ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ყოველი მეოთხე გარდაცვლილი ადამიანი თამბაქოს მსხვერპლია


საქართველოში თამბაქოს გაყიდვიდან ბიუჯეტში შესული თანხა იმის ნახევარიც არ არის, რასაც სახელმწიფო თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე ხარჯავს ყოველწლიურად.

1964 წელს ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ლუთერ ტერიმ პირველი სამეცნიერო კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც მოწევა ფილტვის კიბოსთან დააკავშირა.

50 წლის შემდეგ იმავე სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის ლუშნიაკმა რიგით 32-ე ანგარიში გამოსცა, რომელიც ამბობს, რომ თამბაქო იმაზე მავნებელია, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ანგარიში ითხოვს თამბაქოს კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას, სიგარეტის ფასის გაზრდას და დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას. კვლევა იმის დადგენასაც ცდილობს, გაუადვილდება თუ არა საზოგადოებას სიგარეტზე თავის დანებება მასში დამოკიდებულების გამოწვევი ნივთიერებების, მათ შორის, ნიკოტინის დონის შემცირებით. კვლევაში რამდენიმე სიახლეცაა:


„დღემდე ვიცოდით, რომ მოწევა იწვევს დიაბეტს, ართრიტს, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითებას, ზრდის ტუბერკულოზის საფრთხეს. სიგარეტის მოწევის შედეგად გამოწვეული კიბოს სახეობების გრძელ სიას ახლა მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბოც დაემატა,“ განაცხადა ლუშნიაკმა.

სიგარეტის მოწევა ადამიანის იმუნიტეტსაც აქვეითებს, რის გამოც მწეველები უფრო ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით.

საქართველოში მოწევის მხრივ კატასტროფული ვითარებაა. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. საქართველოში თითქმის 1.7 მილიონი ადამიანი ეწევა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მოზარდებში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ვითარებას პესიმისტურად აფასებს. მისი თქმით, 2003 წლიდან საქართველოს აქვს კანონი თამბაქოს შესახებ, რომელიც ზღუდავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებას. 2005 წელს ქვეყანა ასევე შეუერთდა ჩარჩო კონვენციას თამბაქოს კონტროლის შესახებ და 2008 წელს ეს კანონი დაიხვეწა. კანონის თანახმად, დახურულ შენობა-ნაგებობაში მოწევა შეზღუდულია, საგანმანათლებლო, სპორტულ, სამედიცინო დაწესებულებებში მოწევა აკრძალულია.

გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არც-ერთი ნორმა სრულყოფილად არ მოქმედებს:

„არ მოქმედებს იმიტომ, რომ ვისაც ევალება მისი აღსრულება - ეს ძირითადად ძალოვანი სტრუქტურები გახლავთ და ფინანსთა სამინისტრო - მათ მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არ არის მათი პრეროგატივა და მთავარი დანიშნულება.“

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა სიგარეტზე თავის დანებების ხელშეწყობას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. მაგალითად, ამერიკაში თამბაქოს პროდუქტებზე ფასები სისტემატურად იზრდება. ნიუ იორკში უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სიგარეტის ფასმა რამდენჯერმე მოიმატა და დღეს ერთი კოლოფი სიგარეტი იქ საშუალოდ 12 დოლარი ღირს. შესაბამისად, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ნიუ იორკის შტატის პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და 2012 წელს იქ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა სიგარეტს თავი თამბაქოს მაღალი ფასის გამო დაანება.

საქართველოში სიგარეტის ფასი სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალია. ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტორომ განაცხადა, რომ თამბაქოს აქციზის ფასის მომატების გამო, სიგარეტის ფასმა შესაძლოა უმნიშვნელოდ მოიმატოს. ამ მატებაში ფასის 5-დან 20 თეთრამდე ზრდა იგულისხმებოდა, რაც სინამდვილეში, არ წარმოადგენს ზრდის ისეთ მაჩვენებელს, რომელმაც შესაძლოა ადამიანს სიგარეტზე თავის დანებებისკენ უბიძგოს.

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ინდუსტრიაა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, საქართველოს შემთხვევაში ვითარება პარადოქსულია. თამბაქოს გაყიდვიდან ბიუჯეტში შესული თანხა იმის ნახევარიც არ არის, რასაც სახელმწიფო თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე ხარჯავს ყოველწლიურად. გიორგი ბახტურიძე აცხადებს:

„თუ თამბაქოს ინდუსტრიას შემოაქვს 1 ლარი, ბიუჯეტში უნდა შემოდიოდეს 2 ლარი. 1 ლარი უკვე აქედანვე დანაკარგი გახლავთ. ამასთან, სახელმწიფო ხარჯავს 2 ლარს თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, ხოლო ერთ ლარს საქართველოს ყოველი მოქალაქე იხდის ისეთი დაავადებების მკურნალობის ხარჯების დასაფარად, რასაც სახელმწიფო ვერ ფარავს. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 50 წლის წინ მოწევის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო სწორედ ამ მიზეზის გამო.“

თუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწეველთა რაოდენობა არ შემცირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2030 წლისთვის ყოველ 4 წამში ერთხელ ერთი ადამიანი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებით დაიღუპება.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანი იღუპება. ანუ ქვეყანაში ყოველი მეოთხე სიკვდილი თამბაქოს უკავშირდება. თუ ქვეყანაში არსებული სტატისტიკა არ შეიცვალა 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.
XS
SM
MD
LG