ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთის მეფე: ქვეყანამ კოვიდს თავი ვერ გაართვა


შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და დედოფალი სილვია 2019 წლის ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო გალაზე

შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ კოვიდ-19-ის პანდემიაზე ადეკვატური პასუხის გაცემა ვერ შეძლო და მისი მართვა "ჩააგდო". ამის გამო, შვედმა ხალხმა "უზარმაზარი" ზარალი განიცადა.

დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერში, მეფე კარლ XVI გუსტავი "საშინელ" ფაქტს უწოდებს იმას, რომ შვედეთში ვირუსის გამო ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით ერთი თვის წინ, 74 წლის მეფის ოჯახში კოვიდ-19 მის ვაჟს და რძალსაც დაუდასტურდათ. "ის [ვირუსი] უფრო და უფრო მოგვიახლოვდა. ამას არავინ ისურვებდა".

შვედეთის მეფე შობის წინ ადგილობრივი ტელევიზიით მთელი წლის შედეგებს აჯამებს. მონარქია ქვეყანაში მხოლოდ ცერემონიულ ხასიათს ატარებს და მეფე კარლ XVI გუსტავს შვედეთში არანაირი პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნია.

შვედეთმა პანდემიის მიმართ თავიდანვე განსხვავებული პოზიცია აირჩია. მეზობელი ნორვეგიის და დანიისგან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მთავრობას მკაცრი საკარანტინე ზომები არ მიუღია. შვედეთში არც ნიღბები ყოფილა სავალდებულო და არც რესტორნები და ბიზნესები დახურულა. ინფიცირების გავრცელების შესაჩერებლად, მთავრობა ძირითადად მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით დისტანციის დაცვას და ჰიგიენის რეკომენდაციების შესრულებას ეყრდნობოდა.

თუმცა, მხოლოდ ამ ზომებმა არ გაჭრა. გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებლები და ასევე, სიკვდილობაც. ბოლო დროს, განსაკუთრებით ბევრი ხანდაზმული გარდაიცვალა და შვედეთმა ყოველ ას მოსახლეზე სიკვდილობის მონაცემით ნორვეგიას, დანიას და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანას გაასწრო.

სამშაბათს, შვედეთის მთავრობის დანიშნული, დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ მოსახლეობა ვირუსისგან სათანადოდ ვერ დაიცვა. განსაკუთრებით, ეს შვედ მოხუცებს ეხებათ.

ბოლო რამდენიმე კვირაა მთავრობამ შეზღუდვები შემოიღო. მათ შორის: სკოლების ონლაინ სწავლაზე გადასვლა, საჯარო თავყრილობების შეზღუდვა, ბარებში და რესტორნებში ალკოჰოლის ღამის 10 საათის შემდეგ გაყიდვის აკრძალვა და ა.შ.

შვედეთში კოვიდ-19-ით დღეს 7 667 გარდაცვლილი ჰყავთ, რაც 10-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნისთვის საკმაოდ დიდ მაჩვენებლად მიიჩნევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG