ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ ხალხს ულოცავს


საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე ოფიციალურ განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს

შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან გარემოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ულოცავს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ჩვენ მოწმე გავხდით კიდევ ერთი ისტორიული დღის, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყველა ქართველისთვის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევრო-ატლანტიკურ სტრუტურებში ჩართვის გზაზე“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, არჩევნებმა გარკვევით წარმოაჩინა ქართველი ხალხის ნება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში იყო „ეფექტურად ადმინისტრირებული, გამჭვირვალე და ჩატარდა გულითად, კონსტრუქციულ გარემოში“. თუმცა, დასკვნაში ასევე საუბარია პოლიტიკურ წნეხზე, რომელსაც ადგილობრივ დონეზე ჰქონდა ადგილი.

სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან დემოკრატიული ნორმები და პრეტენზიებით საარჩევნო კომისიას მიმართონ. ოფიციალურ პირებს კი სთხოვს, საჩივრებს გამჭვირვალეობის და კანონის უზენაესობის პრინციპით მოეკიდონ. სახელმწიფო დეპარტამენტი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის გამყარების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებითვის კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებენ, რითაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საქმე კიდევ უფრო დაწინაურდება.

საქართველოსთან მყარი სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე სახელმწიფო დეპარტამენტი სულმოუთქმელად ელის შემდგომ მუშაობას ახალ პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და მთელ ქართველ ხალხთან ერთად, რომელიც „ხელს უწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის უფრო ბრწყინვალე მომავლის მხარდაჭერას“.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG