ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზოგიერთ რესპუბლიკურ შტატში მედიკამენტური აბორტის აკრძალვას გეგმავენ


ამერიკის შეერთებულ შტატებში აბორტების 40 % მედიკამენტების მეშვეობით ხდება და არა ქირურგიული პროცედურით. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ამ მეთოდის გამოყენება კიდევ უფრო გახშირდა.

აბორტის უფლების დამცველები ამბობენ, რომ პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დისტანციურად მიწოდებული ჯანდაცვის სერვისები. მით უფრო, როდესაც ეს პირადი ინფორმაციის დაცულობასა და კონფიდენციალურობას უკავშირდება. აბორტის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ მედიკამენტური აბორტის მეთოდი უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება.

ზოგიერთ შტატში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება რესპუბლიკელებს აქვთ, აქტივისტების ნაწილი მოითხოვს, რომ ეს მეთოდი საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს, ზოგან კი ექიმებმა ვეღარ შეძლონ ამ მედიკამენტების ტელემედიცინის მეშვეობით გამოწერა.

ოჰაიოში მსგავსი აკრძალვა გასულ წელს მიიღეს, რომლის მიხედვითაც იმ ექიმების წინააღმდეგ, ვინც მას დაარღვევს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება. კანონი ძალაში მომავალ კვირას უნდა შესულიყო, მაგრამ საჩივრის საფუძველზე მოსამართლემ მისი ამოქმედება დროებით შეაჩერა.

მონტანაში კი რესპუბლიკელი გუბერნატორი გრეგ ჯაიანფორტი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს ტელემედიცინით ამ ტიპის მედიკამენტების გამოწერის აკრძალვას. ამ ინიციატივის ავტორი კანგრესმენი შარონ გრიფი ამბობს, რომ ეს "აბორტის ინდუსტრიის ველური დასავლეთია" და აბორტის მსურველებმა მედიკამენტები სამედიცინო პერსონალის უშუალო დაკვირვების ქვეშ უნდა მიიღონ.

აკრძალვის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ დისტანციურად აბორტის საშუალებების გამოწერა უსაფრთხოა და მათ უკანონოდ გამოცხადებას არაპროპორციული გავლენა ექნება იმ სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეებზე, ვისაც უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე, სადაც აბორტის გაკეთება შეიძლება, დიდი მანძილი აქვთ გასავლელი. ამის დრო და შესაძლებლობა კი შესაძლოა ხშირად არც ჰქონდეთ. მათი აზრით, ამ შეზღუდვის სამედიცინო საფუძვლები არ არსებობს.

XS
SM
MD
LG