ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზარინის საფრთხე სირიიდან


ექსპერტები შიშობენ, სირიის სამოქალაქო ომში შესაძლოა მასობრივი განადგურების იარაღი ჩაერთოს

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, არის ნიშნები, რომ სირია აწარმოებს ქიმიურ იარაღს, მათ შორის ზარინის გაზს. ზარინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქიმიური იარაღია, რომლის საშუალებით მოკლე დროში ათასობით ადამიანის დაავადება და დაღუპვაა შესაძლებელი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლუის რამირესი არკვევდა.

ამბოხებულებსა და სირიის მთავრობას შორის ბრძოლები მწვავდება. ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შეინიშნება მოძრაობა იმ ადგილებში, სადაც სირიის ქიმიური იარაღია განთავსებული.

ექსპერტები შიშობენ, სირიის სამოქალაქო ომში შესაძლოა მასობრივი განადგურების იარაღი ჩაერთოს. ტიმ ბრაუნი, უსაფრთხოების საკითხებში Globalsecurity.org.-ის ანალიტიკოსია. ის აცხადებს, რომ ზარინის გაზი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სასიკვდილო იარაღია.

თუ ადამიანი არ არის კომბინიზონში და არ ახურავს გაუმტარი გაზსაწინააღმდეგო ჩაფხუტი, მისი მცირედი ნაწილაკების ჩასუნთქვაც კი მომაკვდინებელია. ეს ნივთიერება მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, - ამბობს ბრაუნი.

ზარინის გაზით გამოწვეული საფრთხის შესახებ ინფორმაცია ახალი არ არის. ერთ-ერთი რელიგიური დაჯგუფების წევრებმა ზარინის გაზი 1995 წელს მეტროში თავდასხმის დროს გამოიყენეს, რამაც 13 ადამიანი იმსხვერპლა. ამ მასობრივი განადგურების იარაღს სადამ ჰუსეინის დროინდელი ერაყიც ფლობდა.

სადამის მიერ სხვა ტიპის მომწამლავი გაზის გამოყენებამ ირანის არმიასა და ერაყის ქურთულ მოსახლეობასთან ბრძოლისას 80-იან წლებში საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, ამ პერიოდში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან არ არსებობდა ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე. ტიმ ბრაუნის განცხადებით, მას შემდეგ სართაშორისო საზოგადოებამ წინსვლა განიცადა.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არ დარჩება რეაგირების გარეშე, - განაცხადა ტიმ ბრაუნმა. 2003 წელს შეერთებულმა შტატებმა ერაყის წინააღმდეგ ომი მასობრივი განადგურების იარაღის ბრალდებით დაიწყო. ახლა კი შეერთებული შტატები უკვე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს აფრთხილებს, არ გამოიყენოს მომწამლავი გაზი.

მინდა ასადისა და მისი ქვეშევრდომებისათვის სრულიად გასაგები იყოს - მათ მსოფლიო აკვირდება. ქიმიური იარაღის გამოყენება სრულიად მიუღებელია. თუ ამ ტრაგიკულ შეცდომას დაუშვებთ და ქიმიურ იარაღს გამოიყენებთ, ამას მოყვება შედეგები და პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის მიერ ნახსენები „შედეგები.“ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პირველი ნაბიჯი შესაძლოა სამხედრო-საჰაერო კამპანია იყოს. მისი მეშვეობით მწყობრიდან გამოიყვანენ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემას და სხვა საშუალებებს, რითაც შესაძლებელია ქიმიური იარაღის გადაზიდვა. მომწამლავი გაზი საფრთხის შემცველია არა მხოლოდ სირიის მოსახლეობისათვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისათვის, მათ შორის ისრაელისთვის.
XS
SM
MD
LG