ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთის განსხვავებული სტრატეგია კორონავირუსთან ბრძოლაში


პარიზი, ბერლინი, ლონდონი, ნიუ იორკი - მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქი კარანტინშია. თუმცა, ვითარება განსხვავებულია შვედეთში. სტოკჰოლმში ბარებსა და რესტორნებში კვლავ ხალხმრავლობაა. ევროპელი მეზობლებისგან განსხვავებით, შვედეთმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სულ სხვა სტრატეგია აირჩია. ქვეყანა უარს ამბობს კარანტინსა და ეკონომიკის შეჩერებაზე.

შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა, ქვეყნის სტრატეგიაზე, გერმანიის მარშალის ფონდთან ისაუბრა.

„ჩვენ პოლიტიკას და სხვა ქვეყნების პოლიტიკას შორის განსხვავება ისაა, რომ მათი პოლიტიკა ვერ იქნება განგრძობადი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სისტემის თვეობით ან წლობით გაგრძელება, ისე რომ საზოგადოებას, თუ ეკონომიკას რეალური ზიანი არ მივაყენოთ. პოლიტიკის შემუშავებისას ამას ვითვალისწინებდით. სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენც ვსწავლობთ ტენდეციებს და როცა შემთხვევების რაოდენობა შემცირდება და მოსახლეობის იმუნიტეტს შევისწავლით, მიღებული ზომების ნაწილს გავაუქმებთ", - ამბობს ანდერს ტეგნელი.

იყავით მოწიფულები - მოუწოდა შვედეთის მთავრობამ მოსახლეობას. შეზღუდვები მსუბუქია, თუმცა შვედეთში დამამთავრებელი კლასის სტუდენტები სახლში არიან, 50 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება, შვედეთის მუშახელის 50 პროცენტზე მეტი სახლიდან მუშაობს, და სტოკჰოლმის ქუჩები ბევრად უფრო ნაკლებად დატვირთულია, ვიდრე ეს ვირუსის გავრცელებამდე იყო.

მუშაობას აგრძელებენ დაწყებითი სკოლები, რესტორნები, სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები და ბევრი სხვა დაწესებულება. მთავრობა მოუწოდებს 70 წელზე მეტი ხნის ადამიანებს სახლში დარჩნენ, თუმცა ეს მოთხოვნა არაა.

ერთი ვერსიით, მინიმალური შეზღუდვებით კორონავირუსთან ბრძოლა, ქვეყნის განსაკუთრებული მახასიათებლებიდან გამომდინარეობს. შვედეთში, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 25 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა მაგალითად იტალიაში ეს მაჩვენებელი 205-ია, ხოლო ესპანეთში 91. მოსახლეობის 50 პროცენტი კი მარტო, ოჯახის გარეშე ცხოვრობს.

ტეგნელი ამბობს, რომ შვედეთი სხვა მხრივაც განსაკუთრებულია.

„შვედეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტრადიციის მიხედვით... ინდივიდის აქვს პასუხისმგებლობა არ გაავრცელოს ვირუსი“, - ამბობს ის.

ტენგელის თქმით, ქვეყნის მიზანი მოსახლეობაში იმუნიტეტის გამომუშავებაა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ სურთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს.

„უმეტესობამ ვინც კორონავრისუზე და სხვა ვირუსებზე მუშაობს, იცის, რომ ვაქცინაციის პროგრამების იდეა პოპულაციური (ე.წ. ჯოგური) იმუნიტეტის კონცეფციაზე დგას. დღეს ბევრ დაავადებას ასე ვაკონტროლებთ, მოსახლეობაში იმუნიტეტის გარკვეული დონის გამომუშავებით, რომ გავრცელება შევანელოთ და გრძელვადიან პერიოდში, მაგალითად როგორც შვედეთში წითელას შემთხვევაში, სრულებით აღმოვფხვრათ. ამიტომ ვითვლით ადამიანების რაოდენობას, ვისაც კორონავისური ჰქონდა", - თქვა მან.

