ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენი ისევ რუსეთშია


ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა შესაძლოა გართულდეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00
ბმული

ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენი ჰონგ კონგიდან მოსკოვის აეროპორტ შერემეტევოში ჩაფრინდა. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა სნოუდენზე ძებნა გამოაცხადა და მას პასპორტი გაუუქმა. სნოუდენი კვირას მოსკოვში რუსეთის ვიზის გარეშე ჩაფრინდა, რის გამოც მას ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს და ღამის გათენება აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში მოუწია. მოსკოვიდან სნოუდენი სავარაუდოდ კუბაში გაფრინდება.
ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოსკოვში ჯეიმს ბრუკი სნოუდენის მგზავრობის სავარაუდო გეგმებზე შემდეგს აცხადებს:

„რამდენადაც ჩვენ ვიცით, ის შეიძლება ვენესუელაში ან ეკვადორში გაფრინდეს. მგზავრობის ორგანიზებაში მას დახმარება ვიკილიქსის თანამშრომლებმა გაუწიეს. მოგეხსენებათ, ჯულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება. შერემეტევოს აეროპორტში სნოუდენის ჩასვლის შემდეგ რუსეთში ეკვადორის ელჩის მანქანით მივიდა, თუმცა მოგვიანებით მანქანამ აეროპორტის ტერიტორია სნოუდენის გარეშე დატოვა.“

სნოუდენის რუსეთში ჩასვლა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს. მიუხედავად იმისა, რომ სირიის საკითხზე რუსეთი და ამერიკა საწინააღმდეგო პოზიციებს ინარჩუნებენ, საერთაშორისო და ორმხრივ საკითხებში ისინი პარტნიორებად რჩებიან. მათ შორის ურთიერთობის გამოსწორების იმედი ბოსტონის მარათონის ამფეთქებელი წარმოშობით ჩეჩენი ძმები ცარნაევების საქმის გამოძიების შემდეგ გაჩნდა. მაშინ რუსეთმა ამერიკელ გამომძიებლებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. სნოუდენის საქმემ კი ეს იმედი კვლავ გააქრო:

„რუსეთში მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან მოსწონთ. აეროპორტში უამრავი ჟურნალისტი იყო. სნოუდენის საქმე მოსკოვს იმის საშუალებას აძლევს, რომ განაცხადოს, რომ ამერიკა ცუდი ქვეყანაა, სადაც მთავრობა ადამიანებს უთვალთვალებს. ეს ამერიკას უარყოფით იმიჯს უქმნის. რუსეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას დაანახოს ის, რომ ძლევამოსილმა ამერიკამ ერთი ადამიანის დაკავება ვერ შეძლო.“

რუსეთის მოსახლეობაში გამოიკვეთება მოსაზრება, რომ მათი ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ზე-სახელმწიფო იყო, ძველ სტატუსს უბრუნდება - ან ყოველ შემთხვევაში რეგიონალური ძალის სტატუსს მაინც ნამდვილად ინარჩუნებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით გავლენის მოპოვებას ცდილობს, რაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ განსაკუთრებით გამოიკევეთა. პუტინმა რუსეთის რეპუტაციისა და გავლენის აღდეგენა საკუთარ მისიად დაისახა, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ეგრეთწოდებულ, პუტინის დოქტრინის სახელითაა ცნობილი. ამერიკელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი სნოუდენს ამერიკას არ გადასცემს და ამით საკუთარ სიძლიერეს გაუსვამს ხაზს.

მოსკოვში ვიზიტი თავად სნოუდენისთვის კი მის ისედაც რთულ საქმეს კიდევ უფრო ართულებს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე. მას აეროპორტში აუცილებლად გაესაუბრებოდნენ რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლები და სნოუდენი მათ ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოს გაუზიარებდა. ეს კი ამერიკის კანონმდებლობის თანახმად ქვეყნის ღალატია.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სნოუდენი კვლავ მოსკოვში იმყოფება და სამხრეთ ამერიკისკენ ჯერ არ გაფრენილა. მისი დაპატიმრების მოთხოვნა ამერიკასა და ტრადიციულად მის მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემა ხდება. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა სნოუდენს პასპორტი გაუუქმა, ნებისმიერ ქვეყანაში მისი შეშვება მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რადგან უპასპორტოდ და უვიზოდ ქვეყანაში შესვლის ლეგალური საფუძველი არ არსებობს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG