ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სტაილდიპლომასის" პრეზენტაცია სოჰოში


სოჰოში ნებისმიერი ღონისძიება, იქნება ეს პრეზენტაცია, შოუ, საღამო თუ გამოფენა უკვე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და ღირებულია. ეს უკვე ნიშნავს წარმატებას. "სტაილდიპლომასის " ვებ-გვერდის პრეზენტაციამ, რომელიც "აქუა გალერიში" შედგა, ორი საათით ერთად შეკრიბა ქართველი დიპლომატები უცხოელ კოლეგებთან ერთად, ამერიკული მედიის წარმომადგენლები, დიზაინერები და ნიუ-იორკში მცხოვრები წარმატებული ხელოვანები.

ნატალია ფიფია ვებ-გვერდის "სტაილდიპლომასის" მენეჯერია. ქართველია, დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში, ოცია წელია ვაშინგტონში ცხოვრობს.

ნატალია ფიფია: ქართველი დიზაინერების სახელი და მნიშვნელობა გლობალურად მოდის სამყაროში საკმაოდ მზარდია.ამიტომ გადავწყვიტე, რომ უფრო მეტად გავხადო ცნობილები, ჩემი მიზანი მათი პრომოუშენია. ბიზნესს ადმინისტრირების გამოცდილება მაქვს, ბევრგან მიმოგზაურია. ეს სფერო ძალიან მიყვარს და ყველა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ რაღაც შეხება ყოველთვის მქონია ადგილობრივ დიზაინერებთან. ვაშინგტონში ვცხოვრობ, მაგრამ ვებ-გვერდის პრეზენტაცია ნიუ-იორკში გადავწყვიტე, როგორც მოდის მთავარ ქალაქში. ამჟამად 17 ქართველ დიზაინერთან ვთანამშრომლობთ.

ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი უნიკალური ტანისამოსის, ფეხსაცმლის თუ სხვა აქსესუარების ფასი არ ჩამოუვარდება მსოფლიოში უკვე ტრადიციულ და ძვირადღირებულ ბრენდებს. თუმცა, პრეზენტაციაზე მისულ მომხმარებელს შეეძლო 10-15 პროცენტიანი ფასდაკლებით ესარგებლა. ონლაინ-მაღაზია ამ ბაზარზე არსებული სტანდარტებით იმუშავებს. გაყიდული ნივთის ტრანსპორტირება უფასო იქნება. დაწუნების შემთხვევაში, მომხმარებელს ასევე უფასოდ შეეძლება 30 დღის ვადაში ნივთის დაბრუნება.

ვებ-გვერდი ინფორმაციულადაც დატვირთულია. საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი და გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე მიღებაზე კოლეგებთან ერთად იმყოფებოდნენ.

დიანა ჟღენტი: ეს არის ვებ-გვერდი რომელიც ყიდის საქართველოში წარმოებულ საქონელს, მაღალი ხარისხის საქონელს. პირველად არის შესაძლებელი, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით ამერიკაში მომხმარებლებმა საქართველოში შექმნილი პროდუქციის შეძენა შეძლონ. ინგლისურენოვანია, შეიცავს ბევრ ინფორმაციას საქართველოზე, სად უნდა წახვიდე, რა უნდა ჭამო, არის ბლოგებიც.

"სტაილ ფეშენ მეგეზინი" პრეზენტაციაზე სხვა ამერიკელ ჟურნალისტებთან ერთად იყო მოწვეული.

რებეკა კარჰაი: ვფიქრობ ეს ვებ-გვერდი მართლა მაგარია და ძალიან კარგად მოხვდება ჩვენი ჟურნალის განყოფილებაში ამ პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია. ქართველი დიზაინერების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა უფრო დავინტერესდები.

ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ამერიკაში უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ, კმაყოფილები არიან იმით, რომ ნიუ-იორკში ბოლო დროს ხშირად იმართება ქართველი დიზაინერების ჩვენება, ერთი წლის წინ გაიხსნა ქართველი დიზაინერების მაღაზია "მალატი," ეწყობა მხატვრების ჯგუფური გამოფენები, სოლო-შოუები.

ინგა კერესელიძე უკვე ოცი წელია რამოსის გვარს ატარებს და ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამჟამად მედისონ ავენიუზე "ლანვილის" ბუტიკის დირექტორია. მუშაობდა რობერტო კავალისთან. ის ამბობს, რომ ქართველ დიზაინერებს ნიუ-იორკში აქვთ შანსი საკუთარი ნიშა დაიკაონ.

ინგა კერესელიძე: მთავარია, როდესაც სურვილი და ჩანაფიქრი გაქვს ამას გაყვე. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა გამოვხატოთ და ქართველები, რა თქმა უნდა, დავეხმარებით ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებით.

ცუცა კაპანაძე: აქ უკვე ბოლო ექვსი წელია ქართველი დიზაინერები და მხატვრები არიან ძალიან წარმატებულები. ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრს მოეწონა ქართული სამოსი, ფეხსაცმელი, სამკაული, რადგან აბსოლუტურად სხვა ხედვა გვაქვს ქართველებს.

ნატალია ქუთათელაძე: ქართველი დიზაინერები კი არა, ქართულ ერთ ასოს რომ დავინახავ აქ, სიამაყით შემიძლია ხოლმე გავფრინდე ისე მიხარია. მითუმეტეს, ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში, სხვანაირად არ გამიგოთ, ეს არ არის ბრუკლინი, სოჰოში, ასეთ პრესტიჟულ ადგილას, სადაც სწორედ ახლა გავიცანი სერგეი დავლატოვის ქალიშვილი, რომელიც ამ პრეზენტაციას სტუმრობს, მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მოგზაურები ვართ და არა ტურისტები, ჩვენ ვმოგზაურობთ სტილში" - ასეთია "სტაილდიპლომასის" ვებ-გვერდის განაცხადი მაღალი მოდის სამყაროში, რომელიც მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილ ქართულ სახელებს - აკა ნანიტას, ანუკის, ჩუბიკას, ელოშის, ნინო ბაბუხადიას, სალომეს, სილუეტს და სხვებს ახალ გამოწვევას სთავაზობს.

XS
SM
MD
LG