სომალელმა მეკობრეებმა წითელ ზღვაში მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული ტანკერი გაიტაცეს. გემის ეკიპაჟი 18 ფილიპინელი მეზღვაურისგან შედგება.
ევროკავშირის მეკობრეების საწინააღმდეგო საგანგებო სამსახურის განცხადებით, გუშინ სომალელმა მეკობრეებმა ტანკერ „ემ-ტი მოტივატორს“ ცეცხლი გაუხსნეს.
გემის ეკიპაჟისგან თავდასხმის შესახებ მიღებული რადიო გზავნილის შემდეგ, ყოველგვარი კონტაქტი ტანკერთან შეწყდა. ევროკავშირმა დღეს გემის გატაცება ოფიციალურად დაადასტურა.