ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სვანეთამდე გზა შორია, მაგრამ მისი გადალახვა ნამდვილად ღირს, რადგან იქ ბევრ საოცრებას იხილავ. მეთორმეტე საუკუნეში რომ მოხვდე და თან ისე, რომ თავი არა ზღაპარში, არამედ სინამდვილეში იგრძნო, მხოლოდ რამდენიმე ასეული კილომეტრი უნდა დაძლიო და მთებს ზემოთ აუყვე. მთების ხსენებისას, ავტომატურად მათი სილამაზის აღწერა და გადმოცემა მინდება, მაგრამ როგორც კი ისინი დავინახე, საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამის შესახებ სიუჟეტში არაფერს ვიტყოდი, რადგან ეს, უბრალოდ შეუძლებელია. რა ემოცია გეუფლება მათ შემხვედვარეს, რა შეგრძნებები გიპყრობს, ფრთები როგორ გესხმება და როგორ ივსები ერთადერთი სურვილით, რომ რაც შეიძლება მეტი შეისუნთქო, ამის შესახებ აბა რა უნდა ვთქვა. მე თუ მკითხავთ, უშგულამდე ტრანსპოტრით კი არა, ფეხით უნდა ავიდეს ყველა, რათა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მიღებული სიამოვნების წვეთი არ დაეკარგოს.

ახლა სვანეთისკენ მისასვლელი გზა კაპიტალურად კეთდება. ყოველ მონაკვეთზე გამალებული მუშაობა მიმდინარეობს. სვანები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს. მესტიაც, სვანეთის ცენტრი მტვრის ბუღსა და ტალახშია გახვეული. ყველგან მშენებლობაა ახალი სასტუმროების, ხიდების, გზების. ამ საყოველთაო რემონტის მიუხედავად სვანეთში უცხოელი ტურისტი

ბევრია, იმდენად, რომ მესტიაში ადგილობრივი ბავშვები ყველა ახალჩასულს ინგლისურად ესალმებიან.

სვანეთში უშგული ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია. იგი ალპურ ზონას განეკუთვნება და ზღვის დონიდან 2000–2200 მეტს სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ოთხი დასახლებული პუნქტისგან შედგება, სადაც 37 სვანური კოშკია განლაგებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ კოშკები გვარების საკუთრებაა და უძველეს დროსაა აშენებული. დღეს ამ ვიწრო ქუჩებსა და კოშკებს შორის შეხვდებით ლათინურ მინიშნებეbსაც „“Hotel”, “Shop”, “Bar”… დავით რატიანს უშგულში საკუთარი სასტუმრო აქვს. ამბობს, რომ სტუმართმოყვარეობა უდიდესი ღირებულებაა. სვანეთი მისთვის სწორედ რომ ტრადიციულობასთანაა გაიგივებული. უძველესი რიტუალები იქ დღესაც დიდი მოწიწებით სრულდება და ყველა ცდილობს მის შენარჩუნებას და დაცვას, თუმცა დავით რატიანი მაინც სევდიანად შენიშნავს, რომ ადრე ტრადიციების დაცვა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა, თანამედროვეობაში კი მხოლოდ მოვალეობად იქცა.

სხვანეთში ყველა ეკლასიას საკუთარი მცველი ჰყავს, რომელსაც ტაძარზე და იქ დაცულ საგანძურზე პასუხისმგებლობა აკისრია. არავის შეუძლია თქმა ზუსტად რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ ეკლესიის გასაღები რომელიმე კონკრეტულ გვარს გადაეცა. ეს ტრადიცია დღესაც ურღვევია. სალოცავები სვანეთში განსაკუთრებული მოწიწების საგანს წარმოადგენს. სვანები საფუძვლიანად ამაყობენ იმით, რომ უდიდესი გაჭირვების მიუხედავად, საკუთარი თავისთვის არავის მიუცია უფლება მასზე მინდობილი საგანძური გაეყიდა. მისი დაცვა სვანეთში სინდისის საქმედ ითვლება. ყოველი ეკლესია შემკულია მეათე, მეთორმეტე საუკუნის ვეცხლისა და მოოქროვილი ხატებითა და ჯვრებით. მათთან მიახლოვება საუკუნეების მანძილზე მხოლოდ საგანგებო დღესასწაულების, ხატობების დროს შეიძლებოდა. ეკლესიაში შესვლის უფლება კი რიტუალის აღმსრულებლისა და მცველის მეტს არავის შეეძლო. 28 წლის ლერი გირგვლიანი ლატალში ცხოვრობს. ეს თემი იმითაა ცნობილი, რომ მასში 73 ეკლესიაა. განსაკუთრებით გამოირჩევა ლატალის მაცხვარიშის, ანუ მაცხოვრის XI-XII სს–ების ერთნავიანი ბაზილიკა XII საუკუნის მხატვრობით. ლერი გირგვლიანი ამბობს, რომ ორიოდე წელია, რაც მან შეძლო ლატალში არსებული რამდენიმე ეკლესია შიგნიდან დაეთვალიერებინა. მანამდე ეკლესიაში შესვლის უფლება არ ჰქონდა. ამავეს ამბობს ლატალიში მცხოვრები თამუნა ილდანი.

უშგულში ეთნორგაფიული მუზეუმი 1989 წელს გაიხსნა ერთ–ერთ უძველეს საგვარეულო კოშკის შენობაში. მისი დირექტორი ნანული ჭელიძე ამბობს, რომ მუზეუმს დამთვალიერებელი არ აკლია. აქ უამრავი საინტერესო, ტრადიციული ნიმუშია დაცული, მათ შორის მედიატორთა ჯოხებიც მრავალი ნაჭდევით. რაც იმის დამადასტურებელია, რომ მის მეპატრონეს გვარებს შორის შუღლი არაერთხელ აუცილებია თავიდან და საქმე მშვიდობიანად მოუგვარებია. „აქ სვანეთის თავისუფალი თემია, რომელსაც ბატონი არასდროს ყოლია. ეს კოშკები ჩვენს წინაპრებს გარეშე მტრისგან თავდასაცავად კი არ აუგიათ, არამედ გვარებს შორის შუღლისგან დაცვისთვის“, ამბობს ნანული ჭელიძე.

XS
SM
MD
LG