ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთი ქალების როლი სირიის უსაფრთხოების ძალებში


სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედ ქურთისტანის უსაფრთხოების ძალებში ქალები უჩვეულოდ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას კისრულობენ


ერაყის ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ქალაქ დერიკის შესასვლელთან დიდ ბილბორდზე 300-ზე მეტი ქურთი ჯარისკაცის ფოტოა გამოკრული. ისინი უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში სირიაში ჯიჰადისტებთან მებრძოლას შეეწირნენ. ამ ფოტოებს შორის 13 ქალის სურათია.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სირიის სისხლიან კონფლიქტში სხვა არც ერთ რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფს ამდენი ქალი მეომარი არ დაუკარგავს. ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებში გაწევრიანებული მეომრების 20 პრცენტი ქალია.

ქურთი ქალები აქტიურად ერთიანდებიან უსაფრთხოებისა და პოლიციის რიგებში. მათ კანონის დაცვა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გამვლელთა შემოწმება და რადიკალი ისლამისტებისა და ჯიჰადისტებისგან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა ევალებათ.

ჯამეილა აბასი, რომელიც 27 წლისაა, ქალაქ ქამიშლის 50 წევრიანი შიდა უსაფრთხოების დანაყოფის წევრია. ეს სირიის ქურთისტანის უმსხვილესი ქალაქია. ის ამბობს, რომ 2 წლის წინ, როცა ის დანაყოფს შეუერთდა ბევრი საზოგადოების უმრავლესობა ქალის ფორმიან სამსახურში მუშაობის იდეას აბუჩად იგდებდა.

„მოველოდი, რომ ხალხი ჩემზე ცუდად ლაპარაკს დაიწყებდა, მაგრამ ეს არ მადარდებდა იმიტომ, რომ ჩემი საქმე ძალიან მომწონს. მას შემდეგ, მოვახერხეთ ადამიანებში შეხედულებები შეგვეცვალა და ახლა ყველა პატივს გვცემს.“

ჯამეილას დანაყოფში ქალების ასაკი 18-დან 40-მდეა. მათგან სამი დაოჯახებულია. დანაყოფის მეთაური კი სამი შვილის დედაა.

ჯამეილა ამბობს, რომ მან ბრძოლა სირიის ქურთისტანის დასაცავად დაიწყო და მზადაა კვლავ დაიცვას თავისი ხალხი იმ შემთხვევაში, თუ სირიის არმია ქურთისტანში დაბრუნდა. პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა ქურთისტანიდან სირიის ჯარები კონფლიქტის დასაწყისში გაიყვანა და მას შემდეგ ჯარი იქ აღარ დაბრუნებულა. გარდა ამისა, ჯამეილას სურდა ქურთისტანსა და მთლიანად სირიაში ქალების მიმართ შეხედულება შეეცვალა.

„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისი წინსვლა მსსურს. მაგრამ ამასთან ერთად, მინდა ჩემს ქვეყანაში ქალები გავათავისუფლო,“ აცხადებს ის.

ნაგბირი 20 წლისაა. ის ექვს-წევრიან პოლიციის დანაყოფს შეუერთდა, რომლშიც მხოლოდ ქალები შედიან და რომლის შქემნის ინიციატივაც ქამიშლის ქალაქის საბჭოს ეკუთვნის. ეს პირველი საპოლიციო დანაყოფია სირიაში, რომელიც მხოლოდ ქალებითაა დაკომპლექტებული. ნაგბირი ამბობს, რომ მასაც სურს საზოგადოებაში ქალების სისუსტეზე გავრცელებული სტერეოტიპის შეცვლა. სამოქალაქო ომამდე მას არც კი უფიქრია პოლიციაში მუშაობაზე:

„არც კი ვფიქრობდით იმაზე, რომ შეგვეძლო პოლიციელები გავმხდარიყავით. ეს მხოლოდ შარშან გახდა შესაძლებელი, როცა გადაწყდა, რომ ქალს შეუძლია გახდეს პოლიციის ოფიცერი. მანამდე ეს აზრადაც არ მოგვსვლია,“ აცხადებს ნაგბირი.

ქალები შიდა უსაფრთხოების თუ სახალხო დაცვის დანაყოფებში გაწევრიანებამდე ერთ-თვიან წვრთნას გადიან. სწავლება, ჩვეულებრივ, ქალაქ აფრინში იმართება. 26 წლის სანა შამოდინი ერთ-ერთი კურსდამთავრებულია:

„აქ სამხედრო წვრთნა გავიარეთ, თუ როგორ ვისროლოთ რუსული ტყვიამფრქვევიდან, ან ნახევრად ავტომატური შაშხანა კალაშნიკოვიდან. საწყის ეტაპზე სროლა დამჯდარ პოზიციაში ვისწავლეთ, ხოლო მოგვიანებით კი ფეხზე დამდგარ სროლაზე გადავედით.“

სირიის ქურთისტანში მაღაზიებში და კაფეებში ხშირად ნახავთ ქალი მებრძოლების ფოტოებს, რომლებიც ჯიჰადისტებთან ბრძოლაში დაეცნენ.
XS
SM
MD
LG