ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი აფხაზები სამშობლოს უბრუნდებიან


აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მოსახლეობის გაზრდას სირიელი დევნილების აფხაზეთში დაბრუნების ხარჯზე აპირებს

უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც სირიაში ომი მიმდინარეობს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სულ უფრო არასაიმედო მდგომარეობაში იმყოფებიან. ქრისტიანი სომხები ბეირუთში და სომხეთში გადადიან. სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, რომლებიც წლებია შთამომავლობით სირიაში ცხოვრობენ უსაფრთხო ადგილს ეძებენ და შორეულ უცხოეთში მიდიან. მათი ნაწილი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში აფხაზეთში ჩადის.

სამოქალაქო ომმა სირიაში მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია.
მათი ნაწილი სირიის საზღვარზე, ლიბანში, თურქეთში და იორდანიაში კარვებში ცხოვრობს.

თუმცა რამდენიმე იღბლიანმა თავშესაფარი შავი ზღვის სანაპიროზე იპოვა. კერძოდ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მზიან ზღვის სანაპიროს და ტყეებს ერთ დროს რუსეთის რივიერად მოიხსენიებდნენ.

ისინი სირიელი აფხაზები არიან, რომელთა მუსლიმანი წინაპრებიც 150 წლის წინ რუსეთის მეფემ თურქეთიდან გადაასახლა.

ელბრუს აფხაზა დამასკოში ფრანგულის მასწავლებლად მუშაობდა. ის საუბრობს იმაზე თუ რატომ დაბრუნდა.

ელბრუს აფხაზა: აფხაზების მიერ დამოუკიდებლობის შემდეგ წავედი სირიაში ვიდრე იქ სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. თუმცა დღეს ჩემმა ფესვებმა უკან დამაბრუნა.

1991 წელს როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აფხაზმა სეპარატისტებმა დამოუკიდებლობა და საქართველოდან გამოყოფა მოისურვეს. 1993 წელს აფხაზურმა დაჯგუფებებმა რომელთაც მხარს რუსეთის ჯარები უჭერდნენ, ქართველი სამხედროები აიძულეს რომ აფხაზეთის ტერიტორია დაეტოვებინათ. საქართველო-რუსეთის მოკლეხნიანი 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ რუსეთმა აფხაზეთში რეგულარული სამხედრო ბაზები განათავსა.

ოცი წლის წინ ვალიდ ვაჯუხი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზური დიასპორიდან მოხალისედ იბრძოდა. ექვსი თვის წინ როდესაც სირიის სამოქალაქო ომი დამასკოს უბნებს მიუახლოვდა, ყვავილების გამყიდველი ვაჯუხი და სამი შვილის მამა თავის სამშობლოში აფხაზეთში დაბრუნდა.

ვალიდ ვაჯუხი: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც მშვიდად შეგიძლია იცხოვრო. აქ სეპარატისტული მთავრობა ეხმარება ემიგრანტებს და აფხაზებს კარგად იღებენ.

აფხაზეთში ახლა მშვიდობაა, სირიელი დევნილები ლურჯ და თეთრ ფერებში შეღებილ შენობაში დასახლდნენ, სადაც ცოტა ხნის წინ გაეროს ცეცხლის შეწყვეტის მისია იყო განლაგებული და რამდენიმე კვირის წინ სამუშაო დაასრულეს.
აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ამბობს რომ ორასი სირიელი აფხაზი უკვე ჩავიდა. დანარჩენ ას ორმოცდაათს აპრილის ბოლოსთვის ელოდებიან.

ვიაჩესლავ ჩირიკბა: ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ საკუთარ ძმებს რომელთაც ახლა უჭირთ და საფრთხეში არიან სირიაში. გვსურს რომ აღმოვუჩინოთ დახმარება ყველა საშუალებით რაც შეგვიძლია.

რამდენიმე დევნილი ფლობს რუსულ და აფხაზურ ენებს, ისინი საჭირონი არიან აფხაზეთში რადგან იქ ახლა ნელი ტემპით აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ვიაჩესლავ ჩირიკბა: ზოგიერთ მათგანს ძალიან გამოსადეგი პროფესია აქვს, მაგალითად არიან ელექტრიკოსები, ზოგმა უკვე დაიწყო მუშაობა, რაც ძალიან კარგია.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბესლან ბარათელია ამბობს რომ, აფხაზეთს გრძელვადიანი პროგრამა აქვს ეთნიკური აფხაზების თურქეთიდან დასაბრუნებლად.

ბესლან ბარათელია : აფხაზურ დიასპორას აფხაზეთში მოქმედი რეპატრიაციის ფონდი სამსახურის და სახლის მოძებნაში ეხმარება.

აქ ბევრი სახლი ცარიელია. 1993 წლის შემდეგ როდესაც სეპარატისტულმა ძალებმა აფხაზეთში კონტროლი მოიპოვეს, აფხაზეთის მოსახლეობამ 200 ათასმა ქართველმა ტერიტორია იძულებით დატოვა და საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.

თბილისში გამართულ დემონსტრაციაზე, ხალხი აცხადებს რომ, თუკი აფხაზეთს სურს მოსახლეობის რაოდენობა გაზარდოს, მაშინ საკუთარ სახლებში ქართველი დევნილები უნდა დააბრუნონ. რუსეთის და ვენესუელის გამოკლებით ყველა წამყვანი ქვეყანა მხარს უჭერს აფხაზეთში დევნილების დაბრუნების უფლებას. ისინი ასევე მოითხოვენ აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლას და საქართველოს იურისდიქციის აღდგენას.

თუმცა იზიდა ჭანია რომელიც სოხუმის „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორია, ამბობს რომ დემოგრაფიული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ეთნიკური საკითხია ვიდრე ეკონომიკური.

იზიდა ჭანია: მიზანი არის ეთნიკური აფხაზური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა აფხაზეთში.

ამგვარად, აფხაზეთში მოსახლეობის ზრდა იწყება,1000 კილომეტრით დაშორებული აფხაზი დევნილების დაბრუნების პროცესის ხარჯზე. ხოლო საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების მსურველ ათასობით დევნილს, რომლებიც სულ რაღაც 100 კილომეტრში იძულებით იმყოფებიან აფხაზეთში ჯერჯერობით ისევ არ ეპატიჟებიან.
XS
SM
MD
LG