ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის მერის არჩევნები: ვინ არის რეალურად გამარჯვებული?


სერგეი სობიანინმა ხმების 51 პროცენტი დააგროვა, თუმცა ბევრისთვის ის მაინც წაგებულია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00
ბმული

მოსკოვის მერის არჩევნებში ალექსეი ნავალნი დამარცხდა. თუმცა რუსეთში ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები ნავალნისთვის გამარჯვების ტოლფასი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის საარჩევნო კამპანია ბილბორდების, ბანერების და სატელევიზიო სარეკლამო რგოლების გარეშე ჩატარდა, საარჩევნო საქმიანობაში 14 ათასმა ახალგაზრდა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ლილია შევცოვა ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის ამერიკული სტილის საარჩევნო კამპანიამ რუსეთის პოლიტიკა შეცვალა:

„ამ არჩევნებში ნავალნი გამარჯვებულია, არავის ეგონა, რომ ის ხმების 27 პროცენტს დააგროვებდა. ნავალნის გარშემო ის ელექტორატი შეიკრიბა, რომელიც მომავალში რუსეთის ახალი პოლიტიკური თაობა იქნება.“

კვირას, ათი წლის მანძილზე პირველად მოსკოველებმა დედაქალაქის მერი აირჩიეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატი ოლგა შუკოვსკაია ამბობს, რომ ნავალნის თანამედროვე და დემოკრატიული ხედვა მას ძალიან მოსწონს:

„მე ხმა ნავალნის მივეცი, რადგან მიმაჩნია, რომ იგი ერთადერთია, ვინც ჩემს უფლებებს დაიცავს . ეს უფლებები კი დღეს მე არ გამაჩნია.“

კონსტანტინ ბორიატსკი რუსი ბიზნესმენია:

„ ვხედავ, რა შეცდომებს უშვებს ახლანდელი მერი. მინდა, მთავრობამ ოპოზიციას მოუსმინოს და საშუალება მისცეს , საკუთარი აზრი გამოხატოს. მჯერა, რომ მათ ბევრი კარგი იდეა აქვთ.“

სერგეი სობიანინი მოსკოვის მერად სამი წლის დაინიშნა. პირველ რაუნდში ხმების 51 პროცენტის დაგროვებამ მას გამარჯვება მოუტანა, თუმცა ბევრისთვის რუსეთში სობიანინი მაინც წაგებულია.

ლილია შევცოვა ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„51 პროცენტი კრემლის კანდიდატისთვის ძალიან ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა გამარჯვებისთვის ყველა ფანდი და ბერკეტი იხმარა, ამაზე მეტი ხმა მაინ მაინც ვერ დააგროვა.“

თუმცა მოსკოველების ნაწილი ფიქრობს, რომ სერგეი სობიანინი 12 მილიონიან მოსკოვს მაინც კარგ მენეჯერობას უწევს.

ელენა ტოიაკოვა მოსკოვში ერთერთი ბანკის თანამშრომელია:

„სობიანინმა მოსკოვში ძალზე ბევრი რამ შეცვალა. ვხედავ, რომ ქალაქი აშკარად უკეთესობისკენ მიდის.“

ტატიანა ალექსეევნა მოსკოვის ერთერთი საშუალო სკოლის პედაგოგია:

„მოსკოვი ახლა ბევრად უფრო ლამაზი და სუფთაა. არის მინუსები, მაგრამ დადებითი მხარე ბევრად უფრო მეტია. ამიტომ მხარს სერგეი სობიანინს ვუჭერ. მჯერა, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება.“

მოსკოვში მერის პოსტი დიდი პოლიტიკური ავანსცენის ტრამპლინად ითვლება. თუმცა არჩევნებში 51 პროცენტით გამარჯვებამ შესაძლოა სერგეი სობიანინის მომავალი შეიწიროს.

ანალიტიკოსის ლილია შევცოვას აზრით;

„სობიანინი პერსონალურად დამარცხდა. მან ვერ შეძლო ნავალნის ღირსეული მეტოქე გამხდარიყო, რითაც ვერც პუტინის ფავორიტობა გაამართლა.“

მიუხედავად ამისა, დღესდღეობით კრემლი მაინც კმაყოფილია, რადგან მოსკოვი ჯერჯერობით მათთვის საიმედო ხელშია.
XS
SM
MD
LG