ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენი „შერემეტიევოს“ აეროპორტს აფარებს თავს


მას შემდეგ, რაც სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, სნოუდენი ივნისში ამერიკიდან გაიქცა

ორგანიზაცია-„ვიკილიკსის“ ადვოკატმა სარა ჰარისონმა ედვარდ სნოუდენის სახელით დოკუმენტები მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს გადასცა. „შერემეტიევოს“ სნოუდენი ერთ კვირაზე მეტია აფარებს თავს.

მას შემდეგ, რაც სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, სნოუდენი ივნისში ამერიკიდან გაიქცა. კერძოდ, მიდი ქმედების შედეგად გამჟღავნდა ამერიკის ხელისუფლების მიერ ქვეყნის შიგნით და უცხოეთში წარმოებული სატელეფონო და ინტერნეტ თვალთვალის პროგრამების არსებობა.

პოლიტიკურ თავშესაფარს ამჯერად სნოუდენი, სხვა ქვეყნებს შორის, პოლონეთს, გერმანიას, ისლანდიას, ავსტრიასა და ეკვადორს თხოვს. თუმცა ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ სნოუდენი რომელიმე აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა იყოს რათა თავშესაფარი ფიზიკურად მოითხოვოს.

ცნობილია, რომ სნოუდენმა თავშესაფრის მიღების მოთხოვნით ინდოეთსაც მიმართა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამ საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ის [საიდ აკბარუდინი] ადასტურებს, რომ მოსკოვში არსებულმა ინდოეთის საელჩომ მართლაც მიიღო სნოუდენის შეტყობინება და იგი თავშესაფრის მიღების თხოვნას შეიცავდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ ამ თხოვნის დეტალური გაანალიზების შემდეგ მასზე უარი თქვა.

თავის პირველ განცხადებაში რუსეთში ჩასვლის შემდეგ, სნოუდენმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდნეტი ბარაკ ობამა ცდილობს მსოფლიოს ქვეყნები დაარწმუნოს რათა მას თავშესაფარი არავინ გადასცეს. სნოუდენმა, ამასთან უკვე გამოიხმო საკუთარი მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლებისგან, სადაც იგი ოფიციალურ მოსკოვს პოლიტიკური თავშესაფრის უფლებას თხოვდა. სნოუდენმა, სავარაუდოდ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა რაც მან პრეზიდენტ პუტინის განცხადების შესახებ შეიტყო. თუ სნოუდენი კარგად მოიქცევა და შეწყვეტს საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას რუსეთი თავშესაფრის გადაცემის საკითხს განიხილავს-ო, უთქვამს პუტინს.

ამავე დროს, რუსეთის პირველი პირი აცხადებს, რომ მას სნოუდენის, ჯაშუშობის ბრალდებაზე პასუხისგებაში მიცემის მიზნით ამერიკაში გაშვება არ სურს.

გუშინ, მოსკოვში ვლადიმირ პუტინი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა სნოუდენის საკითხიც განიხილეს, თუმცა მადურომ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის თხოვნა თავშესაფარზე ვენესუელას მიღებული არ აქვს.

აქვე, მადურომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო და ჰუმანიტარული კანონმდებლობის ფარგლებში სნოუდენს დაცვის უფლება აქვს. 23 ივნისს, ჰონგ-კონგიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ სნოუდენმა გაფრენა ჯერ სავარაუდოდ კუბის, შემდეგ კი ვენესუელის მიმართულებით დაგეგმა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ჩიხშია შესული.

„ვიკილიკსის“ ცნობით, თავშესაფრის მიღების მოთხოვნა შევიდა ბოლივიის, ბრაზილიის, ჩინეთის, კუბის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, ჰოლანდიის, ნიკარაგუის, ესპანეთის ხელისუფლებებში.

ამ ფონზე, პოლონეთი უერთდება ამერიკის რამდენიმე მჭიდრო ევროპელი მოკავშირის რიგებს, რომლებიც ვაშინგტონისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ ევროკაშირის კომუნიკაციების მოსმენების გამო. ეს ინფორმაცია სწორედ ედვარდ სნოუდენის საქმიანობის შედეგად გამჟღავნდა.
XS
SM
MD
LG