ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესში ერისადმი მიმართვით წარსდგა


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ტრადიციის შესაბამისად დღეს ერს მიმართა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. კონგრესის ერთობლივი სესიის წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომელიც თავად ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ათწლეულების განმავლობაში მსახურობდა, ყურადღება შიდა პოლიტიკაზე გაამახვილა და საგარეო პოლიტიკას გამოსვლის მხოლოდ მცირე ნაწილი დაუთმო.

პრეზიდენტის ტონი მისი რესპუბლიკელი კოლეგების მიმართ, კეთილგანწყობილი იყო და მიუხედავად კრიტიკისა, საკანონმდებლო ინიციატივების წინ წასაწევად, რესპუბლიკელ კანონმდებლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა. ორპარტიული კონსენსუსის მნიშვნელობა პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. „მივმართავ ჩემს რესპუბლიკელ მეგობრებს, თუ წინა კონგრესში ერთობლივად მუშაობა შეგვეძლო, არ არსებობს მიზეზი რატომ არ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და ამ ახალ კონგრესშიც კონსენსუსი ვიპოვოთ,“ თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე ისაუბრა, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის გამოწვევებზე, გაიხსენა 2021 წლის, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა და თქვა, რომ ქვეყნის დემოკრატია "მიუხედავად იმისა ტკივილი მიადგა, დაუმორჩილებელი და ურყევი რჩება."

ბაიდენმა სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი, ეკონომიკაზე საუბარს დაუთმო და მოუწოდა რესპუბლიკელ კოლეგებს, რომლებიც გასული წლის შუალედური არჩევნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, ერთად იმუშაონ, რათა მოსალოდნელი ეროვნული ვალის კრიზისი გადაილახოს.

ბაიდენმა ისაუბრა ჯანდაცვაზე და სოციალურ დაზღვევაზე. მან განაცხადა რომ ვეტოს დაადებს ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც სოციალურ დაზღვევას ან ხანდაზმულთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამებს საფრთხეს შეუქმნის.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საშუალო კლასზე და თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ეცდება დააბრუნოს წარმოების და სხვა ტიპის სამუშაო ადგილები „დავიწყებულ" ადგილებში.

„ჩემი ეკონომიკური გეგმა არის იმ ადგილებში და ადამიანებში ინვესტირება, რომლებიც მივიწყებული იყვნენ. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური აღმავლობის პირობებში, ძალიან ბევრი ადამიანი უკან დატოვეს ან ისე მოექცნენ, თითქოს უხილავები იყვნენ,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის ორპარტიულად მიღებულ კანონმდებლობას, რომლის მიზანიც ამერიკის გზების, ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლებაა.

პრეზიდენტმა თქვა რომ მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის შესანარჩუნებლად, შეერთებულ შტატებს საუკეთესო ინფრასტრუქტურა სჭირდება და ახალი სტანდარტების მოთხოვნით, ფედერალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მხოლოდ ამერიკაში დამზადებული სამშენებლო მასალების გამოყენება იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტმა ისაუბრა ინფლაციის მიზეზებზე და დასძინა, „ინფლაცია, გლობალურ პრობლემად იქცა პანდემიის გამო, რომელმაც შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები და პუტინის ომის გამო, რომელმაც შეაფერხა ენერგიისა და საკვების მიწოდება. მაგრამ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა დედამიწაზე. მეტია გასაკეთებელია, მაგრამ აქ, ქვეყნის შიგნით ინფლაცია იკლებს".

პრეზიდენტი ეცადა მისი პარტიის შედარებით რადიკალური წევრებისგან გასხვავებით, შუალედური პოზიცია დაეკავებინა. საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის "კაპიტალისტია", თუმცა იქვე დასძინა, რომ დიდი კომპანიები და მილიარდერები უფრო მაღალ გადასახადს უნდა იხდიდნენ. აქვე, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკას "ერთი სიტყვა აღწერს: შესაძლებლობები" და დაამატა, რომ საჭიროა ქვეყანას "სიამაყის განცდა" დაუბრუნდეს.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას "რამდენ ხანსაც ეს საჭიროა".

მან ასევე ისაუბრა ჩინეთის მხრიდან მზარდ გამოწვევაზე და თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის მიზანი არა ჩინეთთან კონფლიქტი, არამედ შეჯიბრია.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მას რესპუბლიკელებმა უპასუხეს. რესპუბლიკელების პასუხი წელს არკანზასის გუბერნატორმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა პრეს-სპიკერმა, სარა ჰაკაბი სანდერსმა წარადგინა. სანდერმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა გამოწვევაზე, რომელსაც "რადიკალური მემარცხენე ფლანგი" ქვეყანას უქმნის და თქვა, "ამერიკელთა უმეტესობას სურს იცხოვროს თავისუფლებასა და მშვიდობაში, მაგრამ ჩვენ თავდასხმის ქვეშ ვართ მემარცხენე კულტურული ომის ფონზე, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია და არასდროს გვინდოდა მასში ჩართვა".

პრეზიდენტი სიტყვით იმ ფონზე გამოვიდა, როცა უკანასკნელი გამოკითხვებით მისი რეიტინგი არც თუ ისე მაღალია. "ვაშინგტონ პოსტის/ეი-ბი-სის" კვლევის მიხედვით, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა, ამერიკელთა 62 პროცენტი, პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

XS
SM
MD
LG