ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი სკრიპალების საქმეში კიდევ ერთ რუსს ადანაშაულებს


კადრი "RT" - ის ინტერვიუდან

ბრიტანელი გამომძიებლები ამბობენ, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე - დაზვერვის სამსახურის ოფიცერი იყო ჩართული. მარტში რუსეთის ყოფილი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის ნერვული აგენტით მოწამვლის საქმეში ბრიტანეთმა უკვე დასდო ბრალი რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლების მომხდარის წინ ჩავიდნენ ქვეყანაში და ქალაქ სალისბურში და ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დატოვეს დიდი ბრიტანეთი.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მესამე პირი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ნერვული აგენტით თავდასხმის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები სწორედ მან ჩაატარა. თუმცა, ბრიტანეთის პოლიცია ჯერჯერობით მის ვინაობას არ ამხელს.

აქამდე ბრიტანეთის პოლიციამ უკვე დაასახელა ორი პირის ვინაობა, რომლებიც ამ დანაშაულში არიან ბრალდებულნი. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, რუსლან ბაშირობი სინამდვილეში რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვეტერანი, გენერალი ანატოლი ჩეპიგაა. ის ელიტარულ ქვედანაყოფში იბრძოდა ავღანეთში, ჩეჩნეთსა და უკრაინაში. მოგვიანებით მან რუსეთის უმარლესი სამხედრო ჯილდოც კი მიიღო და 2014 წელს, ქვეყნის გმირის წოდება მიენიჭა. ჩეპიგა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამოიცნეს და ამტკიცებენ, რომ ის არის პირი, რომლის სახელი და ფოტოც ღია წყაროებში, სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა სიაშიც კი იძებნება.

კრემლის პროპაგანდისტული მედია საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსლან ბაშიროვი და ალექსანდერ პეტროვი უარყოფენ, რომ თავდასხმასთან რაიმე კავშირი ჰქონდათ და ამბობენ, რომ სალისბურში ისტორიული საკათედრო ტაძრის სანახავად ჩავიდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციას, მათ მიერ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ, სიყალბე და გამონაგონი უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG