ვაშინგტონში ყოველ წელს სმითსონის ფოლკლორის ფესტივალი იმართება, რომლის დროსაც ამერიკისა და მსოფლიოს ხალხების კულტურისა და ტრადიციების დემონსტრირება ეწყობა.
ჯეიმს დოიჩი სმითსონის ინსტიტუტის კულტურისა და ფოლკლორის ცენტრის კურატორია. მისი თქმით:
„ამ პროგრამაზე უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ. გაკეთებული გვაქვს პროგრამები აზიის ქვეყნებზე. მაგალითად, 2007 წელს მოვაწყეთ ფესტივალი, რომლის დროსაც ხუთი აზიური ქვეყნის - ჩინეთის, ვიეტნამის, ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯას - კულტურა და ტრადიციები გამოვფინეთ.“
ფესტივალი კაპიტოლიუმის შენობისა და ვაშინგტონის მონუმენტს შორის მოთავსებულ მდელოზე იმართება. ყოველი პროგრამა ღია ცის ქვეშ წარმოადგენს ქვეყნების ნაციონალურ მუსიკას, ხელოვნებას და სამზარეულოს. ამასთან ერთად, იმართება ლექციებიც, რომლებიც ამათუიმ ქვეყნის კულტურას უკეთესად აცნობს მსმენელს.
მუსიკალური პროგრამები ყველაზე პოპულარულია. ბევრი დამთვალიერებელი ცდილობს მუსიკის მოსმენასთან ერთად ნაციონალურ ცეკვასაც დაეუფლოს. კორდოლა დაოლი წარმოშობით ნაპალიდანაა და ნეპალურ ცეკვას საკუთარ სტუდიაში ასწავლის.
„ჩვენ ოთხ ძირითად სტილს ვასწავლით ჩვენს სტუდიაში - ტიბეტური და ნეპალური ბუდისტური ცეკვა, ჩრდილოეთ ინდური კლასიკური ცეკვა კატაკი, ნეპალური ეროვნული ცეკვა და რა თქმა უნდა ბოლივუდი. ბოლივუდის გარეშე არაფერი გამოვა.“
კორდოლას თქმით, ნეპალური ცეკვების ნაწილი, რომელსაც ის ასწავლის შეიძლება დროთა განმავლობაში დაიკარგოს კიდეც:
„ჩვენ ხელოვნებას და კულტურას უდიდეს პატივს ვცემთ და გვინდა შთამომავლობას გადავცეთ ყველაფერი. ბუდისტური ცეკვების ნაწილი ნეპალშიც კი აღარ ისწავლება. ამიტომ ძალიან გვიჭირს მასწავლებლების პოვნა.“
ჩაის კარავში ეგზოტიკური კერძების მომზადებას ასწავლიან. ინდური კერძების მზარეულის თქმით:
„ჩემს ქვეყანაში თევზს ბანანის ხის ფოთოლში ახვევენ და ისე წვევენ. ასე თევზი ძალიან გემრიელია. მისთვის საწებელის მოსამზადებლად მაწონს პიტნას, ქინძს, ხახვს, ლიმნის წვენს და ნიორს ვამატებთ.“
სმითსონის ინსტიტუტის კურატორი ბატონი ჯეიმს დოიჩი ამბობს, რომ ინსტიტუტი ასეთ ღონისძიებებს უკვე 40 წელია აწყობს.
„ეს ყოველწლიური ღონისძიება 1967 წლიდან იმართება. ფესტივალს საფუძველი დილონ რიპლიმ ჩაუყარა, რომელიც ინსტიტუტის დირექტორი იყო 1960-იან წლებში. მას უნდოდა, რომ მუზეუმები საზოგადოებრივი ცხოვრების უფრო აქტიური და ცოცხალი ნაწილი გამხდარიყო. პირველი ფესტივლის შემდეგ, ათობით სხვადასხვა თემატიკა გვაქვს გამოფენილი.“
მისი თქმით, წლევანდელი ფესტივალი მსოფლიოს კულტურების საინტერესო ნაერთს წარმოადგენს და აზიელი ამერიკელების კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს:
"ხშირად გვეკითხებიან რამდენი ქვეყანაა წარმოდგენილი ჩვენს ფესტივალზე. შეიძლება ქვეყნების რაოდენობა დიდი იყოს, მაგრამ წარმოდგენილი ძირითადი ქვეყანა შეერთბული შტატებია, სადაც უამრავი სხვადასხვა კულტუტა არის გაერთიანებული.“
მომავალ წელს სმითსონის ფოლკლორის ფესტივალი კოლუმბიის კულტურაზე გააკეთებს აქცენტს და ამასთან მშვიდობის კორპუსის დაარსებიდან 50 წლისთავსაც აღნიშნავს.