ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტარბაქსი მაღაზიებს რამდენიმე საათის თანამშრომლების ტრენინგისთვის ხურავს


ყავის ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ დღეს ქვეყნის მასშტაბით 8 000-მდე მაღაზიას რამდენიმე საათით დაკეტავს და თანამშრომლებს მიუკერძოებლობაზე ტრენინგს ჩაუტარებს.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება12 აპრილს ფილადელფიის „სტარბაქსის“ მაღაზიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო. მაღაზიაში ორი შავკანიანი მამაკაცი შევიდა, მათ არაფერი უყიდიათ და მენეჯერს უთხრეს, რომ მეგობარს ელოდნენ. მენეჯერმა მათ მაღაზიის დატოვება თხოვა და პოლიციას გამოუძახა. ორი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო მალე სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რამაც რასიზმის ბრალდებით საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.

საპროტესტო აქცია ფილადელფიაში, 15 აპრილი
საპროტესტო აქცია ფილადელფიაში, 15 აპრილი

რამდენიმე დღეში „სტარბაქსმა“ პოლიტიკა შეცვალა და განაცხადა, რომ მაღაზიაში მიიღებს ყველას, ვინც იქ ყოფნას და საპირფარეშოთი სარგებლობას ისურვებს, მაშინაც კი თუ ადამიანი მაღაზიაში არაფერს იყიდის.

აქამდე ინდივიდუალური მაღაზიის მენეჯერი წყვეტდა იმას დართავდა თუ არა „სტარბაქსში“ შესულ ადამიანს შესყიდვის გარეშე იქ ყოფნის ნებას.

„ჩვენ გვსურს შევქმნათ თბილი გარემო, რომელიც ყველას ეკუთვნის და ყველას იღებს“, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია თანამშრომლებს მოუწოდებს დაიცვან ახალი წესები და პოლიციას გამოუძახონ იმ შემთხვევაში თუ „საფრთხე ექმნება რომელიმე თანამშრომელს ან მომხმარებელს“.

12 აპრილს დაკავებულ ორ მამაკაცს “სტარბაქსმა“ კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა მხარეები თანხის რაოდენობას არ ასაჯაროებენ. ამასთან ერთად, კომპანია მათ სწავლას დაუფინანსებს.

დაზარალებულები ასევე მოურიგდნენ ფილადელფიის ადმინისტრაციას და ქალაქმა მათ სიმბოლურად თითო დოლარი გადაუხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG