ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 სექტემბერს ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელის აღნიშვნა იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების თანხლებით. ამ დღეს სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობას ზეიმობენ. დღის წესრიგის მიხედვით, ძირითადად, ხალხურ ფოლკლორზე, ოსურ ენაზე და ნაციონალურ სიმბოლოებზე აქცენტირებას ექნება ადგილი. "დამოუკიდებლობის დღე" ცხინვალში 27–ედ აღინიშნება.

ცხინვალი 90–იანი წლების დასაწყისიდანვე იქცა საქართველოსთვის კონფლიქტურ რეგიონად, რა დროსაც ოფიციალურმა თბილისმა წვდომა ცხინვალსა და მის მიმდებარე, ეთნიკურად, უმეტესწილად, ოსებით დასახლებულ სოფლებზე დაკარგა. შემდგომი პერიოდის განმავლობაში ურთიერთობები, რაც ტკივილიანი და დაძაბული იყო, შერბილდა იმდენად, რომ ქართველებსა და ოსებს შორის არალეგალური სავაჭრო ტერიტორია გაჩნდა ერგნეთთან, სადაც გაცხოველებული აღებ–მიცემობა მიმდინარეობდა. ვაჭრობას იმდენად მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, რომ ერგნეთთან საოჯახო სასტუმროებიც კი ფუნქციონირებდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს იურისდიქციის ქვეშ რჩებოდა ცხინვალს მიღმა არსებული ქართული სოფლები, სადაც მოხვედრა ცხინვალის გავლით იყო შესაძლებელი. ამ გზას ინტენსიურად იყენებდნენ ქართველებიც და ოსებიც 2004 წლამდე. შემდგომში კი ცხინვალის ჩრდილოეთით ქართულ სოფლებში მოსახვედრად მხოლოდ შემოვლითი, ეგრეთ წოდებული ტყის გზა რჩებოდა. ვითარება 2008 წელს, რუსეთთან ომის შემდგომ შეიცვალა, როდესაც თბილისის მიერ უკონტროლი ტერიტორიას მიემატა არა მხოლოდ ცხინვალს მიღმა არსებული ქართული სოფლები, არამედ ახალგორის რაიონიც, რომელზეც მანამდე პრეტენზიას ოსური მხარე არ აცხადებდა.

2008 წლის ომის შემდგომ საქართველომ სახელმწიფოთაშორისი სარჩელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ომიდან 9 წლის შემდგომ სახელმწიფოთაშორის სარჩელზე სტრასბურგს გადაწყვეტილება არ მიუღია. არის თუ არა სიახლე ამ მიმართულებით, ამის თაობაზე ამერიკის ხმასთან საიას იურისტი თამარ აბაზაძე ამბობს: „სახელმწიფოთაშორის საჩივარ #2–ზე არსებითი განხილვები ამჟამად მიმდინარეობს (სახელმწიფოთაშორისი სარჩელი #1 ეხება 2006 წლის დეპორტაციის საქმეებს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია, უფლებების დარღვევითა და ღირსების შემლახველი ფორმით, სატვირთო თვითმფრინავით განახორციელა. ამ სარჩელზე გადაწყვეტილება მიღებულია და რუსეთი უფლებების დამრღვევადაა აღიარებული.

სახელმწიფოთაშორისი სარჩელი #2 მოიცავს საქართველო–რუსეთს შორის ომის საკითხს,– ნ.დ.). სანამ არ იქნება გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საჩივარზე 2008 წლის ომის თემაზე, მანამდე შეჩერებულია ინდივიდუალური საჩივრების განხილვა ამავე საკითხზე. წესით, მალე უნდა იყოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს „მალე“ როდისაა, ერთ წელში, ორ წელში, თუ რამდენ წელში, ვერ გეტყვით. უბრალოდ, ვიცი, რომ არსებითი განხილვები იყო, შეიძლება ახლაც მიმდინარეობს.“

"ჰუმან რაითს ვოჩის" წარმომადგენელი გიორგი გოგია ამერიკის ხმასთან საუბრისას აცხადებს: „ჩვენ გამოვიძიეთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ, ომის დროს. შემდგომ ჩვენ ამ საკითხებზე არ გვიმუშავია. ჩვენ ყველა მხარეს ჩადენილი დანაშაული გვაქვს გამოძიებული, რაც ავსახეთ ანგარიშში. ჩვენ არ მიგვიმართავს სასამართლოსთვის და არც რეკომენდაცია გაგვიწევია თავის დროზე, უნდა აღძრულიყო თუ არა საქმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ.“

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დანაშაულის საკითხებს სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის ოფისიც სწავლობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მათ დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან არ აქვთ მწვანე შუქი იმისთვის, რომ ამ ტერიტორიაზე აწარმოონ გამოძიება. როგორც ცნობილია, ოფისი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს და 2018 წელს აქ საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობის გახსნაც იგეგმება.

საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის შემდგომ ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით „შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო“ შექმნა. კონფლიქტის ზონებში მაცხოვრებელ ადამიანებს სპეციალური შეთავაზებები აქვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, მაგრამ ამ ეტაპზე, ცხინვალში დე–ფაქტო ადმინისტრაციის არსებობის 27 წლის თავზე, როდესაც რუსეთი სიტუაციის ესკალაციის ინტერესით მოქმედებს, პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბარი გადაჭარბებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG