ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერა შემცირდა


მას შემდეგ, რაც ყოფილმა საგანგებო პროკურორმა რობერტ მალერმა, კონგრესისთვის მიცემულ რამდენიმე საათიან ჩვენებაში, შეერთებული შტატების ლიდერის წინააღმდეგ ახალი, სკანდალური ბრალდებები არ წარმოადგინა, ამერიკელი დემოკრატი კანონმდებლებისთვის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოცხადების შესაძლებლობა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად შემცირდა.

მალერის გამოძიების ერთ-ერთმა კურატორმა, კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფმა „სი-ენ-ენს“ უთხრა: „რეალისტები უნდა ვიყოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა ამ დროისთვის, ერთადერთი გზა, რომლითაც ის თანამდებობას დატოვებს, 2020 წლის არჩევნებში მისი დამარცხება იქნება.“

მან თქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ქვეყნისთვის მძიმე გამოცდილება იქნება და ამ საკითხს ზერელედ ვერ მიუდგებიან. შიფმა განაცხადა, რომ დემოკრატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა არჩევნებზე, ტრამპის წინააღმდეგ ხმის მისაცემად, მომხრეების მობილიზაცია მოახდინონ.

კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერი, რომელიც მალერს კითხვებს თითქმის სამი საათის განმავლობაში უსვამდა, საიმპიჩმენტო მოსმენების დაწყებას ითხოვდა, მაგრამ სპიკერმა ნენსი პელოსიმ, ჯერ-ჯერობით, ძალისხმევა პოლიტიკური შედეგების შიშით დაბლოკა. მას სჯერა, რომ ეს საბოლოოდ ცარიელ ჟესტად დარჩება.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად, ხმების უბრალო უმრავლესობა რომ შეაგროვონ კიდეც, რესპუბლიკელების მიერ მართული სენატი, სავალდებულო ორი მესამედის უმრავლესობით, ტრამპის დასჯას და თანამდებობიდან გადაყენებას ხმას არ მისცემს.

პელოსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმპიჩმენტისთვის მტკიცე საფუძველი რომ ჰქონოდათ, ამ გზას მიმართავდნენ. 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის 235 დემოკრატიდან, 90-მა ტრამპის იმპიჩმენტისკენ ან საიმპიჩმენტო გამოძიებისკენ მოუწოდა.

რესპუბლიკელები, ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობის შესაძლებლობასაც კი ირონიულად უყურებენ. მალერი, დაპირების შესაბამისად, საკუთარი გუნდის დასკვნების ერთგული დარჩა. მან კატეგორიული უარი უთხრა დემოკრატი კანონმდებლების თხოვნებს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო ახალი ინფორმაცია შეეთავაზებინა, ან განეხილა რესპუბლიკელი კანონმდებლების მტკიცებები, რომ გამოძიება საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო და ის ტრამპის წინააღმდეგ მიკერძოებით გამოირჩეოდა.

შეერთებულ შტატებში, ეროვნული მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ უმრავლესობა ტრამპის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება. „ვაშინგტონ პოსტის“ და „ეი-ბი-სის“ გამოკითხვა ამბობს, რომ ტრამპის იმპიჩმენტს 59 პროცენტი ეწინააღმდეგება და გამოკითხულთა მხოლოდ 37 პროცენტი უჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG