ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სამხრეთ კორეასთან ხელშეკრულებას დებს


ახალი გეგმა მათ ჩრდილოეთ კორეიდან წამოსული ნებისმიერი პროვოკაციის აღკვეთის საშუალებას მისცემს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

22 მარტს ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას „პროვოკაციის წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი გეგმა“ ეწოდა. შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის გამოცდის შემდეგ გაჩენილ უკანასკნელ დაძაბულობას მოჰყვა. 60 წლის წინ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთობა ასე გართულებული ჯერ არ ყოფილა.

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი გეგმა შეერთებული შტატების არმიის ქვედანაყოფებს, რომლებიც კორეის ნახევარკუნძულზე არიან განლაგებული, საომარი მდგომარეობისთვის არ ამზადებს. თუმცა, ამავე დროს, სამხრეთ კორეისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის, რათა ჩრდილოეთიდან წამოსული მცირე პროვოკაციები დროულად აღკვეთოს და ამით სრულმასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერი კიმ მინ სეოკი ამბობს, რომ ახალი ხელშეკრულების თანახმად სამხრეთ კორეას საშუალება მიეცემა შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვოს და ის მიიღოს კიდეც.

სპიკერის თქმით, სხვადასხვა ტიპის პროვოკაციის ვერსიები შემუშავდა და შესაბამისი რეაგირების გეგმებიც დაისახა. ეს სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ „ჩრდილოეთ კორეას თან ლაგამი ამოსდონ, მაგრამ ამავე დროს ზედმეტად არ გააღიზიანონ ის“.

მის მოსაზრებას იმეორებს სამხრეთ კორეის არმიის პოლკოვნიკი უმ ჰუ-შიკი, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის სპიკერია. მისი განმარტებით, ახალი გეგმა ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ კორეის არმიას ახლა ერთობლივი მზადყოფნის საფუძველზე მეტი თავდაჯერებულობა ექნება და ის შეძლებს „სწრაფად და ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის პროვოკაცია ჩრდილოეთ კორეიდან“.

სამხრეთ კორეის მედია იუწყება, რომ სეული და ვაშინგტონი საერთო გეგმის შემუშავების თაობაზე ჯერ კიდევ იანვარში შეთანხმდნენ. მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისგან ამერიკა სამხრეთ კორეის ზედმეტად აგრესიული ტონის გამო თავს იკავებდა. ეს კი თავისთავად ჩრდილოეთ კორეის მეტ პროვოცირებას იწევევდა და სრულმასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხეს ქმნიდა, რაშიც შეერთებული შტატების ჩართვა შესაძლოა აუცილებელი გამხდარიყო.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

კორეის თავდაცვის და უსაფრთხოების ფორუმის უფროსი მკვლევარი იანგ უკი ამბობს, რომ ხელშეკრულებამდე ამერიკას ჰქონდა არჩევანი ჩართულიყო თუ არა კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებულ კონფლიქტში. ახლა კი შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ჩაერთვება. თუნდაც ისეთ მცირემასშტაბიან პროვოკაციაში, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ, 2010 წლის ნოემბერში მოხდა. მაშინ სამხრეთ კორეის განაპირა კუნძულს ჩრდილოეთიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე და 2 მეზღვაური დაიღუპა. 6 თვით ადრე კი 46 მეზღვაური დაიღუპა, როცა სამხრეთ კორეის ფლოტის კუთვნილი ხომალდი ჩაიძირა. ამ უკანასკნელი ფაქტის 2 წლისთავის საპატივცემულოდ ყვითელ ზღვაში საგანგებო წვრთნები ჩატარდა. სამხრეთი სამხედრო გემის დაღუპვას ჩრდილოეთ კორეას აბრალებს. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ხომალდს ჩრდილოეთ კორეული ტორპედო მოხვდა. ამ ფაქტს ჩრდილოეთ კორეა კატეგორიულად უარყოფს.

მართალია, კორეის ნახევარკუნძულზე აქტიური საომარი ქმედება არ მიმდინარეობს, მაგრამ ორ მხარეს შორის მუდმივად მტრული განწყობა და ომისთვის დამახასიათებელი დაძაბულობაა. სეულს და ფხენიანს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი არასოდეს მოუწერიათ. მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე არ არსებობს. შეერთებულ შტატებს სამხრეთ კორეაში 20-ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს. დღეისთვის ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა ქვეყანაში 30 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG