ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ამბოხებულების წარმატება


syria

ამბოხებულებმა ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები დახვრიტეს

სირიელმა ამბოხებულებმა ჩრდილოეთში მდებარე სტრატეგიულ ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. სარაქების დაკარგვა სამთავრობო ძალებს ალეპოსთვის ბროლას გაურთულებს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ედვარდ იერანიანი ქაიროდან არკვევდა.
ამბოხებულების მიერ ქალაქ სარაქების აღება სირიის მთავრობისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა. ალეპოსთან დამაკავშირებელი მთავარი საგზაო ტრასებისთვის ბრძოლა რამდენიმე დღე გრძელდებოდა. სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენელი რამი აბდ ალ-რაჰმანი ამბობს, რომ ამბოხებულებმა ალეპოში სამთავრობო ძალების მომარაგების გზა გადაკეტეს.
მისი თქმით, სარაქები დამასკოსა და ლატაკიის გზაჯვარედინზე, ალეპოსკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ახლა კი ამბოხებულებს საშუალება ექნებათ ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური ქალაქისკენ მისასვლელი გზები გააკონტროლონ.
ალ-რაჰმანი იმასაც დასძენს, რომ ბრძოლების დროს, სამთავრობო არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხუთშაბათს 28 ჯარისკაცი მოკლეს.
თავდასხმის შემდეგ მოკლე ხანში, ჯარისკაცების დახცვის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ სჯიან სიკვდილით ამბოხებულები ტყვე ჯარისკაცებს. გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა უკვე გამოიწვია მძაფრი საერთაშორისო რეაქცია.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა ამბოხებულების ქცევას სამხედრო დანაშაული უწოდა. მომხდარი ფაქტი ასევე დაგმო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტიამ.“
ვიდეოზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია თავად სირიის ხელისუფლებას და სამთავრობო მედიას. გაეროს ყოფილი სამშვიდობო მისიის პრეს-სპიკერი ტიმორ გოქსელი ამბობს რომ ტყვეების სიკვდილით დასჯა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პირველი შემთხვევა არ არის .
„ლიბანში, სამოქალაქო ომის დროს, ჩვენ ამგვარი სახის უამრავი მკვლელობა ვნახეთ. თუმცა, მკვლელები ამის აფიშირებას არ ახდენდნენ. ვიდეოზე ჩანს, რომ ამბოხებულები ამით ამაყობენ. ამდენად, ჩვენ საქმე გვაქვს ძალზედ საშიშ ჯგუფებთან, რომლებსაც ყველაფრის ჩადენა შეუძლიათ,“ - ამბობს გოქსელი.
სისასტიკეში ამბოხებულთა ზოგიერთი ლიდერი ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ დაჯგუფებას სდებს ბრალს, რომელიც „ნუსრატის ფრონტის“ სახელით არის ცნობილი. თუმცა, ტიმურ გოქსელი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ომის დროს მებრძოლთა შეკავება რთული საქმეა.
„აუცილებელი არ არის ეს ალ-ყაიდას ხალხი იყოს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ვისაც ხელში იარაღი უჭირავს და თავს მსოფლიოს მმართველად მიიჩნევს. ეს სამოქალაქო ომის მენტალობაა, რაც ძალიან ხშირად გვინახავს. არ აქვს მნიშვნელობა რელიგიურ და პოლიტიკურ კუთვნილებას,“ - ამბობს გოქსელი.
როგორც ფრანგული ახალი ამბების სააგენტო იუწყება, სირიის ოპოზიციურმა ნაციონალურმა საბჭომ ამბოხებულებს ვიდეოში ასახულ კადრებზე კომეტარისკენ მოუწოდა. მანამდე საბჭოს ლიდერმა აბდულბასეტ სიედამ გააკრიტიკა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეთავაზება ფართო ოპოზიციური გაერთიანების შექმნის შესახებ. სიედას თქმით, ამ ინიციატივას სირიაში უცხოეთის ქვეყნების ინტერვენციის ელფერი აქვს.
ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი
XS
SM
MD
LG