ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლა სირიაში აქტიურდება


ჰეზბოლა მსხვილი დაჯგუფებაა, რომელსაც ლიბანში სამოქალაქო ომის დროს სირიის მთავრობა დაეხმარა

სირიის ოპოზიცია ლიბანურ ჰეზბოლას სირიელი ხალხისთვის ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს. სირიელი ამბოხებულები ამტკიცებენ, რომ ქალაქ ჰომსთან მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ ასადის არმიას ჰეზბოლას მებრძოლები შეუერთდნენ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მარკ სნოუვისი არკვევდა.
როგორც ამბოხებულები აცხადებენ, გასულ კვირას სირიის ქალაქ ალ-ქუსართან გამართული ბრძოლების დროს ჰეზბოლას წევრები დაიღუპნენ. ბრძოლები ლიბანის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიის კონტროლისთვის მიმდინარეობს. სირიელი ამბოხებულების კომისიის განცხადებით, მათ ჰეზბოლას 18 მებრძოლი მოკლეს. ასევე, ორი სოფლისთვის გამართული ბრძოლების დროს, ამბოხებულებმა ჰეზბოლას 10 მებრძოლი ჩაიგდეს ტყვედ. სირიაში ჰეზბოლას მონაწილეობის დადასტურება დამოუკიდებელი წყაროებით ვერ ხერხდება. თავად ჰეზბოლა სირიის ომში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მოძრაობა აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ლიბანელ შიიტებს ეხმარებიან, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ საზღვრისპირა სოფლების და რაიონების დატოვება და ამბოხებულთა შეტევებისგან თავი დაცვა. ვაშინგტონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მეთიუ ლევიტი ამბობს, რომ ჯგუფის სასაზღვრო რაიონებში ჰეზბოლას აქტიურობა გაზრდილია.
„ადამიანთა ნაწილი, ვინც ბრძოლებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, ჰეზბოლას წევრები არიან. სულ ახლახანს მათ შექმნეს შეიარაღებული სახალხო კომიტეტები,“ - აცხადებს მეთიუ ლევიტი. მისი თქმით, სირიაში ჰეზბოლას დაღუპული მებრძოლების რაოდენობა დაახლოებით 200-ს აღწევს.
პოლ სალემი ბეირუთში კარნეგის ახლო აღმოსავლეთის ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, გარკვეული ხნის წინ, ასადის მთავრობამ დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე შიიტურ სოფლებზე თავდაცვაზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლას ეფექტურად გადააბარა. თუმცა, მისივე თქმით, ბოლო ათ დღეში შეტევით ოპერაციებში ჰეზბოლას საგრძნობი გააქტიურება შეინიშნება.
„მათი ბრძოლებში ჩაბმა უკიდურესი ჩრდილოეთის ქალაქ ქუსარის და დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰომს შორის ხდება. ეს რაიონები არ არის შიიტურებით დასახლებული, სადაც მანამდე ჰეზბოლას ყოფნა შეინიშნებოდა,“ - ამბობს სალემი.
ჰეზბოლა მსხვილი პოლიტიკური და სამხედრო დაჯგუფებაა, რომელსაც ლიბანში სამოქალაქო ომის დროს გამარჯვებაში სირიის მთავრობა დაეხმარა.
„ჰეზბოლა ფართო ირანული ალიანსის ნაწილია. მათ არ სურთ რომ ეს სისტემა დამასკოში დაირღვეს. სირიის მთავრობას ეხმარება, როგორც ჰეზბოლა, ასევე ირანი,“ - ამბობს სალემი.
უსაფრთხო დერეფნის შექმნით, ჰეზბოლას სირიულ საზღვაო პორტებზე გასვლის და ირანული იარაღის გატანის საშუალება ეძლევა. თუმცა, სუნიტურ ტერიტორიებსაც, რომელიც ამჟამად ამბოხებულთა ხელშია, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი აკისრია, თუკი სირიის მთავრობა გადაწყვეტს და დამასკოდან სანაპირო რაიონებისკენ დაიხევს. ეს რაიონები ძირითადად ეთნიკური ალავიტებით არის დასახლებული, რომლებიც ასადის დასაყრდენ ძალას წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG