ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელი მეკობრეების გასამართლების მექანიზმები


სომალელ სამართალდამცველებს შეეძლებათ მეკობრეების საერთაშორისო წყლებში დაპატიმრება

მეკობრეობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია საკონტაქტო ჯგუფი სომალელი მეკობრეების გასამართლების მექანიზმებს იმუშავებს, რომლის მიხედვითაც ზღვაში დაჭერილ მეკობრეებს საკუთარი მთავრობა გაასამართლებს. ეს სამართლებრივი ნორმები ასევე გათვალისწინებული იქნება სომალის პოლიციისა და სანაპირო დაცვის წესდების შედგენის პროცესში. გარდა ამისა, ახალი წესების თანახმად, სომალელ სამართალდამცველებს შეეძლებათ მეკობრეების საერთაშორისო წყლებში დაპატიმრებაც.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სომალის განყოფილების დირექტორი ჯონ სტიდი ამბობს, რომ ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა იმის გამო, რომ ქვეყანა ჯერ ისევ განვითარების საწყის ეტაპზეა:
„სომალის არ აქვს სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც მისაღები იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მეკობრეების გასამართლება ძირითადად რეგიონის სხვა ქვეყნებში ხდება, როგორიცაა სეიშელის კუნძულები და კენია.“

საკონტაქტო ჯგუფი 2009 წელს დაარსდა და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია შედის, როგორებიცაა აფრიკის კავშირი, არაბული ლიგა, ევროკავშირი და ნატო. ჯგუფის მთავარი მიზანი სომალის ტერიტორიულ წყლებთან მეკობრეობის აღკვეთა და მათი სამართალგებაში მიცემაა.

წევრები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან პლენარული სესიებისთვის, ხოლო სამუშაო ჯგუფები კი ერთმანერთს რეგულარულად ხვდებიან პროგრამების შესამუშავებლად და განსახორციელებლად.
ამჟამად დაახლოებით 1200 მეკობრეა დაპატიმრებული 21 ქვეყანაში. გარდა ამისა, სომელის გარკვეულ რეგიონებში სპეციალური ციხეებია აშენებული მათ დასაკავებლად, თუმცა ციხეების რაოდენობა ჯერ ისევ საჭიროზე ნაკლებია. საერთაშორისო თანამეგობრობა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სომალის სასამართლო იშვიათად თუ უსადაგებს სასჯელს მეკობრეობაში ბრალდებულ ადამიანებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი ის არის, რომ მეკობრეებმა სასჯელი საკუთარ ქვეყანაში მოიხადონ.
„ახლო-ვადიან პერსპექტივაში გვსურს რეგიონის ქვეყნების ციხეებში მყოფი მეკობრეები სომალიში გაიგზავნონ და იქ მოიხადონ სასჯელი. ხოლო სამომავლოდ კი, უნდა შეიქმნას სასამართლო და სასჯელ აღსრულების სისტემა, რომელიც სომალიში გაასამართლებს და დასჯის მეკობრეებს. ცხადია ეს მოკლე ვადებში არ მოხდება, მაგრამ ეს ჩვენი საბოლოო მიზანია.“

მეკობრეების თავდასხმები სომალის სანაპიროებთან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო რამდენიმე წელია საერთაშორისო საზღვაო ძალები პატრულირებენ სომალის სანაპიროებს და ამასთან ერთად, გემთმფლობელები შეიარაღებულ დაცვას უფრო ხშირად ქირაობენ გემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო საზღვაოსნო ბიუროს განცხადებით, სომალის სანაპიროებთან 2012 წელს მეკობრეები 75 გემს დაესხნენ თავს და აქედან 14 გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG