური თამარის უფლებების დაცვის პროცესში. ჩვენ ვიაზრებთ, რომ საქართველოს კონტროლი ამ რეგიონში არ აქვს და მისი პასუხიმგებლობები პოზიტიური ცალდებულებებით შემოიფარგლება, რაც გულისხმობს ყველა სათანადო ზომის მიღების სტანდარტს, ჯეროვანი გულისხმიერების ჩვენებას, რომ ის მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს უფლებების დასაცავად, თუმცა ამ კონტექსტშიც ქართული ხელისუფლების ძალისხმევა საკმარისი არ იყო. პოლიტიკურ ტრიბუნებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშეც თამარის საქმე ნაკლებადაა აქტუალიზებული,’- ამბობს თამთა მიქელაძე და მაგალითად მოჰყავს საქართველოს სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ თამარის საქმე მოხვედრილიყო ომის შემდგომ პერიოდში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართულოში გაგზავნილ სახელმწიფოთაშორის განაცხადში, ეგრეთ წოდებულ მეორე სარჩელში. სამწუხაროდ, მისი საქმე აპლიკანტებს შორის არ მოხვდა. არადა, ის ეხებოდა ომის შემდგომი პერიოდის უფლებადარღვევებს“,- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ თამთა მიქელაძე.

ირაკლი ანთაძე, შსს ანალიტიკური დეპარტამენტი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

„ამერიკის ხმამ“ თამარ მეარაყიშვილის შესახებ შეკითხვა დაუსვა ირაკლი ანთაძეს, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელიც მუდმივადაა ჩართული მოლაპარაკებების პროცესში ოსურ და რუსულ მხარეებთან. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე მუდმივად აყენებს თამარ მეარაყიშვილის შესახებ საკითხს ყველა შეხვედრაზე ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დონეზე და მოითხოვს, შეწყდეს მისი უფლებების დარღვევა. საქართველოს არც ერთ ოფიციალურ უწყებას „უფრო მეტი“, თამარ მეარაყიშვილის საქმესთან მიმართებით არ განუცხადებია. ერთადერთი, ისიც ზოგადი ხასიათის ინფორმაცია, რაც ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააჟღერა, ცხინვალიდან პოზიტიური სიახლეების მოლოდინს ეხება.

ირაკლი ანთაძემ, ერგნეთის მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ ცხინვალში დაკავებული მოქალაქეების მიმართ პოზიციურ სიახლეს ელიან, უახლოეს მომავალში. „შესაძლოა, იყოს გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით, მაგრამ ამ პროგრესის ვადებზე, თარიღზე და პერსონალიებზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ტიპის განცადებები [რაც გაჟღერდა ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან], უახლოეს მომავალში იქნება კონვერტირებული კონკრეტულ ნაბიჯებში. ასეთი გახლდათ ანთაძის განცხადება.

რამდენად შეეხება დე-ფაქტი ცხინვალის მიერ დაანონსებული პოზიტიური სიახლე თამარ მეარაყიშვილს უცნობია.

თამარს ხუთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება. ის ვერ ახერხებს დატოვოს დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორია ისე, რომ უკან მიბრუნების შანსიც დარჩეს, ჩამორთმეული პირადი დოკუმენტების გამო. მათ გარეშე თამარს მხოლოდ ცალმხრივად აქვს ახალგორის დატოვების შესაძლებლობა, რაზეც ის უარს ამბობს. მას სურს, უკან მიბრუნებაც შეეძლოს ახალგორში, თავის სახლში.

თამარი ითხოვს, აღუდგეს გადაადგილების უფლება და მანაც, სხვა ახალგორელების მსგავსად, თვეში ერთხელ, იმ ათი დღის განმავლობაში, როდესაც მოქალაქეებს გადაადგილების ნებართვა ეძლევათ, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით.

XS
SM
MD
LG