ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახ. დეპ.-ის ახალ ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებულ გამოწვევებზე


27 თებერვალი, 2014

27 თებერვალს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს ანგარიშში შესული არ არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია.

ანგარიშში საუბარია საქართველოში 12-ტ თვიანი კოაბიტაციის შემდეგ ჩატარებულ წარმატებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელთა ეფექტური ადმინისტრაციის შესახებ დამოწმებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნა. ეუთოს დოკუმენტზე დაყრდნობით, დოკუმენტში ნაჩვენებია, რომ არჩევნების წინა პერიოდში არსებული სიტუაცია კონსტრუქციული იყო, და რომ კანდიდატებს სერიოზული დაბრკოლებების გარეშე შეეძლოთ ემოქმედათ. მიუხედავად ამისა, მოყვანილია დამკვირვებლების და თვითმხილველების მიერ დაფიქსირებული შეშფოთება პოლიტიკური ზეწოლის, საარჩევნო კოდექსის არათანმიმდევრული გამოყენების, და საარჩევნო ფინანსების შეზღუდული მონიტორინგის ჩათვლით.

როგორც დასკვნაშია მითითებული, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები შემდეგ სფეროებში გამოიკვეთა:

-ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გადადგომის და თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევები, რაც სავარაუდოდ საჯარო მოხელეების კავშირებით იყო გამოწვეული ყოფილ მმართველ გუნდთან

-გაზრდილი საზოგადოებრივი ძალადობა ლესბოსელი, ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მთავრობის არასაკმარისი რეაქცია

-ადგილობრივი მთავრობის ჩარევა- რელიგიური უმცირესობების უფლებაზე მოეხდინა გავლენა თავისუფალი აღმსარებლობის, შეკრების შეზღუდვის, ასევე მთავრობის არასაკმარისი რეაქციის გამო

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, სხვა პრობლემურ სფეროებს შორის იყო დაკავებული პირების შეურაცხყოფა და ციხეებში შექმნილი არაადეკვატური, თუმცა გაუმჯობესებული მდგომარეობა. საუბარია პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლაზე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა ადგილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა-აღნიშნულია ანგარიშში-დააფიქსირე შეურაცხმყოფელი მოპყრობა, თანამდებობებიდან ჩამოშორება და დაკავებები, მათ შორის პარტიის გენერალური მდივნის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და პრემიერ მინისტრის შემთხვევებში-მათ პოლიტიკური კუთვნილებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. ანგარიშში ნახსენებია გარეშე და შიდა ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, რომელიც, პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, პრობლემად რჩებოდა.

პრობლემებზე საუბრისას, როგორც ანგარიშშია აღნიშნული გაირკვა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციიდან საჯარო მოხელეები თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროში კერძო პირების და ოპოზიციონერი საჯარო ფიგურების უკანონო ვიდეო ჩაწერებს ახორციელებდნენ

გაუმჯობესებული მედია გარემოს მიუხედავად, ზეწოლა არსებობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. არაადეკვატურ პირობებში ცხოვრობდნენ დევნილები და სახეზე იყო ძალადობა და ადამიანთა ტრეფიკინგი. ხელისუფლებამ მიიღო შრომის ახალი კანონი, თუმცა არ არსებობდა შრომის ინსპექცია, რომელიც გამოტანილ კანონებს განამტკიცებდა.

2013 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიშვალდებულების გასაზრდელად სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა-წერს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში.

დეკემბრის ჩათვლით, სააკაშვილის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირებს ბრალი ედებოდათ სამართლიანობის უგულვებელყოფაში, სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვაში, შანტაჟში, პირადულობის ხელყოფაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო ხელისუფლებები აგრძელებდნენ რუსი სამხედროების მხარდაჭერით არსებობას.

რუსეთი ე.წ. ბორდერიზაციას განაგრძობდა, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან ქართველ რეზიდენტებს პრობლემებს უქმნიდა. ეს მოქმედება კი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყეტის შეთანხმების დარღვევით მიმდინარეობდა-აღნიშულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

XS
SM
MD
LG