ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აღწერს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას და განწყობებს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა? რამდენად ასახავს შედეგები არსებულ პოლიტიკურ სურათს? ამის შესახებ ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორს, სტივენ ნიქსს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

- თქვენს კვლევასა და მეთოდებზე რომ გვითხრათ... როგორც ვიცით კვლევის საველე სამუშაოები 22 თებერვალსა და 8 მარტს შორის ჩატარდა?

- ამ გამოკითხვისთვის, როგორც ყველა გამოკითხვისთვის, სტანდარტულ შერჩევას ვიყენებთ 1500 ადამიანის მონაწილეობით, პირისპირ ინტერვიუებს ვატარებთ რაც გამოარჩევს ჩვენს კვლევას სხვებისგან. მხოლოდ პირისპირ ინტერვიუებს ვატარებთ და ვიყენებთ შემთხვევითი შერჩევის მეთოდს, რაც მსგავსი კვლევებისთვის სტანდარტულია. ეს ნიშნავს, რომ არსებულ მონაცემეზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვკითხავთ რეპრეზენტაციულ რაოდენობას ქალებს, კაცებს, ანუ ვყოფთ რესპონდენტებს სქესის მიხედვით, ასევე ასაკის მიხედვით, განათლების და დასახლების ტიპის მიხედვით: ქალაქად თუ სოფლად. ანუ ჩვენი კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობისა რეპრეზენტაციულ სურათს.

- კვლევის მიხედვით, რა არის ის მთავარი საკითხები, რომლებიც ქართველებს აღელვებთ? შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის რუსეთი შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი საგანია, ისევე როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, როგორ ახსნიდით ამას?

- პირველ რიგში, რაც ამ კონკრეტულ კვლევაში იკვეთება ისაა, რომ მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისადმი უკანასკენლ ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება. დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისადმი ქართველებს ყოველთვის მდგრადი პოზიცია ჰქონდათ. და ეს იმის დასტურია, რომ საქართველოს კვლავ აქვს სურვილი და იმედი, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს.

მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის პარალელურად, კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რუსეთს, როგორც სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსთვის. თუმცა იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინაა ქვეყნის ხელისუფლებაში, მათ სურთ, რომ მთავრობას რუსეთთან დიალოგი ჰქონდეს.

ჩვენი შეფასებით, ამას ეკონომიკური მიზეზები აქვს. ისტორიულად რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ეს ეკონომიკას უკავშირდება, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

მონაცემები გვაჩვენებს, რომ ეკონომიკა და სამუშაო ადგილები საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ჩვენი შეფასებით, მთავრობამ განსაკუთრებით ამ კუთხით უნდა გაამახვილოს ყურადღება და ეცადოს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას - ჩვენი კვლევის მიხედვით, ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს.

- პარტიების ნაწილი და მმართველი პარტია ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თქვენი გამოკითხების სიზუსტეს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კვლევებს ენდობა, როგორ უპასუხებდით ამ, ასე ვთქვათ, ბრალდებებს?

-ეჭვი არ გვეპარება ჩვენს კვლევებში. ჩვენს კვლევებს ენდობიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ეს ჩვენი ბრენდია, რომელიც ცნობილია სიზუსტითა და სტატისტიკური სანდოობით. ის მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, სანდოა. ჩვენი გამოკითხვების პროცესს, ინტერვიუების წარმართვასა და მონაცემთა შეგროვებას უცხოური კომპანია ზედამხედველობს. ეს კომპანიიაა „ბალტიკ სარვეის“ (ან “ბალტიისპირეთის კვლევები”), რომელიც ვილნიუსში, ლიტვაშია დაფუძნებული. წინა კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩვენი შედეგები ზუსტია. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას, რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ძალიან დარწმუნებულნი ვართ ჩვენი კვლევების სიზუსტესა და სისწორეში.

- პოლიტიკური პარტიების რეიტინგზე გადავიდეთ: თქვენი მონაცემებით მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, სამ მთავარი პარტიას მისცემდა ხმას, ესენია „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. როგორ აისახა ოპოზიციის გაყოფა თქვენს კვლევაში?

- თქვენც აღნიშნეთ და მეც გეტყვით, პირველ რიგში, ეს კვლევა პოლიტიკურ სიტუაციას მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში ასახავს. ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიცვლება. საქართველოში შემდეგი ადგილობრივი არჩევნებია და იქამდე ბევრი დროა. ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა რეიტინგებზე საუბარი. ოპოზიციური პარტიების შემადგენლობის ცვლილება კვლევის ჩატარებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე მოხდა, ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა.

ჩვენ ერთი და იმავე შეკითხვას ვსვამთ იმიტომ, რომ გვინდა თანმიმდევრულები ვიყოთ, რათა შემდეგ, მონაცემები წინა წლების შედეგებს შევადაროთ, და ეს სტანდარტული კითხვაა. მაგრამ ჯერ ადრეა შეფასებების გაკეთება, ეს ჯერ ბევრს არაფერს გვალევს იმისთვის, რომ ანალიზი შეგვეძლოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG