ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი „სთარბაქსი“ ინდოეთში


ჩაის მოყვარულთა ტრადიციულ ქვეყანაში მსოფლიოს უდიდესი ყავახანების ქსელი მკვიდრდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მუმბაის ერთ-ერთ პრესტიჟულ ქუჩაზე მდებარე ისტორიულ შენობაში გახსნილი კაფე გამვლელთა ყურადღებას ახლადდაფქვილი ყავის არომატული სუნით იქცევს. ორსართულიან, 370 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ყავახანა ინდოელებისთვის პირველ კაპუჩინოს და ლატეს ამზადებს.

ამერიკულმა კომპანიამ - „სთარბაქსმა“, რომელიც ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში იღებს სათავეს, ინდოეთში პირველი ფილიალი გახსნა. მუმბაის „სთარბაქსი“ ინტერიერის განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. ყავახანის დეკორაცია და თავად პროდუქტიც ინდური ელემენტებითაა გამდიდრებული. ყავა ულამაზეს, ძველებური მეტალის თასებში აწყვია. ხის მაგიდებს, სკამებს და ტიხრებს ხელით ამოკვეთილი ინდური ნაკეთობები ამშვენებს.

ყავა, რომლითაც „სთარბაქსი“ ინდოელებს უმასპინძლდება, ინდოეთშივეა მოყვანილი. ქათმის ტიკას პანინი, კრუასანები ილის სუნელით და ტანდურის ხაჭოს ღვეზელი სპეციფიური ინდური სანელებლებით და რეგიონისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიით არის დამზადებული.

ადგილობრივი ბაზრის და მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით, „სთარბაქსს“ უჩვეულოდ დაბალი ფასები აქვს დაწესებული. მცირე ზომის ესპრესო მუმბაიში მხოლოდ დოლარნახევარი ღირს. კომპანიის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი, ჰოვარდ შულცი ამბობს, რომ ეს ყავახანა „ალბათ ყველაზე ლამაზი, ელეგანტური და დინამიურია, რომელიც კი სადმე გაგვიხსნია.“

როგორ უყურებს თავად ტრადიციულად ჩაის მსმელი ინდოელი შედარებით ახალი სასმელის დამკვიდრებას? ორგანიზაცია „ინდიან ქოფი თრასთის“ (Indian Coffee Trust) თავმჯდომარე, ანილ ბჰანდარი ამბობს, რომ ყავის პოპულარობა ქვეყანაში ფენომენალური სისწრაფით იზრდება. ყავის წარმოება 2010 წელს, წინა ათწლეულთან შედარებით, გაორმაგდა და, შესაბამისად, ყავახანაც წარმატებული ბიზნესი იქნება.

ყავის სმა ინდოეთში სრულიად ახალი, მაგრამ მძლავრი ტალღაა და „სთარბაქსის“ გახსნაც დროულ საქმედ მიმაჩნია. ფილიალის გახსნისთვის კომპანია უფრო სწორ მომენტს, ალბათ, ვერ შეარჩევდა. საშუალო ფენა ინდოეთში 250-300 მილიონს შეადგენს. ასე რომ მათ კლიენტი არ მოაკლდებათ,“ - ამბობს ინდოელი ექსპერტი.

სპეციალისტები „სთარბაქსს“ ინდოეთში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. პრაიშე კაპური, დელის საკონსულტაციო ჯგუფიდან „ტექნოპარკი“ ამბობს, რომ „სთარბაქსს“, როგორც ბრენდს კარგაც იცნობენ და პატივს სცემენ, ამიტომ ის ინდოეთის ბაზარზე მალე დამკვიდრდება:

ეს არის საერთაშორისო ქსელი, რომელსაც ყველა ცნობს. „სთარბაქსში“ წასვლა და „სთარბაქსის“ ჭიქითაც კი ქუჩაში სიარული მოდურად ითვლება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ყავა ისევ ინდურია და ტექნოლოგიაც დიდად არ განსხვავდება. ბრენდს დიდი რეზონანსი აქვს და მომხმარებელზე „სთარბაქსი“ მაგიურად მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ნიშას იპოვნიან.“

ინდურ ბაზარზე „სთარბაქსის“ პარტნიორია კომპანია „ტატა გლობალ ბევერიჯიზ“ (Tata Global Beverages). ალიანსს ადგილობრივ კონკურენტებთან ჭიდილიც მოუწევს. საქმე იმაშია, რომ „სთარბაქსი“ ქვეყანაში ყავახანების პირველი ქსელი არ არის. „კაფე ყავის დღეს“ (Café Coffee Day) ინდოეთის ყველაზე დიდ კორპორაციას ქვეყანაში 1,300 ობიექტი აქვს, რომელიც წარმატებით მუშაობს. „სთარბაქსი“ მათთან შედარებით უფრო მოკრძალებულად მკვიდრდება და კიდევ 2 მცირე ზომის ყავახანის გახსნას ერთი კვირის განმავლობაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გეგმავს. მომავალ წელს „სთარბაქსის“ პირველი ყავახანის გახსნა ინდოეთის დედაქალაქში, დელიშიც იგეგმება.

მაშინ, როცა შეერთებულ შტატებში და ევროპაში ეკონომიკის განვითარების რიტმი საგრძნობლად შენელდა, ამერიკული საერთაშორისო კომპანიები თავის დამკვიდრებას განვითარებად ქვეყნებში ცდილობენ. „სთარბაქსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჰოვარდ შულცი ამბობს, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, განსაკუთრებით კი, ინდოეთი და ჩინეთი ამ სტრატეგიის ერთგვარ გამწევ ძალად მოიაზრება.
XS
SM
MD
LG