ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვინეის ყურე - მეკობრეობის ახალი კერა


გვინეის ყურე - მეკობრეობის ახალი კერა

ნაოსნობის დაცვა აქ ადგილობრივი ძალებით ხორციელდება

გვინეის ყურეში მეკობრეთა შეტევები უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ეს კი მსოფლიოს ნაოსნობას ამ რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის. შექმნილი ვითარების დეტალებს დასავლეთ აფრიკის რეგიონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანა ლუკი არკვევდა.

გვინეის ყურე დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის რამდენიმე ქვეყნის გასწვრივ მდებარეობს. მათ შორის არიან ნიგერია და ანგოლა, რომლებიც კონტინენტის უდიდესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები არიან. მართალია, მეკობრეობის ეპიცენტრად სომალის სანაპირო ითვლებოდა, ამასთანავე მეკობრეთა თავდასხმები გახშირდა ბენინის სანაპიროზეც.

რეიმონდ გილპინი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში მდგრადი ეკონომიკური ცენტრის დირექტორია.

„უკვე ნათელია, რომ ამაში ჩართულები არიან ბანდები. ისინი ეძებენ ნავთობის ტანკერებს, რომლებსაც ღუზა აქვთ ჩაშვებული და გაჩერებულები არიან. მათი განზრახვაა ხომალდის დაკავება, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და ტვირთის ჩამოცლა,“ - ამბობს გილპინი.

გვინეის ყურეში ძარცვა და გატაცებული ნავთობით არაკანონიერი ვაჭრობა, როგორც დასავლეთ აფრიკის ასევე ევროპულ პორტებში ახალი ამბავი არ არის. ანალიტიკოსების თქმით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე კრიმინალმა უფრო ხშირი და ორგანიზებული ხასიათი შეიძინა.

საზღვაო ხელისუფლების განცხადებით, არსებული სამხილები მიუთითებს, რომ ეს კრიმინალი ნიგერიიდან მოდის. გილპინი ამბობს, რომ ძალადობის სტილის, თავდასხმის მეთოდების და კრიმინალთა კვალს ნიგერის დელტასკენ მივყავართ. გატაცებული გემებიც ნიგერიის საზღვართან იყრის თავს.

საერთაშორისო სანაოსნო ბიუროს ცნობით, თუკი შარშან ასეთი შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა, წელს უკვე 15 თავდასხმაა დაფიქსირებული. გილპინის თქმით, ზოგი შემთხვევა სანაპიროდან 10-30 კილომეტრის დაშორებით ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმელეთიდან კარგი ბინოკლის მეშვეობით ადვილად შეიძლება მისი დაფიქსირება.

იმ დროს როდესაც შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნების ფლოტები სომალის ნაპირებთან არიან თავმოყრილი, გვინეის ყურის დაცვა მხოლოდ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების საზღვაო ძალების იმედზეა. ეს კი ვითარებას ართულებს, რადგან როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მათ არ გააჩნიათ არც სარადარო აღჭურვილობა, არც საპატრულო ნავები, რათა მეკობრეებთან ბრძოლა ეფექტურად აწარმოონ.

ეკონომისტების განცხადებით, მეკობრეობის განვითარება ამ რეგიონში სერიოზულ ფინანსურ გართულებას გამოიწვევს და მსოფლიოში ნავთობის ფასზეც იმოქმედებს. კვესი ანინგი კოფი ანანის საერთაშორისო მშვიდობის დამცველთა ტრენინგის ცენტრის მკვლევარია. მისი თქმით, ამ პროცესით ყველა ქვეყანა დაზარალდება.

„ეს ფართოდ გავრცელებული ქმედებაა. ისინი ცდილობენ გვაფიქრებინონ, რომ აქ საქმე მარტო ნავთობს ეხება. ეს სიმართლე არ არის. ეს არის, როგორც ნარკოტიკების და მცირე შეიარაღების თემაც, ასევე ადამიანთა ტრეფიკინგი,“ - ამბობს ანინგი.

ანალიტიკოსების განცხადებით, მეკობრეობა მართალია რეგიონალური პრობლემაა, თუმცა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ძალისხმევით მისი მოგვარება შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG