ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზის შემსწავლელი მისია დედამიწის ორბიტაზე გავიდა


Imagen del Sol tomada por la NASA.
Imagen del Sol tomada por la NASA.

„ნასამ“ 29 ივნისს „აირისის“ უახლესი პროგრამა დაიწყო, რომელიც მზის ენერგიის საიდუმლოებით მოცულ ცვალებადობას შეისწავლის

ბავშვმაც კი იცის, რომ ცეცხლს რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო ცხელა. და თუ ძალიან დაგცხა, რაც უფრო მოცილდები სიმხურვალის წყაროს, უფრო გაგრილდები. მზის შემთხვევაში ეს მარტივი სიმართლე სინამდვილეს არ შეესაბამება.

მზის ზედაპირზე სიმხურვალე ცელციუსით დაახლოებით 6 ათას გრადუსს უდრის. თუმცა, მზის შუაგულისგან, რომელიც სიმხურვალის ერთგვარი მთავარი გენერატორი, აკუმულატორია, ბევრად დაცილებულ ზედა ატმოსფეროში, ზედაპირთან შედარებით, დაახლოებით მილიონჯერ უფრო მაღალი ტემპერატურაა. მკვლევარი ჯეფრი ნიუმარკი ამბობს, რომ ეს მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობ საიდუმლოს წარმოადგენს.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:56 0:00
ბმული

„რა იწვევს ამ მატებას? როგორ ხდება ენერგიის გადაცემა ზედაპირიდან, ანუ უფრო გრილი ტემპერატურის მქონე ადგილიდან გარე, ბევრად უფრო მხურვალე ატმოსფეროზე? სწორედ ეს არის ის კითხვა, რომელსაც „აირისის“ (IRIS) მეცნიერები შეისწავლიან“ - ამბობს ჯეფრი ნიუმარკი.

ის თავად მუშაობს „ნასას“ პროგრამაზე, სახელწოდებით „აირისი“ (IRIS – Interface Region Imaging Spectrograph). ეს არის დედამიწის მცირე ზომის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც აკვირდება სოლარულ პროცესებს, კერძოდ იმ ენერგიას, რომელიც მზის დაბალი ატმოსფეროდან მაღლა მიიწევს და თანდათან უფრო ცხელდება. ულტრაიისფერი ტელესკოპის მეშვეობით „აირისი“ მაღალი ხარისხის მქონე სურათებს შექმნის, რომელიც მეცნიერებს მზის უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს.

„აირისის“ მისია 29 ივნისის, გვიან ღამით დაიწყო. „პეგასუს ექს-ელის“ საორბიტო-სარაკეტო დანადგარი წყნარი ოკეანის თავზე საგანგებო თვითმფრინავმა გაიყვანა. „ნასას“ უახლესი სოლარული ობსერვატორია ამჟამად კოსმოსშია და დედამიწის ორბიტაზე მყოფი სატელიტი მზეზე დაკვირვებებს უკვე აწარმოებს.

მისია თავიდან 24 საათით შეყოვნდა. „ნასას“ ახალი მისიის მენეჯერები კალიფორნიის კვლევითი ცენტრიდან, სადაც თვითმფრინავის აფრენა იგეგმებოდა, აცხადებენ, რომ ბაზაზე მოულოდნელად ელექტროენერგია გამოირთო, რამაც მისიის გაშვება დროებით შეაჩერა. პიტ ვორდენმა, კალიფორნიაში მდებარე „ნასას“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გაშვებისწინა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის გამორთვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „აირისის“ მისიის მნიშვნელობას.

მიგვაჩნია, რომ ელექტროენერგიის გამორთვების ნაწილი და შეიძლება დიდი ნაწილიც, სოლარულ აქტივობას უკავშირდება. რაც უკეთ შევისწავლით ამ ფიზიკურ მოვლენებს, მით უფრო გავერკვევით პროცესებში და ამ პრობლემების წინასწარ განსაზღვრას შევძლებთ და მათთან უკეთ გამკლავების უნარი გვექნება“ - აცხადებს პიტ ვორდენი.

მზის ულტრაიისფერი გამოსხივების აკუმულირებაც სწორედ იმ საიდუმლოებით მოცულ ატმოსფერულ რეგიონში ხდება, რომელსაც „აირისი“ შეისწავლის. როგორც ცნობილია, ულტრაიისფერი სხივები დიდ გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის კლიმატზე, მის ფლორა და ფაუნაზე. პიტ ვორდენი იმასაც აღნიშნავს, რომ „აირისის“ მისია თავად „ნასას“ პრიორიტეტების ახალ მიმართულებასაც აჩვენებს.

„ეს მომავლის მიმართულების დემონსტრირებაც არის. მეტი უნდა ვაკეთოთ და უფრო იაფად. მცირე მასშტაბის ეფექტური მისიებით მეცნიერებებში გადატრიალება უნდა მოხდეს. ეს პირველი მისიაა, რომელიც მზის ზედაპირს და მის ატმოსფეროს შეისწავლის“ - ამბობს კალიფორნიაში მდებარე „ნასას“ კვლევითი ცენტრის დირექტორი.

„აირისი“ შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციას 181 მილიონი დოლარი დაუჯდა. მან მზის ენერგია 2 წლის მანძილზე უნდა შეისწავლოს. თუმცა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ „აირისი“ ფუნქციონირებას კიდევ უფრო დიდხანს შეძლებს.
XS
SM
MD
LG