ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგორელი აქტივისტის „დანაშაული“ და სასჯელი


"რადიო თავისუფლების" ფოტო

დღეს, საღამოს 10 საათისთვის არსებული მონაცემებით, ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება უწევს საქართველოს მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე, ადვოკატი გამოუჩნდა. მისი მომსახურებისთვის უმოკლეს დროში გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს. მას ამის შესაძლებლობა ახალგორში არ აქვს.

ახალგორის მაცხოვრებლის, თამარ მეარაყიშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. იმის გამო, რომ ის სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერია, არ ერიდება ურთიერთობას ჟურნალისტებთან, პოსტავს და ღიად აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა, მათ შორის სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მას გამუდმებით იბარებენ პროკურატურაში და სთხოვენ ახსნა–განმარტებებს ამა თუ იმ მოსაზრების გამო. უკანასკნელი ორი შემთხვევა კი მისი რამდენიმესაათიანი გაუჩინარებით დასრულდა. ამ ეტაპზე მასზე საქმეა აღძრული, რომლის თანახმად ბრალად ცილისმწამებლური განცხადების გავრცელება ედება. თამარ მეარაყიშვილი ამჟამად ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება. მას ხუთდღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ იპოვოს ადვოკატი, ვინც ცილისწამებისთვის დევნილის უფლებების დაცვას არ შეუშინდება. ამერიკის ხმა მეარაყიშვილს დღეს ესაუბრა. „ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ მე ან შევწყვიტო საქმიანობა და ან აქედან წავიდე. ვის უნდა პრობლემური ადამიანი? გუშინ ახალგორის გამშვებ პუნქტთან ჟურნალისტები მანქანებს აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ ჩემს შესახებ ადგილობრივებს, რომ გაეგოთ, რა ხდება. არავინ არაფერი „არ იცოდა“. სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. არავის აქაურ პრობლემებზე საუბარი არ უნდა, ერთადერთი მე ვარ ასეთი. ასი ადამიანი რომ იყოს, ვინც იტყვის ხმამაღლა სათქმელს, ასს ვერ დაიჭირენ, ვერ გაასამართლებენ, მაგრამ რაკი ერთია, მისი გაჩუმება მარტივია და უნდა გააჩუმონ. მე სხვაგან საცხოვრებელი არ მაქვს. ახლა ადვოკატის აყვანა მჭირდება, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თანხის პრობლემაცაა, ელემენტარულად, ტელეფონით რომ ვისარგებლო, ვთქვათ ადვოკატი მოვიძიო, ესეც რთულია, რადგან ერთი წუთი ოთხ ლარამდე ღირს. ჩემი მშობლები რომ არა, ტელეფონისა და ინტერნეტის საფასურსაც ვერ გადავიხდიდი.“

დღესვე მეარაყიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდანა გაკეთდა. ისინი საკითხის პოლიტიზების პრობლემას ხედავენ და საქართველოს ხელისუფლების ჩარევას უარყოფითად აფასებენ.

„თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა და საკითხი, რასაც მის შესახებ განიხილავს სამართალდამცავი სტრუქტურა, წარმოადგენს რესპუბლიკის შიდა საქმეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული ისტერია სამხრეთ ოსეთელი მოქალაქის მიმართ, წარმოადგენს რესპუბლიკის საქმეებში უხეშ ჩარევას. ის არ შეიძლება იყოს საერთაშორისო დონეზე განხილვის საგანი. საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის ეგრეთ წოდებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის განცხადებები არის უხეში ჩარევა სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში. მეარაყიშვილის საქმე შეეხება ტყუილის გავრცელებას, რომლის შესახებაც ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქემ აღძრა საქმე“, – ეს ციტატა დე–ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევს ეკუთვნის.

მეარაყიშვილის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო პროკურატურაში საქმე ვინმე დრიაევის განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომელიც ამჟამად ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“, წევრია. დაუზუსტებელი ინფორმაციით იგი ახალგორის სატყეო დეპარტამენტში მუშაობს. არაოფოციალური ცნობების თანახმად, იგი სამხრეთ ოსეთის მოქალაქე არ ყოფილა, გორში ცხოვრობდა და მკვლელობისთვის ხონის კოლონიაში 25 წლიან სასჯელს იხდიდა 2000 წლიდან. დრიაევი 2014 წელს გაცვლილი პატიმრების ნაკადში მოჰყვა და ასე აღმოჩნდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც ახლა იგი უკვე ხელისუფლების ნაწილია.

უნდა აღინიშნოს, რომ დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვების იძულებისკენ მიმართული ქმედება მხოლოდ მეარაყიშვილთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა. ანალოგიური ქმედების ტენდენციურ ხასიათზე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ. მიტროპოლიტი ისაია, რომელიც ახალგორის ტერიტორიაზე სასულიერო მოღვაწეობას ეწევა, ასევე დევნის ობიექტად იქცა. მის მიმართ სხვადასხვა ტიპის ცილისმწამებლური კამპანიის აგორებას დე–ფაქტო ადმინისტრაცია თავად ახალისებს. ამის შესახებ ამერიკის ხმა 2 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში წერდა. ამასთან, თუ მეარაყიშვილი პირადი მოსაზრებების სოციალურ ქსელებში დაფიქსირების გამოა მიუღებელი ადმინისტრაციისთვის, მიტროპოლიტი ისაია, რომელიც პირიქით, ერიდება მედიასთან ურთიერთობას და საკუთარი საქმიანობის აფიშირებას, მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობისა და მოღვაწეობის გამო შეიძლება მივიჩნიოთ „მიუღებლად“. ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ აგორებული კამპანია კი გვაფიქრებინებს, რომ დე–ფაქტო ადმინისტრაციაში მოქალაქეებს „მიღებულად“ და „მიუღებლად“ ყოფენ თანასწორობის პრინციპის სრული უგულვებელყოფით.

ამერიკის ხმასთან „საერთაშორისო ამნისტიის“ წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ლევან ასათიანმა ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ იმ ნორმას, რასაც დე–ფაქტო ადმინისტრაცია მეარაყიშვილთან მიმართებით იყენებს, საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს.

„თამარ მეარაყიშვილს სამხრეთ ოსეთის პროკურატურა ედავება ცილისწამებას მმართველი პარტიის ერთ–ერთი წევრის მიმართ. როდესაც ცილისწამებაზეა საუბარი, ეს უკვე არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რადგან ცილისწამება არ არის დანაშაული. აკრძალულია ცილისწამების სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მოხსენიება. სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირ გაჟღერდა, რომ აქტივისტის დაკავება ამის გამო მოხდა, შესაბამისად, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა დევნა. არ აქვს მნიშვნელობა ადგილობრივი კანონმდებლობა აღიარებს ამას თუ არა. არსებობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი. ნებისმიერი ერთეული, აღიარებული თუ არ–აღიარებული, ვალდებულია ამ სტანდარტების მიხედვით იმოქმედოს. ცილისწამების კრიმინალიზაცია, ზოგადად, უკვე არის ადამიანის უფლებების სტანდარტების წინააღმდეგ, მით უფრო, თუ შენ ამას იყენებ იმისთვის, რომ დაადუმო აქტივისტი, რომელიც, ადგილობრივ, დე–ფაქტო ხელისუფლებას აკრიტიკებს.“

თამარ მეარაყიშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ჯერ არ მიუმართავს. იგი იმდენად რთულ მდგომარეობაშია, განაცხადებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფორმებში ადაპტირებას ვერ ახერხებს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი ამ შრომატევადი საქმისთვის დროის გამონახვა უჭირს.

მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ დე–ფაქტო ადმინისტრაციას სურს „პრობლემური“ ადამიანის განეიტრალება და საქმის აღძვრა მის წინააღმდეგ სწორედ იმას ემსახურება, რომ მას ახალგორის დატოვება აიძულონ.

ამერიკის ხმასთან ანონიმურ საუბარში დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, რომ იქ საკუთარი მოსაზრებების ხმამაღლა გამომხატველი ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან რთულია და რომ თამარ მეარაყიშვილიც სწორედ ამის გამო ისჯება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG