ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის განცხადება


სირიის ეროვნული საბჭოს წარმომადგნელები აღნიშნავენ, რომ შეშფოთების და ღრმა მწუხარების მიუხედავად მათ სირიის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის და სისასტიკის ხელახალი ტალღა არ უკვირთ.

აქტივისტების განცხადებით, მართალია, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება კოფი ანანის მიერ წარმოდგენილ გაეროს სამშვიდობო გეგმას დათანხმდა, მაგრამ პარალელურად შეტევების ესკალაცია სწორედ 10 აპრილის წინა კვირას მოახდინა. გაეროს გეგმის მიხედვით 10 აპრილი იყო ბოლო ვადა, როდესაც სირიის მთავრობას ქალაქებიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანა. სირიის ოპოზიციის მონაცემებით, დროის აღნიშნულ ინტერვალში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილთა რაოდენობის დაზუსტება დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით არ ხერხდება.

ოპოზიციური ჯგუფი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად ის მზად არის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის განხორციელება კიდევ ერთხელ სცადოს. სირიის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი ბასმა კოდმანი აცხადებს, რომ ახალი ვადა ხუთშაბათს, 12 აპრილს იწურება. ამ დღეს სამშვიდობო გეგმის მიხედვით საომარი ქმედება ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს.

სიძნელეების მიუხედავად, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ, მიგვაჩნია, რომ კოფი ანანის გეგმა რეალურია და ის აღნიშნულ რეჟიმთან იმუშავებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო ძალები გაეროს მისიის, მონიტორების და დამკვირვებლების ადგილზე დაშვებას მოახერხებენ“ - აღნიშნა მან.

სამშაბათს მოსკოვში მყოფმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ კოფი ანანის მიერ წარმოდგენილი ძალადობის აღკვეთის გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო.

სირიის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელს ბასმა კოდმანს მიაჩნია, რომ ანანის სამშვიდობო გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში დღის წესრიგში სხვა გამოსავლის ძიებაც უნდა იდგეს. თავისუფალი სირიის არმიას იმედი აქვს, რომ გაერო რეზოლუციას დაამტკიცებს და წესდების მეშვიდე პუნქტს მიმართავს, რომელიც საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დასაცავად სამხედრო და არა-სამხედრო ქმედებასაც ითვალისწინებს.

„თუკი ამ გეგმამ არ იმუშავა, მაშინ ყველაფერი დიდი დოზით რუსეთზე და ჩინეთზე იქნება იქნება დამოკიდებული. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ისინი დანარჩენ სამყაროსთან ითანამშრომლებენ. ნებისმიერი დაყოვნება ამ საკითხში, სირიაში ასობით და ათასობით ახალ მსხვერპლს იწვევს“ - აცხადებს სირიის ოპოზიციის წარმომადგენელი.

გაეროს გადამწყვეტი ქმედებისკენ ამერიკელმა სენატორებმა, ჯონ მაკენიმა და ჯო ლიბერმანმაც მოუწოდეს. ისინი 10 აპრილს თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ სირიელ ლტოლვილებს შეხვდნენ.

„ნუ დავუშვებთ შეცდომას: სირიაში შეიარაღებული კონფლიქტია, იქ ომი მიმდინარეობს. ასადდთან დიპლომატია არ მუშაობს და არ იმუშავებს მანამ, სანამ ასადი ფიქრობს, რომ ოპოზიციას ის შეიარაღებული დაპირისპირებით მოუგებს“ - ნათქვამია სენატორთა ერთობლივ განცხადებაში. ისინი სირიის საკითხის დარეგულირებაში მეტი აქტიურობისკენ შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც მოუწოდებენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით სირიაში სამშვიდობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 9 ათასს აღწევს.

XS
SM
MD
LG