ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ოფიციალური წრეები სნოუდენის შესახებ


ობამას ადმინისტრაცია ედვარდ სნოუდენის დაპატიმრებას, ექსტრადირებას და გასამართლებას გეგმავს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00
ბმული

ივნისის დასაწყისში თეთრ სახლში მიმდინარე რამდენიმე სკანდალს კიდევ ერთი დაემატა. გასაჯაროვდა ინფორმაცია მასშტაბური სატელეფონო და ინტერნეტ-თვალთვალის შესახებ. მოგვიანებით, გამოჩნდა ედვარდ სნოუდენიც, შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, რომელმაც ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მედიას ცნობები სწორედ მან მიაწოდა.

სნოუდენი უმალვე საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკაში მასზე საიდუმლო ინფორმაციის გაცემისთვის ძებნა გამოცხადდა. სნოუდენმა ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მიერ ინტერნეტით მოწყობილ ინტერვიუში თქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობისგან სამართლიანი პროცესის იმედი აღარ აქვს, რადგან ის უკვე ღიად გამოაცხადეს დამნაშავედ სახელმწიფო ღალატში. თუმცა, იქვე დასძინა, რომ „დიკ ჩეინისგან მოღალატის დაძახება ამერიკელისთვის უდიდესი პატივია, რაც კი მას შეიძლება როდესმე ერგოს“.

როგორ რეაგირებენ ამ ყოველივეზე შეერთებული შტატების ოფიციალური წრეები? ობამას ადმინისტრაცია მის დაპატიმრებას, ექსტრადირებას და გასამართლებას გეგმავს. ჰონგ კონგმა, სადაც სნოუდენი იმ მომენტში იმყოფებოდა, უარი თქვა მისთვის საბუთების გაფორმებაზე და უფლება მისცა რუსეთში გაფრენილიყო.

ისე ჩანს, რომ ის მოსკოვიდან კიდევ ერთ გადაფრენას გააკეთებს. ბევრი ფიქრობს, რომ კუბაში გაემგზავრება. ვიცით, რომ მოსკოვიდან კუბაში რეისებია დანიშნული. თითოეული ეს ქვეყანა მტრულად არის შეერთებული შტატების მიმართ განწყობილი“- განაცხადა ტელეკომპანია „ენ-ბი-სისთან“ ინტერვიუში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა. ის წარმომადგენელთა პალატაში დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს. როჯერსის თქმით, ობამას ადმინისტრაციამ ლეგალურად არსებული ნებისმიერი ღონე უნდა იხმაროს, რომ სნოუდენი ამერიკაში დააბრუნოს და გაასამართლოს.

„მისი დაჭერა გვსურს და გასასამართლებლად დაბრუნება“ - აცხადებს დემოკრატი სენატორი დაიან ფეინსტაინი და დასძენს, რომ სნოუდენს პოტენციურად მეტი საიდუმლოს გამჟღავნების შესაძლებლობა აქვს და ის სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ.

ოფიციალური პირების და კანონმდებლების უმრავლესობა თვლის, რომ სნოუდენმა უდიდესი ზარალი მიაყენა ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, რობერტ მიულერი მიიჩნევს, რომ მთავრობის სათვალთვალო პროგრამების გამოაშკარავება ქვეყნის უშიშროების ინტერესებისთვის დიდი დარტყმა იყო. „ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი მიაყენეს და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირი დავაკავოთ“ - აცხადებს ფედერალური ბიუროს დირექტორი.

„ის, რაც სნოუდენმა გაამჟღავნა, გამოუსწორებელი და მნიშვნელოვანი ზარალია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის“ - ამბობს გენერალი კით ალეგზანდერი, ეროვნული უშიშროების სააგენტოს თავმჯდომარე.

ლინდსი გრემი, რესპუბლიკელი სენატორი, სნოუდენის საქციელის ინფორმაციის გამჭვირვალობის და მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის ჭრილში განხილვის კატეგორიული წინააღმდეგია.

„თავისუფლების მარშრუტი არა მგონია ჩინეთზე, რუსეთზე და კუბაზე გადიოდეს. იმედი მაქვს, დედამიწის დასასრულამდე გავყვებით მას“ - აცხადებს სენატორი.

სნოუდენი საჯარო განცხადებებში დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ერთადერთი მიზანი, რაც მას ამოძრავებდა, იყო სიმართლის გამჟღავნება ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების მიერ განხორციელებული სათვალთვალო პროგრამების სრული მასშტაბის შესახებ.
XS
SM
MD
LG