შვედების უმეტესობა მთავრობის პოლიტიკას ეთანხმება. მაგრამ, ქვეყანას ბევრი აკრიტიკებს არჩეული სტრატეგიის გამო. ამ დროისთვის 10-მილიონიან ქვეყანაში ინფიცირებულია 16 000-ზე მეტი და გარდაიცვალა 1 937 ადამიანი. ტეგნელის თქმით, შვედეთის ჯანდაცვის სისტემა, გამოწვევას ამ დრომდე უმკლავდება.

"ჩვენ გვჯერა, რომ თუ ამ იმუნიტეტს მივაღწევთ, მოვახერხებთ გავრცელების შენელებას და შემდეგ შეგვეძლება მიღებული რეგულაციების შემსუბუქება... ხშირად, ამის ინტერპეტაცია ისე ხდება, თითქოს გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინფიცირდეს. ეს რა თქმა უნდა, არაა ჩვენი პოლიტიკა. პირიქით, გვინდა რომ ცოტა ადამიანი დაინფიცირდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და ამ დრომდე ჯანდაცვის სისტემა კარგად უმკლავდება სიტუაციას“, - აცხადებს ის.​

კრიტიკოსები ამბობენ, რომ მეზობელ დანიასა და ფინეთთან შედარებით, სიკვდილიანობა შვედეთში გაცილებით მაღალია. თუმცა გარდაცვალების მაჩვენებლებით, ერთ მილიონ მოსახლეზე ჩამორჩება დიდ ბრიტანეთს, ესპანეთს თუ საფრანგეთს.

დებატები გრძელდება. პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ქვეყანას მეზობლებს ადარებენ, ხოლო პოლიტიკის მომხრეები ევროპის სხვა ქვეყნებს, მაგალითად შვეიცარიას, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით შვედეთთან ახლოსაა, ზომებიც გამკაცრებულია, თუმცა ვითარება იდენტურია.

რეალურად, ინფიცირების და გარდაცვალების მონაცემებით, შვედეთი ევროპის შუალედურ რგოლში ექცევა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამას იმით ხსნის, რომ მეზობელ ქვეყნებს ჯერ პიკისთვის არ მიუღწევიათ, ხოლო შვედეთი ამ ეტაპს დიდი ალბათობით უკვე გადის. მისი თქმით, მეზობლების პოლიტიკა მოკლევადიანია და კარანტინის დამთავრების შემდეგ, ეს ქვეყნები ინფექციის ხელახალი აფეთქებების საშიშროების წინაშე შეიძლება დადგნენ, შვედეთისგან განსხვავებით, რომელიც კრიზისს ნაკლები ეკონომიკური ზარალით გადალახავს. ამასთან, ტეგნელი აღიარებს, რომ ქვეყანამ ვერ მოახერხა მოხუცებულთა სახლების დაცვა. მისი თქმით გარდაცვლილთა უმეტესობა სწორედ მოხუცებულთა სახლების მკვიდრები არიან.

„მართალია, ჩვენს მეზობლებთან შედარებით, სიკვდილიანობის მაღალი მონაცემები გვაქვს, თუმცა ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, ნიუ-იორკში, ნიდერლანდებში, ბელგიაში და ბევრ სხვა ქვეყანაშია. ჩვენ ამას არ აღვიქვამთ, როგორც ჩვენი პოლიტიკის ჩავარდნას, ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც მოხუცებულთა სახლების პრობლემას და მათი სამუშაო პრაქტიკის პრობლემას“, - აცხადებს ის.

მიუხედავად ნაკლები შეზღუდვებისა, ქვეყნის ეკონომიკა მაინც ზარალდება. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10 პროცენტით შემცირდება და უმუშევრობა კი 13 პროცენტით გაიზრდება.

ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რამდენად წარმატებული იქნება შვედეთის პოლიტიკა. თუმცა, ტეგნელი იმედოვნებს, რომ ქვეყანამ უარესი უკვე უკან მოიტოვა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG