ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ჯეიმს კამერონი მსოფლიო ოკეანის უღრმეს ადგილზე ჩავიდა, სადაც მანამდე მხოლოდ ორი ადამიანი იყო ნამყოფი.

წყნარ ოკეანეში კუნძულ გუამის ნაპირებთან 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე მარიანას ღრმული 50-ჯერ უფრო ფართოა ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის დიდი კანიონი და სიღრმეში ბევრად აღემატება მწვერვალ ევერესტის სიმაღლეს.

„ტიტანიკის“ და „ავატარის“ ავტორი 26 მარტს ჩავიდა მარიანას ღრმულში, სპეციალური ბათისკაფის წყალობით, სადაც მას ოკეანის ბრტყელი ფსკერი და უსიცოცხლო ატმოსფერო დახვდა.

ჯეიმს კამერონის თქმით: “ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მთვარეზე მოვხვდი სრულ სიმარტოვეში. კაცობრიობისგან იზოლირებულად ვიგრძენი თავი, თითქოს ერთი დღით კოსმოსში აღმოვჩნდი, სადღაც უცხო პლანეტაზე.“

ჯეიმს კამერონი შვიდი საათის განმავლობაში იმყოფებოდა მარიანას ღრმულში უნიკალური მწვანე ფერის ერთკაციანი ბათისკაფით, რომელიც მისი დიზაინით შექმნეს ინჟინრებმა რვა წლიანი მუშაობის შემდეგ.

„დიფსიი ჩელენჯერის“ სახელის მქონე ბათისკაფი ვერტიკალური სანაოსნო სისტემით გამოირჩევა. მისი აგების დროს უფრო მსუბუქი, ზემტკიცე მასალები გამოიყენეს, რომლებიც ოკეანის სიღრმეში არსებულ უზარმაზარ წნევას უძლებენ.

წყალქვეშა ნავი სამგანზომილებიანი კამერებით არის აღჭურვილი. მაღალ შუქურასთან ერთად ნავზე დამონტაჟებულია ჰიდრავლიკური ძრავის რობოტის მარწუხი, რომელიც სამწუხაროდ 11 000 მეტრის სიღრმეზე ნაწილობრივ მწობრიდან გამოვიდა და ჯეიმს კამერონმა ამის გამო ოკეანის ფსკერიდან მხოლოდ მცირეოდენი სინჯების შეგროვება შეძლო. სამაგიეროდ ამერიკელმა რეჟისორმა უნიკალური ფოტოების გადაღება მოახერხა.

ექსპედიციის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ჯეიმს კამერონმა აღნიშნა, რომ ბათისკაფმა გაამართლა მასზე დამყარებული იმედები და მისი გამოყენება მომავალშიც წარმატებით იქნება შესაძლებელი ოკეანის ფსკერის იდუმალი ადგილების გამოკვლევის მიზნით.

ჯეიმს კამერონის განცხადებით:“ ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვიცით ამ ადგილებში არსებული სიცოცხლის ფორმების შესახებ. მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება იმ ბიოლოგიური ჯგუფების ირგვლივ, რომლებმაც საოცარი ადაპტაცია მოახდინეს და უზარმაზარი წნევის პირობებში აგრძელებენ არსებობას.“

ჯეიმს კამერონის ექსპედიციამდე დაახლოებით ნახევარი საუკუნით ადრე მარიანას ღრმულის ფსკერზე შვეიცარიელი ოკეანოგრაფი ჟაკ პიკარდი და ამერიკელი მეზღვაური დონ ვოლში ჩავიდნენ ბათისკაფით, რომელსაც „ტრიესტი“ ერქვა.

მათ მიერ დამყარებული რეკორდი დღემდე ხელუხლებელი იყო. შვეიცარიელი ჟაკ პიკარდი 2008 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკელი ვოლში კი დღესაც ცოცხალია და იმ გემზე იმყოფებოდა, საიდანაც ჯეიმს კამერონის ექსპედიციამ მათ მიერ განვლილი გზა გაიმეორა.

XS
SM
MD
LG