ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას გულისხმობს ერდოღანის და პუტინის სოჭის შეთანხმება?


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი აცხადებენ, რომ სირიაში ამბოხებულების მიერ დაკავებულ იდლიბის ანკლავზე სამხედრო იერეშის თავიდან ასაცილებლად შეთანმებას მიაღწიეს.

“ჩვენ თავიდან ავირიდებთ ჰუმანიტარულ ტრაგედიას, რაც სამხედრო ქმედებებს შესაძლოა მოჰყოლოდა”, - განაცხადა ერდოღანმა ორშაბათს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ სოჭში.

ორი ქვეყნის ლიდერი იდლიბის პროვინციაში 15-20 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანმხდა. პუტინის განცხადებით, შეთანხმება რუსეთის ჰმეიმის ბაზის წინააღმდეგ საფრთხეს აღკვეთს. ამ ბაზას ამბოხებულები უტევდნენ.

პუტინის თქმით, ანკარის და მოსკოვის ერთიანი ძალები დემილიტარიზებულ ზონას გააკონტროლებს. ისინი ამბოხებულებს მძიმე ტექნიკას ჩამოართმევს და ამასთან, უზრუნველყოფენ “რადიკალური მებრძოლების” იდლიბიდან განდევნას, მათ შორის, ალ ნუსრას ფრონტის, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის შენაერთები, ამბოხებულების მიერ დაკავებული ბოლო ტერიტორიის-იდლიბის, იერიშით აღებას და განადგურებას გეგმავდნენ. დამასკოს მუქარის ფონზე, ერდოღანი მოსალოდნელი სისხლისღვრის შესახებ საუბრობდა. ორშაბათს, მან განაცხადა, რომ “მსოფლიოს ყურადღება სოჭზე იყო მიპყრობილი” ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

მოლაპარაკებებს ამერიკული მხარეც გამოეხმაურა. პენტაგონის გამართულ ბრიფინგზე, დღეს არმიის პოლკოვნიკმა შონ რაიანმა, განაცხადა, რომ ამერიკის მხარეს პოლიტიკური გადაწვეტის მიღწევა სურს ადგილობრივების სიცოცხლის გადასარჩენად.

"თუ [ამ შეთანხმებას] შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. თუმცა, ეს რუსეთის და თურქეთის გადაწვეტილება იყო, და კოალიცია არ ყოფილა ჩართული".

ცოტა ხნის წინ, თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტ რობერტ ეშლიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებით შესაძლოა დამატებითი სამხედრო ქმედებების შეჩერება მომხდარიყო.

“მათი დისკუსია პოტენციურად ნაკლებ კინეტიკურ [სამხედრო ქმედებებზე დაფუძნებული] ქმედებებს განაპირობებს”, - განაცხადა მან. “[სამხედრო კამპანია] გრძელვადიან პერიოდში სირიისთვის კარგს არ მოიტანს, რადგან ერთადერთი, რაც ამით მიიღწევა ადამიანთა ტანჯვის გახანგრძლივებაა”, - თქვა მან. “ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მხარეების და ფრაქციების გაერთიანება მშვიდობის და ნორმალიზების მისაღწევად”, - დაამატა მან.

იდლიბის ანკლავში დაახლოებით 3 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქეა მომწყვდეული ათიათასობით ამბოხებულ მებრძოლთან ერთად. ამბოხებულთა შორის არიან ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯიჰადისტები და ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები.

ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმების შეწყვეტის შესახებ რუსეთსა და სირიის ძალებს შორის შეთანხმება მალე იქნებოდა მიღწეული.

სოჭის შეხვედრა ერდოღანის დიპლომატიურ წარმატებად აღიქმება.

“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წარმატებაა, რადგან ახალი განრიგი გვეუბნება, რომ 15 ოქტომბრამდე დემილიტარიზებული ზონიდან მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება”, - განაცხადა ყოფილმა თურქმა დიპლომატმა აიდინ სელჩენმა. “ფაქტი, რომ სოჭის შეხვედრა შედგა და რომ ორივე ლიდერი ერთნაირი ხედვით გამოირჩევა, აჩვენებს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ჯერ ისევ ძალზედ აქტიურია”, - განაცხადა მან.

იდლიბისთვის დროის მოგება ანკარის მთავარი პრიორიტეტი იყო.

“[შეთანხმება] იდლიბის საკითხზე არა-სამხედრო გადაწყვეტის მისაღწევად მეტ დროს იძლევა”, - ამბობს სინან ულგენი, ედამის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ანკარა შიშობდა, რომ იდლიბზე თავდასხმის შემთხვევაში თურქეთის საზღვარს ასობით ათასობით დევნილი გადაკვეთდა. თურქეთს, ამ დროისთვის, სამ მილიონზე მეტი სირიელი დევნილი აფარებს თავს. ერდოღანის თქმით, ქვეყანას მეტი იძულებით გადაადგილებული პირის მიღება არ შეუძლია.

დამასკო, მოსკოვის მხარდაჭერით, აცხადებს, რომ იდლიბის პროვინცია ტერორიზმის ცენტრია და მთელს ქვეყანას უქმნის საფრთხეს.

თეირანში გამართულ სამიტზე, ერდოღანმა პუტინსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შესთავაზა, რომ თურქეთი განაცალკევებდა ტერორისტებს ამბოხებულებისგან. თუმცა პუტინმა შეთავაზება უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხარს დაპირისპირებულ ჯგუფებს უჭერენ, ანკარა და მოსკოვი თეირანთან სირიის სამოქალაქო ომის დასრულების საკითხზე თანამშრომლობს. ყაზახეთის დედაქალაქში დაწყებული პროცესი, ბრძოლის ველზე არსებული საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა.

სირიის მოლაპარაკებებში თურქულ-რუსული ტანდემი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიუთითებს, რაც თურქეთის ნატოს მოკავშირეებს აღელვებთ.

“თუ იდლიბში [სამხედრო] ოპერაციას ვიხილავდით, ეს რუსეთისადმი თურქეთის ნდობას შეარყევდა”, - აცხადებს ულგენი.

მიმომხილველები ამბობენ, რომ პუტინის მიერ ერდოღანის პოზიციის გათვალისწინება სავარაუდოდ მისი უფრო დიდი სტრატეგიული მიზნებით არის განპირობებული, რაც ერდოღანის კეთილგანწყობის მოპოვებით ნატოს მოკავშირეებს შორის უთანხმოების გაღვივებას გულისხმობს.

“სოჭის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში ჩავა”. - აბობს სელჩენი. “და შესაძლოა პუტინი ეცადა ურთიერთობის დატკბობას, რათა თურქეთი ამერიკისკენ არ გადახრილიყო”, - ამბობს ის.

ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია. ორი ქვეყნის შეხედულებები ბევრ საკითხზე განსხვავდება. თუმცა მათი პოზიციები ემთხვეოდა დამასკოს მუქარის და ასადის რეჟიმის მხრიდან იდლიბზე ოპერაციის წინააღმდეგ.

ანკარამ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა ამბოხებულების მიერ დაკავებულ პროვინციაში. ირანთან შეთანხმების შემდეგ ანკარამ იდლიბში 12 სამხედრო სამაკვირვებლო პუნქტი განათავსა.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სამაკვირვებლო პოსტები ტანკებით და მძიმე არტილერიით იქნა გამაგრებული.

“ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს სირიაში”, - განაცხადა ერდოღანმა ორშაბათს, პუტინთან შეხვედრამდე. “მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ტერორისტებთან გამკლავება, მნიშვნელოვანი საკითხებია”. - თქვა მან.

შეიარაღებული ძალები თურქეთის იდლიბის საზღვარზეცაა წარმოდგენილი, მათ შორის შორი-რადიუსის არტილერიით.

“მოსკოვის მიზანი თურქეთსა და დამასკოს შორის დაპირისპირების საფრთხის თავიდან აცილება იყო”, - ამბობს სელჩენი.

სავარუდოდ, სოჭის შეთანხმება იდლიბის საკითხის გარშემო დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის გზაზე დროს მოიგებს. თუმცა მიმომხილველები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, თუ რა მოხდება მომავალი ერთი თვის განმავლობაში იდლიბში”, - ამბობს სელჩენი. “როგორ მოახერხებს თურქეთი შეაჩეროს დაჯგუფება ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი (ალ ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი) ბრძოლის გაგრძელებისგან? ეს თურქეთისთვის ძალზედ რთული საქმეა. და ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როგორ მიაღწევენ ისინი ამას. ამიტომ მე ჯერ ისევ სიფრთხილით ვეკიდები ამ საკითხს”, - ამბობს ის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG